| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
მის შემდეგ გამოჩნდა ნათანი საწინასწარმეტყველოდ დავითის დღეებში. |
||
| 2 | როგორც ცხიმი, მსხვერპლისგან გამორჩეული, ასე იყო დავითი ისრაელიანთა შორის. | ||
| 3 | ციკნებივით ეთამაშებოდა ლომებს და ბატკნებივით - დათვებს. | ||
| 4 | განა სიჭაბუკეში არ მოკლა ბუმბერაზი და სირცხვილი ჩამორეცხა ხალხს, როცა აღმართა ხელი შურდულის ქვით და დაამხო სიამაყე გოლიათისა? | ||
| 5 | რადგან უზენაეს უფალს მოუწოდა და მან მისცა ძალა მარჯვენაში, რათა დაემარცხებინა ომში მძლე კაცი და აემაღლებინა რქა თავის ხალხისა. | ||
| 6 | ამგვარად განადიდეს იგი მრავალთა შორის და უფლის კურთხევით შეასხეს ხოტბა, როგორც დიდების ჯიღის მატარებელს. | ||
| 7 | რადგან გაანადგურა გარშემო მტრები, დაიმორჩილა მოწინააღმდეგე ფილისტიმელნი და მათი რქები დღემდე შემუსვრილია. | ||
| 8 | ყველა თავის საქმეში წმიდას, უზენაესს უძღვნიდა მადლს დიდების სიტყვებით; მთელი გულით უგალობა უფალს და შეიყვარა თავის შემოქმედი. | ||
| 9 | დააყენა მგალობელნი საკურთხევლის წინ, რათა მათი ხმებით დაეტკბო ჰანგი. | ||
| 10 | მან დაამშვენა დღესასწაულები და დაადგინა ჟამნი მთელი წლის მანძილზე ღვთის წმიდა სახელის შესაქებად და ტაძრის ასახმიანებლად ცისკრიდანვე. | ||
| 11 | უფალმა მიუტევა ცოდვები და მისი რქა საუკუნოდ აამაღლა, მისცა მას მეფეთა აღთქმა და დიდების ტახტი ისრაელში. | ||
| 12 | შემდგომად მისა გამოჩნდა მისი ბრძენი ვავი და მამის წყალობით იცხოვრა ბედნიერად. | ||
| 13 | სოლომონმა მშვიდობიან ხანაში იმეფა, რადგან ღმერთმა ყოველმხრივ მოასვენა, რათა აღემართა სახლი მის სახელზე და საუკუნო ტაძარი განემზადებინა. | ||
| 14 |
როგორ გაბრძენდი შენს სიჭაბუკეში! მდინარესავით აივსე გონიერებით. |
||
| 15 | შენმა სულმა დაფარა დედამიწა და აღავსე იგი იდუმალი იგავებით. | ||
| 16 | შორეულ კუნძულებს მისწვდა შენი სახელი და შეგიყვარეს შენი სიმშვიდისთვის. | ||
| 17 | შენი საგალობლებით და ანდაზებით, იგავებით და განმარტებებით განცვიფრდნენ ქვეყნები. | ||
| 18 | უფალი ღმერთის სახელით, რომელიც ისრაელის ღმერთად იწოდება, კალასავით შეკრიბე ოქრო და ტყვიასავით გაამრავლე ვერცხლი. | ||
| 19 | მაგრამ მიდრიკე შენი წელი ქალებისკენ და დაემონე მათ შენი სხეულით. | ||
| 20 | ლაქა წასცხე შენს დიდებას და წარყვენი შენი მოდგმა ისე, რომ რისხვა მოაწიე შენს შვილებზე და მათაც დაიტირეს შენი უგუნურება, | ||
| 21 | რომ ორად გაყავი ხელმწიფება და ეფრემიდან ურჩ სამეფოს დაედო სათავე. | ||
| 22 | მაგრამ უფალი არ დაივიწყებს თავის მოწყალებას, არცერთ თავის ნამოქმედარს არ გაანადურებს, არ შემუსრავს თავისი რჩეულის შთამომავლობას და თავისი მოყვარულის თესლს არ აღმოფხვრის. მან მისცა იაკობს ნატამალი და დავითს - ძირი მისი ღეროდან. | ||
| 23 | განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და თავის შემდგომად თავისი თესლისგან ხალხს დაუტოვა უმეცარი და ჭკუანაკლული რობოამი, რომელმაც ხალხი განიშორა თავის თათბირით, | ||
| 24 | და იერობოამი, ნაბატის ძე, ვინც აცთუნა ისრაელი და ეფრემიც ცოდვის გზაზე დააყენა. დიდად გამრავლდა მათი ცოდვები, რისთვისაც თავიანთი ქვეყნიდან განიდევნენ. | ||
| 25 | და ყოველგვარ ბოროტებას სჩადიოდნენ, ვიდრე მათზე შურისგებამ არ მოაწია. |