| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები. |
||
| 2 | რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე. | ||
| 3 | სიზმრების ხილვა ერთიმეორის საწინააღმდეგოა - მსგავსება სახისა სახის პირისპირ. | ||
| 4 | უწმინდურისგან რა განიწმიდება და სიცრუისგან რა გამართლდება? | ||
| 5 | მისნობები, ფრინველებზე მკითხაობანი და სიზმრები ფუჭია და მშობიარესავით აოცნებებენ გულს. | ||
| 6 | თუკი ისინი შესაგონებლად არ არიან მოვლენილი უზენაესისგან, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ. | ||
| 7 | რადგან მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი. | ||
| 8 | რჯული აღსრულდება ამ სიცრუეთა გარეშე და სიბრძნე სრულიქმნება მორწმუნის პირით. | ||
| 9 | მოხეტიალე კაცმა ბევრი იცის, და მრავალნაცადი გონივრულს გვაუწყებს. | ||
| 10 | ვინც გამოუცდელია, მცირემცოდნეცაა, ხოლო ვინც იხეტიალა, ცოდნაც გაიმრავლა. | ||
| 11 | მრავალი რამ მინახავს ჩემი ხეტიალისას და ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ. | ||
| 12 | მრავალჯერ სიკვდილს მივწურვილვარ, მაგრამ გამოცდილების წყალობით გადავრჩენილვარ. | ||
| 13 | უფლის მოშიშთა სული იცოცხლებს, რადგან მათი სასოება მათი მხსნელია. | ||
| 14 |
უფლის მოშიში არაფერს შეუშინდება და არც სიმხდალეს გამოიჩენს, რადგან უფალია მისი იმედი. |
||
| 15 | ნეტარია სული უფლის მოშიშისა. ვის უჭირავს იგი და ვინ არის საყრდენი მისი? | ||
| 16 | უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს; ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი შებრკოლებისას და შემწე დაცემისას, | ||
| 17 | აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვალისა, მომცემელი კურნებისა, სიცოცხლისა და კურთხევისა. | ||
| 18 | გასაკიცხია მსხვერპლი, უსამართლოდ მონახვეჭისგან შეწირული, და შეუწყნარებელია ურჯულოთა ძღვენი. | ||
| 19 | უღვთოთა შესაწირავს უზენაესი არ მიითვლის სათნოდ და არც მსხვერპლშეწირვათა სიმრავლე მიატევებინებს ცოდვებს. | ||
| 20 | რაღა შვილის დაკვლა მამის წინაშე და რაღა მსხვერპლის შეწირვა ღარიბ-ღატაკის ქონებიდან. | ||
| 21 | გაჭირვებულთა პური უპოვართა სიცოცხლეა, მისი წამრთმეველი კი სისხლისმსმელია. | ||
| 22 | ვინც მოყვასს საზრდოს ართმევს, მისი მკვლელია; და ვინც მოჯამაგირეს ჯამაგირს ართმევს, სისხლისმღვრელია. | ||
| 23 | თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ გარდა დაღლისა? | ||
| 24 | თუ ერთი ლოცულობს და მეორე იწყევლება, ვის ხმას შეისმენს მეუფე? | ||
| 25 | ვინც განიბანება გვამის შეხების შემდეგ და ისევ შეეხება მას, რას მოიგებს ამ განბანვით? | ||
| 26 | ასევე თუ თავისი ცოდვებისთვის მარხული კაცი კვლავ წავა და იმასვე ჩაიდენს, ვინ გაიგონებს მის ვედრებას? რას მოიგებს ამ დამდაბლებით? |