სიკეთე ალბობს და აღებს გულს, როგორც ზეთი დაჟანგულ კლიტეს.
ადამიანი ღვთაებრივი სულის ნათესავია და სულით უერთდება ღმერთს ლოცვის მშვეობით.
სულიერი საკითხავი სულს ათბობს და გაძლიერებულად აღძრავს მას ლოცვისა და მოღვაწეობისათვის.
ცოდვათა შენდობისათვის აღსარება აუცილებელია. ხოლო სულიერი ზრდისათვის კაცს მოძღვარი სჭირდება.
ნუ ვეცდებით ვითომცდა სხვების დამშვიდებას, თუ თვითონვე არ გაგვაჩნია შინაგანი სულიერი სიმშვიდე.
ისინი, რომლებიც აწყლულებენ და ჩაგრავენ მგრძნობიარე ადამიანებს, შინაგანად ადამიანები აღარ არიან.
არასოდეს დავუშვათ უწმიდური ზრახვები და მუდამ სიკეთე ვაკეთოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი გულის ცუდი ქარხანა კარგი გახდეს.
ქრისტე სრული სიყვარულია, სიკეთე და ნუგეში. იგი არასოდეს გვაშთობს, პირიქით, უხვად გვაწოდებს სულიერ ჟანგბადს – საღმრთო ნუგეშს.
ნუ მოვიყვანთ აღსარებაში შემამსუბუქებელ გარემოებებს, რადგან ჩვენი სინდისისათვის ისინი დამამძიმებელ გარემოებებად იქცევიან.
ყველაზე ძლიერ, რამაც შეიძლება მსჯავრის დღეს უფალი წყალობისაკენ მოდრიკოს, ეს არის ჩვენ მიერ ჩვენსავე ,ძველ კაცზე, გაწეული შრომა.
ვინც ტანჯვაში მყოფს უახლოვდება, ის ამით თავისთავად ღმერთს უახლოვდება, რამეთუ ღმერთი ყოველთვის თავის ტანჯულ შვილებთან მყოფობს.
თვითგანკიცხვა და თვითგანსჯა დიდად უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენს სულიერ თვალებს სახვეველი ჩამოეხსნას და შევძლოთ ჭეშმარიტი ხედვა.
მხურვალე სულიერი სიყვარული მგრძნობიარე ადამიანებს კიდევ უფრო მგრძნობიარედ ხდის, ხოლო უსირცხვილოებს – კიდევ უფრო უსირცხვილოებად.
უმჯობესია დღეში ორჯერ ჭამო, მაგრამ ნაკლები და სიმდაბლე გაგაჩნდეს, ვიდრე ერთხელ დღეში და კუჭი საკვებით გაიბერო, თავი კი ამპარტავნებით.
როგორც მცენარისათვის ღამის წვიმა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე დღისა, ასევე უმჯობესია სულისათვის ღამის ლოცვა, დღის ლოცვასთან შედარებით.
სიმდაბლესთან და სიყვარულთან შეერთებული განსჯადი მოსაგრეობა, მცირედი სხეულებრივი ჯაფის დროსაც კი, ძალიან სწრაფად ადამიანს წმინდანად აქცევს.
არ არის მართებული თანამოძმეთა სიწმინდის ადამიანურ სასწორზე დადება, რამეთუ ერთმა ღმერთმა იცის – როგორც გულთამხილავმა – ადამიანური გულის სიღრმეები.
ვინც სხვას ჩაგრავს, ის სამუდამოდ თავის თავს ჩაგრავს, ხოლო ვინც სიხარულით დაითმენს შეურაცხყოფებს, სამუდამო მისაგებელს დაიმსახურებს, თანაც ნამეტნევით.
ვინც უმიზეზოდ იტანჯება, იგი ქრისტეს ემსაგავსება. ასევე ნეტარია ის, ვინც თავისი ცოდვისათვის იტანჯება: იგი განკუთვნილ სასჯელს უკვე ამ ცხოვრებაშივე იხდის.
ვისაც სიმდაბლე აქვს, მას ამასთანავე სიკეთე და საღვთო განათლება გააჩნია და მთელი თავისი სულიერი გზის მანძილზე მზაკვრის წინააღმდეგობები ვეღარ აბრკოლებენ.
თუ ადამიანი ძალიან განიცდის თავის ცოდვიანობასა და უმადურობას ღვთის წინაშე, მაგრამ ამასთანავე დიდად სასოებს მას, მაშინ მისგან უდიდეს ნუგეშინისცემას იღებს.
როცა ადამიანი სულიერად ჯანსაღია და სხვებს განეშორება იმისათვის, რომ მეტად დაეხმაროს თავისი ლოცვით, მაშინ იგი ყველას წმინდანად მიიჩნევს, საკუთარ თავს კი – ცოდვილად.