ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1      
2 ნუ აღზევდები შენს ფიქრებში, ხარივით რომ არ დაიფლითოს შენი სული.    
3 შეჭამ შენს ფოთლებს და დაღუპავ ნაყოფს და დარჩები გამხმარ ხესავით.    
4 ბოროტი სული დაღუპავს თავის პატრონს და მტრების დასაცინად აქცევს.    
5 ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამოდმეტყველი ენა კი - კეთილ განწყობას.    
6 მშვიდობისმყოფელნი მრავლად გეყოლოს, რჩევის მომცემნი კი - ათასიდან ერთი.    
7 თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე, და მყისვე ნუ მიენდობი მას.    
8 რადგან ზოგი მეგობარი თავისთვის ზრუნავს, გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.    
9 ზოგი მეგობარი მტრად გადაგექცევა და იბრძოლებს შენს დასამცირებლად.    
10 ზოგი მეგობარი პურს გატეხს შენთან, მაგრამ გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.    
11 შენს მოკეთეთა შორის შენსავით მოიქცევა და შენს სახლეულებთან გულწრფელად ისაუბრებს;    
12 მაგრამ თუ დაეცემი, გადაგიდგება და აღარ დაგენახვება.    
13

მტრებს მოერიდე და ფრთხილად იყავი მეგობრებთან.

   
14 ერთგული მეგობარი მტკიცე სიმაგრეა, მისი მპოვნელი საგანძურის მპოვნელია.    
15 ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის და მისი სიკეთე არ განიზომება.    
16 ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია: უფლის მოშიშნი იპოვიან მას.    
17 უფლის მოშიში მეგობრობას ისე წარმართავს, რომ როგორიც თვითონაა, იმგვარივე იყოს მისი მახლობელი.    
18 შვილო, სიყრმიდანვე იზრუნე სწავლაზე და იპოვი სიბრძნეს, ვიდრე ჭაღარით შეიმოსებოდე.    
19 მხვნელ-მთესველივით მიეახლე მას და მის კეთილ ნაყოფს დაელოდე; რადგან მასზე ზრუნვაში მსუბუქად დაიღლები, მის ნაყოფს კი სწრაფად იგემებ.    
20 ის სასტიკი ჩანს უსწავლელთათვის და უგუნური მასთან ვერ დარჩება.    
21 დასძალავს მას მძიმე საჯილდაო ლოდივით და არ დააყოვნებს მის გადაგდებას.    
22 რადგან სიბრძნე თავისი სახელივით არის და მრავალთ როდი ეცხადება.    
23 მისმინე, შვილო, მიიღე ჩემი შეგონება და ნუ უგულებელყოფ ჩემს რჩევას.    
24 ფეხებზე მისი ბორკილები დაიდევი და ქედზე მისი ჯაჭვი.    
25 ბეჭები მიუშვირე და იტვირთე იგი, ნუ მოგბეზრდება მისი ბორკილები.    
26

მთელი შენი სულით მიეახლე მას და მთელი შენი ძალით დაიცავი მისი გზები.

   
27 გამოიკვლიე და ეძებე, და შეიცნობ მას; და როცა მისი მფლობელი შეიქნები, ნუღა მიატოვებ.    
28 რადგან საბოლოოდ მასში ჰპოვებ შვებას და სიხარულად მოგიბრუნდება.    
29 მისი ბორკილები შენთვის ძლიერი საფარველი იქნება, ხოლო ჯაჭვი მისი - შესამოსელი დიდებისა.    
30 რადგან უღელი მისი ოქროსია, ხოლო ბორკილები მისი - იაკინთისაგან დაწნული.    
31 როგორც დიდების სამოსით, ისე შეიმოსები მისით, და სიხარულის გვირგვინს დაიდგამ.    
32 თუ ისურვებ მას, შვილო, განისწავლები; თუ სულით მიენდობი, დახელოვნდები.    
33 თუ სიყვარულით მოუსმენ, შეითვისებ, და თუ ყურს მიუპყრობ, ბრძენი გახდები.    
34 მოხუცთა საკრებულოში დადექ. ვინ არის ბრძენი? მას მიეახლე.    
35 ყველა საღმრთო ამბის მოსმენა ისურვე და ბრძნული იგავები არ გამოგეპაროს.    
36 თუ სწავლულს იხილავ, დილაადრიანად ეწვიე; გაცვითოს შენმა ფეხებმა მისი კარის ზღურბლი.    
37 ჩაუფიქრდი უფლის ბრძანებებს და დღენიადაგ სწავლობდე მის მცნებებს. ის განამტკიცებს შენს გულს და სიბრძნის წყურვილი მოგეცემა.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე