ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი; მთები კი სპილენძისა იყო.

1

და მოვაქციე თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ოთხნი ეტლნი გამომავალნი საშუალ ორთა მთათასა და მთანი იყუნეს მთანი რვალისანი.

2 პირველ ეტლში წითელი ცხენები იყო, მეორე ეტლში შავი ცხენები; 2 და ეტლსა შორის პირველსა ცხენნი ხსედნი, და ეტლსა შორის მეორესა ცხენნი შავნი,
3 მესამე ეტლში თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში ამლაყები, ნისლისფერნი. 3 და ეტლსა შორის მესამესა ცხენნი თეთრნი, ეტლსა შორის მეოთხესა ცხენნი ჭრელნი და სინიბნი.
4 ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მლაპარაკობდა: რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? 4 და მიუგე და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: რაჲ არიან ესენი, უფალო?
5 მომიგო ანგელოზმა და მითხრა: ცის ოთხი სულია ესენი, იმ ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან. 5 და მომიგო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის და თქუა: ესე არიან ოთხნი ქარნი ცისანი, გამოვლენ წარდგომად უფლისა ყოვლისა ქუეყანისასა,
6 მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან. 6 რომლისა შორის იყვნეს ცხენნი შავნი ქუეყანასა ზედა ბღუარსა, და თეთრნი გამოვიდეს უკანა მათსა, და ხსედნი გამოვიდეს ქუეყანასა ჩრდილოსა,
7 ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს. უთხრა: წადით, მოიარეთ ქვეყანა! და მოიარეს ქვეყანა. 7 და ჭრელნი და სინიბნი გამოვიდეს და ზედ მოიხილვიდეს გარემოვლად ყოვლისა ქუეყანისა. და თქუა: წარვედით და გარემოვლეთ ქუეყანაჲ. და გარემოვლეს ქუეყანაჲ.
8 დამიყვირა და ასე და ელაპარაკა: შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში. 8 და აღიჴმო და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: აჰა, გამომავალთა ქუეყანასა ზედა ბღუარსა განუსუენეს გულისწყრომასა ჩემსა ქუეყანასა შორის ბღუარსა.
9 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 9 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:
10 აიღე ძღვენი გადასახლებულთაგან - ხელდაისგან, ტობიასგან, და იედაყიასგან და წადი დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში, სადაც ისინი მივიდნენ ბაბილონიდან. 10 მიიღე ტყუეობათაგან, მთავრობათაგან და პატივცემულთაგან მისთა და შემეცნებულთაგან მისთა და შეხჳდე შენ მას დღესა შინა სახიდ იოსია სოფონიაჲსისა, დამკჳდრებულისა ბაბილონს.
11 გამოართვი ვერცხლი და ოქრო, გააკეთე გვირგვინი და დაადგი თავზე იესო დეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს. 11 და მიიღო ვეცხლი და ოქროჲ, და შეჰქმნა გჳრგჳნი და დაადგა თავსა ზედა იისუ იოსედეკისსა, მღდელისა დიდისასა.
12 უთხარი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს. 12 და სთქუა მისდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მამაკაცი, აღმოსავალი სახელი მისი, და ქუეშე კერძო მისსა აღმოჰჴდეს და აღაშენოს სახლი უფლისაჲ
13 ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის. 13 და მან მიიღოს სათნოება და დაჯდეს და მთავრობდეს საყდარსა ზედა მისსა და იყოს მღდელი მარჯუენით მისსა და განზრახვაჲ მშჳდობით იყოს საშუალ ორთასავე.
14 გვირგვინი ჰქონდეს ხელემს, გობიას, იედაყიას და ხენ ცეფენიას ძეს სამახსოვროდ უფლის ტაძარში. 14 ხოლო გჳრგჳნი იყოს მოთმინეთა და საჴმართათჳს მისთა, და შემეცნებულთა მისთა, და მადლად ძეთა სოფონიასთა, და საფსალმუნებლად სახლსა შინა უფლისასა.
15 შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს, მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაგონებით გაიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას. 15 და შორიელნი მისგან მოვიდენ და აშენებდენ სახლსა შორის უფლისასა. და ცანთ, ვითარმედ უფალმან ყოვლისა მპყრობელმან, გამომავლინა მე თქუენდამი. და იყოს, უკეთუ მსმენელთა ისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე