წმიდა ტიხონ ზადონელი   

წმიდა ტიხონ ზადონელის გამონათქვამები

წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.

შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.

ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.

†††

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.

†††

„სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.

ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.

თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.

†††

ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.

†††

მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მისთვის, რათა გააძლიეროს იგი ღმერთმა და განამტკიცოს. კეთილდღეობა სახლისა ოჯახის წინამძღოლზეა დამოკიდებული, მხედრის წარმატება – მხედართმთავარზე, კეთილი ნაოსნობა – მესაჭეზე. მაშ, ილოცე, რათა მოძღვარი იყოს ბრძენი და კეთილი, და ქრისტეს სამწყსოც იქნება კეთილწარმატებული.

†††

არ არის ამ ქვეყნად უფრო დიდი გამარჯვებული, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს და საკუთარ ვნებებზე ბატონობს.

†††

ბევრს უნდა იცოდეს, რა ხდება უცხო ქვეყნებში; ხოლო საკუთარ სულში რა მდგომარეობაა - არ ეძიებენ.

†††

ისე არავინ აზიანებს საზოგადოებას, როგორც მევახშეები. მათ მიერ საზოგადოება უფრო მეტად კვნესის, ოხრავს და უძლურდება, ვიდრე - უცხოტომელი მტრებისაგან.

†††

ჯვარი და სხვადასხვა მწუხარება ქრისტიანული დროშაა, რომელთა ქვეშაც ქრისტიანი იბრძვის თავისი მეფის - ჯვარცმულისათვის.

†††

ქრისტიანული სახელი ქრისტიანული ცხოვრების გარეშე მლიქვნელობაა.

†††

ღარიბი ის ქრისტიანია, ვისაც ამ სოფელში გამდიდრება სურს.

†††

თუ ბოროტების დათმენა არ გსურს, ნურც მის ქმნას მოისურვებ. ამ უკანასკნელს აუცილებლად მოსდევს პირველი. „რამეთუ რაიცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს“ (გალ. 6,7).

†††

ქრისტიანული გამარჯვება შურისძიება კი არ არის, არამედ მოკრძალება და მოთმინება.

†††

საცდური ჭირით დაწყლულებას ჰგავს, რომელიც ერთ ადამიანში იწყება და მრავალს - ახლოს მყოფს აზიანებს.

†††

ცოდვამდე ეშმაკი ღმერთს მოწყალედ წარმოგვიდგენს, ცოდვის შემდეგ კი - მართლმსაჯულად. ეს მისი ეშმაკობაა. შენ კი ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი. ცოდვამდე ღვთის მართლმსაჯულება წარმოიდგინე, რათა არ შესცოდო, ხოლო შეცოდების შემდეგ იფიქრე ღვთის გულმოწყალების სიდიადეზე, რათა იუდას სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე.

†††

გონება და გული ზეცისა და მარადიულობისაკენ მიმართე და ეშმაკი ვერ შაგიპყრობს; რაც უფრო მაღლა დაფრინავს ჩიტი, მით უფრო უსაფრთხოდაა; ხოლო როდესაც დაბლა, მიწაზე ეშვება, ადვილად დაიჭერენ ან მოკლავენ.

†††

ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც - უქმადმყოფსა და ზარმაცს.

†††

ცოდვით ტკბობა დროებითია, მაგრამ მარადიული სიკვდილი მოსდევს.

†††

საჭიროების შემთხვევაში შეცოდებას სიკვდილი ამჯობინე.

†††

ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ - ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ.

†††

ხარისხი ანდა პატივი ქრისტიანისათვის უღელია, რომელიც ღვთის სახელის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ უნდა დაიდგას.

†††

მრავალნი ადამიანებზე ბატონობენ და მეუფებენ, მაგრამ თვითონ საკუთარი ვნებების მონები და ტყვეები არიან.

†††

ღატაკია ის მსაჯული, რომელიც ენითა და კალმით განჯის ადამიანებს, თვითონ კი განუწყვეტლივ მხილებული და განსჯილია საკუთარი სინდისისაგან.

†††

ჯერ საკუთარი თავის მართვა უნდა ისწავლო, შემდეგ კი - სხვებისა.

†††

ადვილად ნუ დაუჯერებ დამსმენს, არამედ ერთი ყურით უსმინე მას, მეორე კი - მოპასუხისათვის დაიტოვე.

†††

იყავი ერში ისე, როგორც ლოთი სოდომში, სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგი მათ არ ბაძავდა და აკეთებდა იმას, რაც ღვთის წმიდა ნებისათვის სათნო იყო: ასევე მოიქეცი შენც - ნუ მიბაძავ იმას, რასაც ბოროტი სამყარო სჩადის.

†††

ღვთისმოსავ სულს ამქვეყნად არა აქვს ნამდვილი სახლი და მამული, ყველგან დევნა და გადასახლებაა.

†††

გაცილებით უკეთესია მხოლოდ ღმერთს უყვარდე, ვიდრე - მთელ სამყაროს.

†††

ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა - განუწყვეტელი და გამუდმებული მიახლოება ღმერთთან.

†††

ვინც უსაქმურად ცხოვრობს, ის განუწყვეტლივ სცოდავს.

†††

თუკი მიხვდები, რომ არსებობს მარადიულობა, და გონებაში წარმოიდგენ, რაოდენ მძიმეა მარადიული დიდების მოკლება და გეენიის ცეცხლში ჩავარდნა, რასაც დემონებიც უფრთხიან: ნებისმიერი სატანჯველის დათმენას ამოირჩევ და ღმერთს მადლობას შესწირავ მისი მამობრივი გულმოწყალე სასჯელის გამო.

†††

ჩვენი ცოდვები, რითაც უფლის სახიერებას შეურაცხვყოფთ, ბევრად მეტია, ვიდრე - ღვთის სასჯელი, როგორიც არ უნდა იყოს იგი: ღმერთი, თავისი უდიდესი გულმოწყალების გამო, ყოველთვის ნაკლებად გვსჯის, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ.

†††

გონების თვალი აღუპყარ ზეციურ სამყაროს და მოიხილე მისი მკვიდრნი - ვერც ერთს ვერ ჰპოვებ იქ, ვინც იქამდე მოთმინების გზით არ მისულა.

†††

როგორც მოთმინებით მსუბუქდება, ისე მოუთმენლობით მრავლდება ტანჯვა-წამება.

†††

მწუხარე ადამიანისათვის ლოცვა იგივეა, რაც გვალვის დროს ცვარი.

†††

სამარშინიან ადგილზე ეტევიან ისინიც კი, ვისაც არ ყოფნიდა მთელი ქვეყანა.

†††

ფუჭია თავის ქება იმით, რომ კეთილშობილი წინაპრები გყავდა, თუკი მათ საქმეებს არ ბაძავ.

†††

ნუ იქნები გზაზე მდგარი სვეტი, რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის: არამედ იყავი წინამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის.

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე