| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
შეგვიწყალე ჩვენ, მეუფეო, ღმერთო ყოველთა, მოგვხედე და ყოველ ხალხზე მოავლინე შენი შიში. |
||
| 2 | აღმართე შენი ხელი უცხო ხალხებზე, რათა იხილონ შენი ძალა. | ||
| 3 | როგორც წმიდა გახდი ჩვენში მათ თვალწინ, ასევე განდიდდი მათ შორისაც ჩვენს თვალწინ. | ||
| 4 | მათაც შეგიცნონ შენ, ისევე, როგორც ჩვენ შევიცანით, რომ არ არის ღმერთი შენს გარდა, უფალო. | ||
| 5 | განაახლე ნიშები და კვლავ მოიმოქმედე სასწაულნი, განადიდე ხელი და მარჯვენა მკლავი. | ||
| 6 | აღმართე გულისწყრომა და რისხვა გადმოღვარე, გაანადგურე მოშუღარი და შემუსრე მტერი! | ||
| 7 | დააჩქარე დრო და გახსოვდეს ფიცი, და გამოაცხადონ შენი დიადი საქმეები! | ||
| 8 | მძვინვარე ცეცხლმა შთანთქას, ვინც კი გადარჩება, და შენი ხალხის ბოროტისმყოფელებმა დაღუპვა ჰპოვონ. | ||
| 9 | შემუსრე თავები მტრების წინამძღოლთა, რომ ამბობენ, არავინ არისო ჩვენს გარდა. | ||
| 10 | შეკრიბე ყველა ტომი იაკობისა და დაიმკვიდრე ისინი, როგორც დასაბამიდანვე იყო. | ||
| 11 | შეიწყალე, უფალო, ხალხი, შენი სახელით წოდებული, და ისრაელი, რომელიც პირმშოდ შერაცხე. | ||
| 12 | შეიწყალე ქალაქი შენი სიწმინდისა - იერუსალიმი, შენი დასავანებელი ალაგი. | ||
| 13 | აღავსე სიონი შენი სიქველის ქებით და შენი ხალხით - შენი დიდებით. | ||
| 14 | მიეცი დასტური დასაბამით შენს შექმნილთ, აღმართე წინასწარმეტყველება შენი სახელით. | ||
| 15 |
მიეცი ჯილდო შენს მოიმედეთ და სარწმუნონო შეიქნან შენი წინასწარმეტყველნი! |
||
| 16 | შეისმინე, უფალო, შენს მსახურთა ვედრება თანახმად აარონის კურთხევისა შენს ხალხზე. | ||
| 17 | შეიცნოს ყველამ დედამიწაზე, რომ უფალი ხარ, ღმერთი საუკუნეთა. | ||
| 18 | ყოველ საჭმელს ინელებს კუჭი, მაგრამ არის საჭმელი საჭმელის მჯობი. | ||
| 19 | სასა გამოარჩევს ნანადირევის კერძს, ასევე გონიერი გული - ცრუ სიტყვებს. | ||
| 20 | ცბიერ გულს მწუხარება მოაქვს, მაგრამ მრავალნაცადი კაცი სამაგიეროს მიაგებს. | ||
| 21 | ქალი ყველა მამაკაცს მიიღებს, მაგრამ არის ასული ასულის მჯობი. | ||
| 22 | ქალის სილამაზე სახეს ამხიარულებს და მამაკაცისათვის ყველაზე მეტად სანატრელია. | ||
| 23 | თუ მას ენაც თბილი და ალერსიანი აქვს, მაშინ მის ქმარს ვერავინ შეედრება ადამის ძეთაგან. | ||
| 24 | ცოლის მომყვანი საუკეთესო ქონებას იძენს - შესაფერის დამხმარეს და შვების საყრდენს. | ||
| 25 | სადაც არ არის ზღუდე, იქ ქონება დაიტაცება, ხოლო სადაც ცოლი არ არის, იკვნესებს მოხეტიალე კაცი. | ||
| 26 | რადგან ვინ ენდობა იარაღასხმულ ავაზაკს, ქალაქიდან ქალაქში რომ დაძრწის? | ||
| 27 | ასევეა კაციც, რომელსაც არა აქვს ბუდე და, სადაც დაუღამდება, იქ ეძებს სადგურს. |