ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

განაჩენი, სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს),

1

ნეშტი სიტყჳსა უფლისაჲ ქუეყანასა შინა სედრაქს და დამასკისა მსხუერპლი მას მით, რამეთუ უფალი ზედა ხედავს კაცთა და ყოველთა ტომთა ისრაჱლისათა

2 და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ტვიროსზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ. 2 და ემათ, საზღუართა შორის მისთა, ტჳროსი და სიდონი, მით, რამეთუ იზრახეს ფრიად.
3 აიშენა ტიროსმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით. 3 და აღაშენნა ტჳროსმან სიმაგრენი მისნი და დაიუნჯა ვეცხლი, ვითარცა მიწა და ოქროჲ, ვითარცა თიჴა გზისა.
4 აჰა, უფალი ცარიელზე დასტოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს; თავად კი ცეცხლში შთაინთქმება. 4 ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი: დაიმკჳდრნეს იგინი და დაჴადოს ზღუად ძალი მისი და იგი ცეცხლისა მიერ განილიოს.
5 იხილავს აშკელონი და შეეშინდება, ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი; გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი. 5 იხილოს ასკალონმან და შეეშინოს და ღაზამა შეელმეს ფრიად და აკკარონმან, რამეთუ ჰრცხუენა ქმნილსა ზედა მისსა და წარწყმდეს მეფე ღაზით დ ასკალონი არდამკჳდრებულ იქმნნეს.
6 უცხოთესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტავნობას; 6 და დაემკჳდრნენ სხუაჲ ნათესავნი აზოტეს შინა და დავამჴუა გინება უცხოტომთა.
7 პირიდან გამოვგლეჯ სისხლს და სისაძაგლეებს კბილებს შორიდან; ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება როგორც ერთი ათასეული იუდაში, ყეკრონი კი ებუსეველის მსგავსად შეირაცხება. 7 და აღვიღო სისხლი მათი პირისაგან მათისა და საძაგელებანი მათნი საშუალისაგან კბილთა მათთასა, ხოლო დაუშთენ ესენიცა ღმერთსა ჩუენსა და იყვნენ, ვითარცა ათასისთავი იუდაჲს შორის, აკკარონი, ვითარცა იებუსელი.
8 შემოვაკავებ ჩემს სახლს ლაშქრისგან დასაცავად, მიმსვლელ-მომსვლელისგან, და აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ამიერიდან ჩემი თვალით ვხედავ მას. 8 და მოუგუარო სახლსა ჩემსა აღმართებაჲ, არა სიარულად, არცა კუალადქცევა, და არა მივიდეს მათ ზედა არღა მერმე მდევნელი; მით, რამეთუ აწ ვიხილე თვალთა მიერ ჩემთა.
9 იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე. 9 იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ, ასული იერუსალჱმისაჲ. აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი მშჳდი, და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა.
10 ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე. 10 და მოსრას ეტლები ეფრემისაგან და ცხენები იერუსალჱმისაგან და მოისპოს მშჳლდი საბრძოლელი და სიმრავლე და მშჳდობა წარმართთაგან. და ემთავროს წყალთა ვიდრე ზღუადმდე და მდინარეთა მომვლელთა ქუეყანისათა.
11

შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან, სადაც წყალი არა დგას.

11

და შენ სისხლითა აღთქმისა შენისათა განავლინენ კრულნი შენნი მღჳმისაგან არმქონებელისა წყალსა.

12 დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ. 12 და დაისხნენ სიმაგრესა შინა კრულნი შესაკრებელისანი და ნაცვლად ერთისა დღისა მსხემობისა შენისა უკუნსცნენ მრჩობლნი
13 რადგან მშვილდივით მოვიზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს; აღვძრავ შენს შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ! 13 მით, რამეთუ მოგირთხენ თავისა ჩემისა მშჳლდად იუდა, გარდაუცუ, ეფრემ, და აღვადგენ შვილთა შენთა, სიონ, შვილთა ზედა ელლენთასა და გამოგიძევ შენ, ვითარცა მახჳლსა მბრძოლისასა,
14 უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი; ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში. 14 და იყოს უფალი მათ ზედა. და გამოვიდეს, ვითარცა ელვა, ისარი, და უფალმან ღმერთმან, ყოვლისა მპყრობელმან, ნესტჳსა მიერ დანესტოს და ვიდოდის ძრვისა მიერ ქადებაჲ მისი.
15 ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ; შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს; ღვინოსავით შესვამენ მათ სისხლს; აივსებიან სასხურებელ თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით. 15 უფალი, ყოვლისა მპყრობელი, შეეწევის ამათ, და განჰლევენ მათ და შთაჰფლვენ მათ ქვათა მიერ შურდულისათა და შესუმენ სისხლსა მათსა, ვითარცა ღჳნოსა, და აღავსებენ ფიალთა, ვითარცა საკურთხეველსა.
16 იხსნის მათ იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, როგორც თავისი ხალხის ფარას? რადგან გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე. 16 და აცხოვნეს იგინი უფალმან ღმერთმან დღესა შინა, ვითარცა ცხოვარნი, ერი მისი მით, რამეთუ ქვანი წმიდანი გორვენ ქვეყანასა ზედა მისსა,
17 ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რაზომ დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს - ხორბალი, ქალწულებს მაჭარი ააღორძინებს. 17 რამეთუ, რაჲცა სახიერ მისსა, და რაჲცა კეთილ მისსა იფქლი ჭაბუკიდთა და ღჳნოჲ მსულნელობი ქალწულთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე