| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
აი, რის გამო ნუ შეგრცხვება და ნუ იმლიქვნელებ, რათა არ შესცოდო: |
||
| 2 | ნუ შეგრცხვება უზენაესის რჯულისა და აღთქმის დაცვისა, და განაჩენისა ურჯულოსთვის მსჯავრის დასადებად. | ||
| 3 | ამხანაგთან და თანამგზავრებთან საუბრისა და მეგობრებისთვის მემკვიდრეობის მიცემისა, | ||
| 4 | სიზუსტისა წონასა და ზომაში, ბევრისა თუ ცოტას მოგებისა, | ||
| 5 | გამორჩენისა ყიდვა-გაყიდვისას, შვილების მკაცრად აღზრდისა და ცუდი მსახურისთვის გვერდების დასისხლიანებისა. | ||
| 6 | სადაც ცუდია ცოლი, იქ კარგია ბეჭედი; სადაც მრავალი ხელია, ჩაკეტე, რაც ჩასაკეტი გაქვს. | ||
| 7 | თუ გასცემ, ანგარიშითა და ზომით გაეცი და ყოველი გაცემა და მიღება ჩაიწერე. | ||
| 8 | ნუ გრცხვენია დამოძღვრა უგუნურისა, ბრიყვისა და მოხუცისა, რომელიც ახალგაზრდებს ეჯიბრება, და ნამდვილად აღზრდილი იქნები და ყველას მოეწონები. | ||
| 9 | ფარული საზრუნავია ასული მამისთვის და მასზე დარდი ძილს უფრთხობს: ყმაწვილქალობაშია და, ვაითუ მოძულებულ იქნასო; | ||
| 10 | ქალწულია და, ვაითუ წაიბილწოს და მამის სახლში დაორსულდესო; ქმართან არის და, ვაითუ უღალატოსო; გათხოვილია და, ვაითუ ბერწი აღმოჩნდესო. | ||
| 11 | თავნება ქალიშვილს ბეჯითად უდარაჯე, რათა მტრების დასაცინად, ქალაქის საჭორაოდ, ხალხის საკიცხველად არ გაქციოს. | ||
| 12 | ნუ უყურებ კაცის სილამაზეს და დედაკაცებში ნუ დაჯდები. | ||
| 13 | რადგან როგორც ჩრჩილი გამოდის სამოსიდან, ასევე დედაკაცისგან - დიაცური მზაკვრობა. | ||
| 14 |
ავი კაცი სჯობს კეთილისმქმნელ დედაკაცს, რომელსაც სირცხვილი და უპატიობა მოაქვს. |
||
| 15 | ახლა გავიხსენებ უფლის საქმეებს, და რაც მინახავს, იმას გავაცხადებ; უფლის სიტყვითაა მისი საქმენი. | ||
| 16 | მანათობელი მზე ყველაფერს ხედავს და მისი საქმე აღსავსეა უფლის დიდებით. | ||
| 17 | უფალმა არც თავის წმიდებს მისცა უფლება, გამოეცხადებინათ ყველა მისი სასწაული, რომლებიც ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამტკიცა, რათა ყოველივე მისი დიდებით დამყარებულიყო. | ||
| 18 | მან გამოიკვლია უფსკრული და კაცთა გულები, და იხილა ხვეულები მათი, რადგან უზენაესმა იცის ყოველი საცოდნელი და საუკუნის ნიშანი აქვს განჭვრეტილი. | ||
| 19 | ის გარდასულისა და მომავლის მაუწყებელია და დაფარულთა კვალის გამომცხადებელი. | ||
| 20 | არცერთი ნაფიქრალი არ გამოეპარება და არცერთი სიტყვა არ არის დაფარული მისგან. | ||
| 21 | მან განაწესრიგა თავისი სიბრძნის სიდიადენი და არსებობს უკუნითი უკუნისამდე; არცრა შეჰმატებია და არცრა დაჰკლებია და არცრა მრჩეველი მოუთხოვია. | ||
| 22 | რაზომ სასურველია ყოველი მისი საქმე, და რა ბრწყინვალეა დასანახად! | ||
| 23 | ყოველი მათგანი ცოცხლობს და საუკუნოდ რჩება ყოველგვარი საჭიროებისთვის, და ყველანი ემორჩილებიან. | ||
| 24 | ყველაფერი წყვილად არის, ერთი მეორეს უპირისპირდება და ნაკლულევანი არაფერი შეუქმნია. | ||
| 25 | ერთი ამტკიცებს მეორის სიკეთეს და ვის მოყირჭდება მისი დიდების ცქერა? |