ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი ოცდამეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმდენი პატივი მიაგე მკურნალს, რამდენადაც გჭირდება იგი, რადგან უფალმა შექმნა იგი.

   
2 რადგან მკურნალობა უზენაესისგან არის და ნიჭიც მეუფისგან ეძლევა მას.    
3 ცოდნა მკურნალს თავს აუმაღლებს და დიდებულთა წინაშე მოუხვეჭს პატივს.    
4 უფალმა მიწისგან შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ.    
5 განა ხისგან არ დატკბა წყალი, რათა საცნაური გამხდარიყო მისი ძალა?    
6 მანვე მისცა ადამიანებს ცოდნა, რათა ედიდებინათ იგი მის საკვირველ საქმეთა გამო.    
7 მათი წყალობით მკურნალობს და უამებს ტკივილებს, წამლის მკეთებელი მათგან ნარევს ამზადებს.    
8 და არ დასრულდება მისი საქმიანობა; მისგანაა მშვიდობა დედამიწის ზურგზე.    
9 შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს.    
10 განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან.    
11 მიუძღვენი კეთილსურნელება და გამტკიცული ფქვილის სამახსოვრო წილი, და შესწირე მსხვერპლი, როგორც შეგიძლია.    
12

მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან უფალმა შექმნა და ნუ მოიშორებ, რადგან გჭირდება იგი.

   
13 არის ჟამი, როცა მათ ხელშია წარმატება.    
14 რადგან ისინიც უფალს ევედრებიან, რომ შეეწიოს სნეულთათვის შვების მისაცემად და მათ სასიცოცხლოდ.    
15 ვინც თავისი შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე, ის ჩავარდეს მკურნალის ხელში.    
16 შვილო, მკვდარს ცრემლები დაადინე და მძიმე სატანჯველში ჩავარდნილივით ატირდი, შემოსე გვამი, როგორც ეკადრება და ნუ დასტოვებ დაუმარხავს.    
17 მწარე იყოს დატირება და მხურვალე - გოდება; და იგლოვე, როგორც ეკადრება, ერთი ან ორი დღე, რომ არ დაგძრახონ, და გაიქარვე დარდი.    
18 რადგან დარდი სიკვდილსაც იწვევს და გულის მწუხარება ძალის დამშრეტია.    
19 უბედურებას თან მწუხარებაც ახლავს და ღატაკის ცხოვრება გულის დარდია.    
20 ნუ მიეცემი სევდას გულით და განიშორე იგი აღსასრულის გამხსენებელმა.    
21 არ დაივიწყო ეს, რადგან დაბრუნება შეუძლებელია, ვეღარც მას არგებ და თავსაც დაიტანჯავ.    
22 გახსოვდეს ჩემი ხვედრი, რადგან იგი შენიცაა; გუშინ ჩემი იყო, დღეს კი შენია.    
23

მკვდრის გასვენებასთან ერთად მისი ხსოვნაც მოასვენე და მის გამო მწუხარება გადაგეყრება, როცა სული ამოხდება.

   
24 წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი.    
25 როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ტყავის შოლტით მოამაყე, ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მხოლოდ მოზვრები აკერია პირზე?    
26 მისი საფიქრალი კვლების გაყვანაა და მისი საზრუნავი ხბორების საკვებია.    
27 ასევეა ყველა ხურო და ხუროთმოძღვარი, რომელიც ღამეს დღესავით ატარებს; ბეჭედთა ჩუქურთმების მჭრელნი ბეჯითად იღვწიან მრავალფერი სახის შესაქმნელად, მათი საფიქრალი გამოსახულების დამსგავსებაა და ცდილობენ, დროზე დაასრულონ საქმე.    
28 ასევეა მჭედელიც, გრდემლთან მჯდომარე და რკინის ნაკეთობაზე ჩაფიქრებული; მის სხეულს აძაბუნებს ცეცხლის კვამლი და ნიადაგ ებრძვის ქურის მხურვალებას; უროს ხმა უხშობს მას ყურთასმენას, თვალები ჭურჭლის ყალიბისკენ უჭირავს, მისი საფიქრალი ნაკეთობის დასრულებაა და ცდილობს სრულყოფილად შეამკოს იგი.    
29 ასევეა მექოთნეც, რომელიც თავის საქმეს უზის და ფეხებით ბორბალს ატრიალებს, მუდამ თავის საქმეზე ზრუნავს და მთელი თავისი ნაწარმი აღრიცხული აქვს.    
30 ხელით სახეს აძლევს თიხას, ხოლო ფეხებით მის სიმაგრეს არბილებს; ფიქრად აქვს, გაასრულოს მოჭიქვა და, ბოლოს, მისი საზრუნავი ღუმელის გასუფთავებაა.    
31 ყოველ მათგანს თავისი ხელების იმედი აქვს და თითოეული ბრძენია თავის საქმეში.    
32 მათ გარეშე ვერ აშენდება ქალაქი, და არც ხალხი არ დასახლდება და არ იცხოვრებს იქ.    
33 მაგრამ მათ არ უხმობენ სახალხო საბჭოზე და არც კრებაზე იწვევენ; არც მსაჯულის სავარძელში სხედან და არც მსჯავრის გამოტანაზე მსჯელობენ.    
34 არც სასჯელს აცხადებენ და არც განაჩენს, და არც იგავებს იგონებენ, მაგრამ წუთისოფლის საფუძველს ამყარებენ და თავიანთი ხელოვნების წარმატებაზე ლოცულობენ.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე