ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შვილო, გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ. 

   
2 მშიერის სულს ნუ დაამწუხრებ და ნუ განარისხებ კაცს მის გასაჭირში.    
3 განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას ნუ დაუგვიანებ.    
4 შეწევნის მთხოვნელს, დაჩაგრულს უარს ნუ ეტყვი და პირს გლახაკისაგან ნუ მიიბრუნებ.    
5 მთხოვნელს თვალს ნუ მოარიდებ, კაცს თავს ნუ დააწყევლინებ.    
6 რადგან იმ კაცის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი.    
7 თავაზიანად მოიქეცი საკრებულოში და მთავრის წინაშე თავი მოიდრიკე.    
8 ყური მიაპყარ გლახაკს და მშვიდად და ალერსით უპასუხე.    
9 იხსენი უსამართლოდ დაჩაგრული უსამართლოს ხელიდან და განსჯისას სულმოკლე ნუ იქნები.    
10 იყავი ობოლთათვის როგორც მამა და მათი დედისათვის ქმრის მაგიერი, და შეიქნები ვითარცა ძე უზენაესისა, რომელიც დედაზე უფრო შეგიყვარებს.    
11

სიბრძნემ აამაღლა თავისი ძენი და შეეწია თავის მაძიებელთ.

   
12 მის მოყვარულს სიცოცხლე უყვარს და მისთვის რიჟრაჟზე წამომდგარნი სიხარულით აღივსებიან.    
13 მისი მფლობელი დიდებას დაიმკვიდრებს და, სადაც კი მივა, უფალი აკურთხებს.    
14 რომელნიც მას მსახურებენ, წმინდას ემსახურებიან, და მისი მოყვარულნი უფალსაც უყვარს.    
15 მისი მორჩილი წარმართებს განსჯის და ვინც მას რწმენით მიეახლება, დამკვიდრდება.    
16 რომელიც ირწმუნებს, დაიმკვიდრებს მას და მისი შთამომავალნი გახდებიან მფლობელნი მისნი.    
17 რადგან ჯერ მრუდე გზებით ივლის მასთან ერთად, შიშსა და ძრწოლაში ეყოლება, გასტანჯავს მას თავისი წვრთნით, ვიდრე არ დარწმუნდება მასში და თავის მცნებათა განსაცდელში არ გაატარებს.    
18 კვლავ მოიქცევა სიწრფელით მისკენ და გაახარებს მას, განუცხადებს თავის საიდუმლოთ.    
19 თუ შეცდება, მიატოვებს მას და მის დამამხობელს ჩაუგდებს ხელში.    
20 გაფრთხილდი, ჟამი არ გამოგეპაროს, ბოროტისაგან დაიცავი თავი და შენი თავისა არ შეგრცხვება.    
21

რადგან არის სირცხვილი, რომელსაც ცოდვა მოაქვს, და სირცხვილი, რომელიც დიდება და მადლია.

   
22 ნუ თვალთმაქცობ საკუთარი თავის წინაშე და შენი დაცემისა ნუ გრცხვენია.    
23 ნუ დააბრკოლებ სიტყვას საჭიროების ჟამს,    
24 რადგენ სიბრძნე სიტყვით შეიცნობა და ცოდნა - ენის მეტყველებით.    
25 წინ ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა გრცხვენოდეს.    
26 ნუ შეგრცხვება აღიარება შენი ცოდვებისა და მდინარის დინებას ნუ შეაჩერებ.    
27 უგუნურ კაცს თავს ნუ დაუმორჩილებ და შეძლებულს ნუ მიეკერძოები.    
28 სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისთვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის.    
29 ნუ იქნები კადნიერი ლაპარაკში და ზარმაცი და დაუდევარი საქმეში.    
30 ნუ იქნები ლომივით შენს სახლში და შარიანი სახლეულებთან.    
31 ნუ გექნება ხელი გაწვდილი მისაღებად და მომუჭული გასაცემად.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე