ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მე, მამას, მისმინეთ, შვილებო, და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ.

   
2 რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი დაამტკიცა ძეთა ზედა.    
3 მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმინდება    
4 და საუნჯის მაუნჯებელივით არის დედის მადიდებელი.    
5 მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი ვედრების ჟამს შესმენილ იქნება.    
6 მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს.    
7 როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს.    
8 საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე.    
9 რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს, წყევლა დედისა კი საძირკველითურთ აღმოფხვრის.    
10 ნუ განდიდდები მამაშენის უპატიობით, რადგან შენთვის პატივი არ იქნება მამის შეურაცხყოფა.    
11 რადგან დიდება კაცისა მამის პატივისცემაა და სირცხვილია შვილებისათვის შეურაცხყოფილი დედა.    
12 შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში.    
13 თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას,    
14 რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები.    
15 შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები.    
16

მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის განმარისხებელი დაწყევლილია უფლისაგან.

   
17 შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს.    
18 რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი.    
19 რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი.    
20 შენთვის მეტისმეტად საძნელოს ნუ ეშურები და შენს ძალაზე აღმატებულს ნუ გამოიკვლევ.    
21 რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება.    
22 შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია.    
23 რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება.    
24 გულქვას ბოროტი მიეგება საბოლოოდ და საფრთხის მოყვარული მასში ჩავარდება.    
25 გულქვას სალმობანი დაამძიმებს და ცოდვილი ცოდვაზე ცოდვას მიუმატებს.    
26 განსაცდელი ქედმაღლისათვის განკურნება არ არის, რადგან ბოროტების ნერგი ფესვგადგმულია მასში.    
27 გონიერი გული იგავს მიხვდება და მსმენელი ყური სიბრძნის მწყურვალია.    
28 აგიზგიზებულ ცეცხლს წყალი ჩააქრობს და ცოდვებს განწმედს გულმოწყალება.    
29 წყალობისათვის სამაგიეროს გამღები მომავალზე ზრუნავს და თავისი დაცემის ჟამს საყრდენს იპოვის.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე