ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი ოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ჭუჭყიან ქვაბს ჰგავს ზარმაცი და ყველა უსტვენს მის უპატიობას.

   
2 ხარის ნეხვსა ჰგავს ზარმაცი; ყოველი მისი ამღები ხელს იფერთხავს.    
3 მამის სირცხვილია უზრდელი ვაჟიშვილის ყოლა, ქალიშვილი საზარალოდ იბადება.    
4 გონიერი ასული ქმარს შეიძენს, ურცხვი კი მშობლის დარდია.    
5 უტიფარი ქალი არცხვენს მამასაც და ქმარსაც, და ორივესგან შეძულებული იქნება.    
6 რაღა უდროო დროს ამბის მოყოლა და რაღა მხიარული ჰანგი ტირილის ჟამს; წკეპლით წვრთნა კი ყოველთვის სიბრძნეა.    
7      
8      
9 რაღა ბრიყვის მასწავლებელი და რაღა ნამსხვრევების შემწებებელი, ან მძინარის გამღვიძებელი ღრმა ძილისაგან.    
10 გინდა ბრიყვისთვის გიამბნია ამბავი, გინდა მთვლემარისთვის. ბოლოს იკითხავს, რა იყოო?    
11 იტირე მკვდარი, რადგან მოკლებული აქვს ნათელი და იტირე ბრიყვიც, რადგან მოკლებული აქვს გონება; ნაკლებად იტირე მკვდარი, რადგან განისვენა, ბრიყვის სიცოცხლე კი სიკვდილზე უარესია.    
12 მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე, ბრიყვი და უღვთო - ყოველდღე, სანამ ცოცხალია.    
13 უგუნურთან ნუ მრავალსიტყვაობ და უმეცართან ნუ დადიხარ. მოერიდე, რათა უსიამოვნება არ შეგემთხვეს და არ წაიბილწო მასთან შეხლა-შემოხლისას. აარიდე მას თავი და სიმშვიდეს მოიპოვებ და აღარ შეგაწუხებს მისი უგუნურება.    
14 რა არის ტყვიაზე მძიმე? და რა არის სახელი მისი, თუ არ ბრიყვი?    
15

ქვიშის, მარილისა და რკინის ზოდის ზიდვა უფრო ადვილია, ვიდრე უგუნური კაცისა.

   
16 როგორც სახლის მტკიცედ შეკრული ხის სარტყელი მიწის ძვრისას არ დაირღვევა, ასევე გული, დაყრდნობილი გონივრულ რჩევაზე, არ შედრკება საფრთხეში.    
17 გონივრულ განსჯაზე დაფუძნებული გული ჩუქურთმაა გლუვ კედელზე.    
18 როგორც მაღალი საბჯენები ვერ გაუძლებს ქარს, ასევე მხდალი გული უგუნური განსჯისას ვერ გაუძლებს შიშს.    
19 დაჭრილი თვალი ცრემლებს გადმოღვრის, დაჭრილი გული კი გრძნობებს წარმოაჩენს.    
20 ფრინველებს დააფრთხობს გასროლილი ქვა და მეგობრის მაგინებელი დაარღვევს მეგობრობას.    
21 თუკი მეგობარზე იშიშვლე მახვილი, იმედს ნუ დაკარგავ, შეგიძლია უკან ჩააგო.    
22 თუ მეგობრის წინააღმდეგ პირი გახსენი, ნუ გეშინია, რადგან შეგიძლია შეურიგდე. მხოლოდ ძაგება, ქედმაღლობა, საიდუმლოს გამჟღავნება და მზაკვრული ქცევა განდევნის ყველა მეგობარს.    
23 მახლობლის ნდობა მის სიღატაკეში მოიპოვე, რათა მასთან ერთად იშვებდე მის კეთილდღეობაში. მასთან დარჩი გასაჭირის ჟამს, რათა მის მემკვიდრეობაში წილი დაიდო.    
24 ცეცხლის გაჩენამდე ღუმელში ალმური და კვამლია, ასევე სისხლის დაღვრამდე - ლანძღვა-გინება.    
25 მეგობრის დაცვისა არ შემრცხვება და მის წინაშე არ დავიმალები.    
26 თუკი მის გამო ბოროტება შემემთხვევა, ყველა, ვინც გაიგებს, მოერიდება მას.    
27 ნეტავ ეყენოს მცველი ჩემს პირს და ესვას გონიერების ბეჭედი ჩემს ბაგეებს, რათა მათგან არ დავეცე და არ დამღუპოს ჩემმა ენამ.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე