ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნეტარია კაცი რომელმაც არ შესცოდა თავისი პირით და ცოდვის სევდამ არ დაამწუხრა.

   
2 ნეტარია, ვისაც არ არცხვენს თავისი სული და ვისაც არ დაუკარგავს სასოება.    
3 ძუნწი კაცისათვის სიმდიდრე არ არის სიკეთე; რად უნდა ქონება ბოროტ ადამიანს?    
4 ვინც თავის სულს აკლებს და ისე აგროვებს, სხვებისთვის აგროვებს და მისი საუნჯით სხვანი დატკბებიან.    
5 საკუთარი თავისთვის ბოროტი ვისთვისღა იქნება კეთილი? ვერ გაიხარებს თავისი ქონებით.    
6 საკუთარი თავისთვის ბოროტისმყოფელზე უკეთური არავინაა; ესაა საზღაური მისი ბოროტებისათვის.    
7 თუკი სიკეთეს აკეთებს, გულმავიწყობით აკეთებს და ბოლოს გამოამზეურებს თავის ბოროტებას.    
8 უკეთურია, ვისაც შურიანი თვალი აქვს, პირს აბრუნებს და სძულს ადამიანები.    
9 თვალი ანგარებისმოყვარისა ვერ ძღება რაიმე წილით; ბოროტის უსამართლობა სულს აჭკნობს.    
10 უკეთური თვალი პურზეც მოშურნეობს და მისი სუფრა მუდამ მწირია.    
11 შვილო, შეძლებისამებრ კეთილი უყავი შენს თავს და უფალსაც ღირსეულად მიართვი ძღვენი.    
12 გახსოვდეს,რომ სიკვდილი არ დააყოვნებს და ჯოჯოხეთის აღთქმა არ გამოგცხადებია.    
13 ვიდრე აღესრულები, სიკეთე უყავი მეგობარს, გაუწოდე ხელი და შეძლებისამებრ მიეცი მას.    
14 ნუ მოიკლებ სიკეთის დღეს და წილი კეთილი ნატვრისა გვერდს არ აგივლის.    
15

განა გასაყოფად სხვას არ დაუტოვებ შენს მონაგარს და ნაჯაფარს - წილის საყრელად?

   
16 გაეცი და მიიღე, და ანუგეშე სული შენი, რადგან ჯოჯოხეთში ვეღარ იპოვი სიამეს.    
17 ყოველი ხორციელი ძველდება სამოსელივით, რადგან დასაბამიდან გადაწყვეტილია; სიკვდილით მოკვდები.    
18 როგორც მწვანე ფოთლებით დაბურული ხიდან ერთი ვარდება, ხოლო მეორე იშლება, ასევეა მოდგმა ხორცისა და სისხლისა: ერთი აღესრულება, მეორე კი იბადება.    
19 ყოველი ნაკეთობა ხრწნადია და ქრება, მასთან ერთად კვდება მისი შემქმნელიც.    
20 ნეტარია კაცი, რომელიც სიბრძნეს ეწაფება და ვინც თავისი გონიერებით მსჯელობს.    
21 ვინც თავის გულში მის გზებს მოიაზრებს, იგი შეიცნობს მის იდუმალებებს.    
22 მისდიე უკან მდევარივით და გზებზე ჩაუსაფრდი.    
23 ვინც მის სარკმელში შეიხედავს, ის მის კარებთანაც მოისმენს.    
24 ვინც მისი სახლის მახლობლად დაივანებს, ის ჩააჭედებს ლურსმანს მის კედლებში.    
25 მის ახლოს აღმართავს თავის კარავს და კეთილ სავანეში განისვენებს.    
26 მის ჭერქვეშ დასვამს თავის შვილებს და მის რტოებქვეშ დაიმკვიდრებს.    
27 მისით დაიფარავს თავს სიცხისაგან და მის დიდებაში იცხოვრებს.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე