სარწმუნოება – ლოცვანი
 
 
 
 

ლოცვანი

ლოცვანი ღმრთისმშობლისადმი

    ლოცვა დღითი-დღე სათქმელი წმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ,
    უკეთუ გსურის ხილვა მისი ჟამსა სულისა შენისა განყოფისასა


    შეიწყნარე აწ დიდებულო, დედოფალო ჩემო სახიერო, გლახაკი ვედრება ჩემი, უღირსისა პირისაგან შენდა შეწირული, ვითარცა ყოვლისა მეცნიერმან, და უფროსღა ჩემისა უძლურებისამან! მე უკვე შენ მიერ ვიცან გზა ჭეშმარიტებისა, შენ მიერ აღმოვიწოდე ადგილთაგან სასიკვდინეთა, რომლისათვის საქმენი ჩემნი, და მოძრაობანი ღამისანი და დღისანი, საქმითნი და სიტყვითნი, მეცნიერებით და უმეცრებითნი, შენ უწყნი და მეცნიერ ხარ, და შენ შუამდგომელად ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა მომიგიე! შენ შემიწყალე მე, შენ შემეწიე მე, შენ იყავ თანა-მოქმედ ჩემდა ყოველსა შინა საქმესა კეთილსა, ნებისაებრ ძისა შენისა და ღვთისა ჩემისა! შენ უწყი ზესთა სახიერო დედოფალო, რამეთუ სიჩჩოთგან ფრჩხილთა ჩემთათ და დედობრივთა წიაღთათ შენდა შევვარდი, და შენ შეგევედრე, დაღაცათუ ბოროტად დავიცევ თავი ჩემი, გარნა არა ვუწყი სხვა შესავედრებელი, ანუ მწე, გინა ხელის-აღმპყრობელი, და ღვთისა მიმართ შუამდგომელი. გარნა შენ დედოფალო ჩემო, ყოველთავე საქმეთა ჩემთა შენ მიგითხრობ, და შენ აღხოცენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. შენ უწყი დედოფალო ჩემო ღვთისმშობელო, რამეთუ მფრინველი ვარ უცხო, და არა მაქუს ადგილი სადა თავი მივიდრიკო, გარნა შენდამი დედისა ქრისტეს ღვთისა ჩემისა, შენ ხარ შემწე ჩემი დედოფალო, შენ ხარ მსხნელი ჩემი, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ჩემი ღვთისა მიმართ თავსმდები, შენ მამა ჩემი, შენ ჩემი წინამძღვარი, შენ ჩემი მოგზაური, შენდამი დამიძს ყოველი სასოება ჩემი! შენ იცი უღონოება ჩემი, რამეთუ არავინ მაქვს გარნა შენ, და შენგან შობილი ქრისტე. ამისთვის ნუ მომიძაგებ, და ნუ განმირისხდები მე სახიერო, ნუცა ჰსძლევს სიმრავლე ბოროტთა ჩემთა შენსა სახიერებასა, გაქვს უფსკრული მოწყალებისა, ვითარცა ზესთა მოწყალისა ღვთისა დედასა, მხოლოდ ინებე და მე ვჰსცხოვნდე, ვერავინ წინა აღგიდგების შენ, რამეთუ დედა ხარ, რომელმან ყოველივე შექმნა ღვთისა ჩემისა იესოსი! ვიცი, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი, და არა ვარ ღირს აღხილვად და ხილვად სიმაღლესა ცისასა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩემთასა, არამედ შენ თუ მოიხილავ ჩემ ზედა, არა ვინ არს დამაყენებელ! შემეწიე მე წმიდაო დედოფალო ჩემო, შემეწიე მე, და ნუ შემერაცხების მე ესე ცოდვად, დედოფალო ჩემო ღვთისმშობელო, არამედ უფროსღა მომეც მე წყარო ცრემლთა, მომეც მე სულთქმა და შემუსრვა გულისა, რათა ვჰსტიროდე უბადრუკთა საქმეთა ჩემთა! რამეთუ მე ვარ დედოფალო ღვთისმშობელო, უფსკრული ცოდვათა, მე ვარ, რომელმან ყოველთა ზესთა ბუნებათა ვიუსჯულოე წინაშე ძისა შენისა და ღვთისა. ვიცი დედოფალო, რამეთუ უსიტყველ ვარ, და უღირს ყოვლისა კაცთმოყვარებისა, და ღირს ყოვლისა ტანჯვისა, და არა მაქვს სიტყვა სიტყვისა მიცემად, ამისთვისცა მოწყალებისა მიმართ ძისა და ღვთისა შენისა მოვივლტი, და სახიერისა მეუფისა და შემოქმედისა ჩემისა, შენ მიძღოდე მე და მმართებდე, და განმჰსწავლე მე ღვთისმშობელო. უსასყიდლოდ ვეძიებ შენგან მდიდართა წყალობათა, შემიწყალე მე ვითარცა გნებავს, და ვითარცა ჰბრძანებ, ნუ განმაგდებ პირისა შენისაგან, და ნუ განმაშორებ საფარველსა შენსა, ნუ უცხო მყოფ შენისა მოწყალებისაგან, შემიწყალე მე უცხო, შემიწყალე მე მოსავი შენი, შემიწყალე მე, რომელსა ყოველი სასოება ჩემი დამიძს შემდამი, და მასწავე მე ძლიერება შენი ღვთისმშობელო. და რამეთუ უკეთუ მაცხოვნო ცოდვილი, დიდ არს წყალობა შენი, დიდ მოწყალება შენი, დიდ ძვირ-უხსენებლობა და სულგრძელება! და რამეთუ უკეთუ ღირსსა შეეწიო და შეიწყალო, ესე არა არს საკვირველ, არამედ უფროსღა მე შემეწიე, არამედ მე შემიწყალე! მომეც ხელი შეწევნისა, რომელი ქვემდებარე ვარ, მე უდებსა, მე დახსნილსა, მე უმადლოსა და უგულისხმოსა, ფიცხელსა და უნანელსა, და ყოვლითა ძვირითა საქმითა და სიტყვითა შეგინებულითა აღსავსესა, და წესითაცა უცხოსა ყოვლისა კეთილის მოქმედებისაგან! ჰე, დედოფალო ჩემო ღვთისმშობელო, მოწყალე იქმენ ჩემ ზედა უღონოსა, უცხოსა და საწყალობელსა, და ჰყავ ჩემ ზედა მდიდრად წყალობა შენი, რა ცხონებულმან ვაქო შენგან შობილი ჭეშმარიტი ქრისტე ღმერთი ჩემი, და გადიდო შენ ჩემი მაცხოვარი, ჩემი ნუგეშინისმცემელი, ჩემი ხელის-აღმპყრობელი, და ჩემი მცველი! შემეწიე მე წმიდაო დედოფალო, შემეწიე მე და ღირს-მყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, რათა ვჰყო ნება ძისა შენისა და ღვთისა ჩემისა, და რათა ვჰმსახურო მას ვითარცა ჯერ არს! და ესრეთ აღვესრულო, დედოფალო ჩემო ღვთისმშობელო, და წმიდათა ანგელოსთა მიერ ძღომილ ვიქმნე მისისა მის წმიდისა და ნათლით შემოსილისა საყოფელისა მიმართ, რამეთუ მისა ჰშვენის, ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

    ლოცუა სავედრებელი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობელისა მიმართ,
    თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა მარკოს მონაზონისა


    მრავალნი და დიდებულნი ნიჭნი მომეცნეს მე დამბადებელისა და ღმრთისა ჩემისაგან, ხოლო მე უბადრუკი ესე, ყოვლისავე მის მოვიწყე და უმადლო ვიქმენ, ვჰბაძევდ პირ-უტყუთა უგუნურთა და მივემსგავსე მათ, დავგლახაკენ სათნოებათაგან და განვმსდიდრდი ვენბათაგან, და ცოდვითა აღვივსე და სირცხვილითა, და ჴვებულ ვიქმენ კადნიერებისა მისგან საღმრთოსა, დასასჯელ ვიქმენ ღმრთისაგან და მხილებულ ცოდვათაგან, და სირცხვილეულ ბოროტთა საქმეთა ჩემთაგან, პირველ სიკუდილისა მომკვდარ ვარ, და პირველ სასჯელითა-თვით დაჰსჯილ, და პირველ საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან ვიტანჯები გულის-სიტყვათაგან სასო-წარკვეთილებისათა, ამის-თვის შენდა მომართ ხოლო მოვივლტი მსწრაფლ შემწისა ჩემისა, ღმრთის-მშობელო, ყოვლად-წმიდაო, დედაო მაცხოვრისაო, შენ გევედრები თანა-მდები ესე ბევრეულისა მის ტალანტისა, რომელმან ესე უძღებებით წარვაგე მამული იგი სიმდიდრე, და უმეტეს ვჰსცოდე მეძვისა მის და მანასესა, და მდიდრისა მის უწყალოსა, მონა ვიქმენ გულის-თქმათა, შემწყნარებელ გულის-სიტყვათა ბოროტთა, მეტყველ სიტყვათა ხენეშთა და უცხო ყოვლისაგან საქმისა კეთილისა. აწ უკუე გევედრები შეიწყალე სიგლახაკე ჩემი, და მწყალობელ ექმენ უძლურებასა ჩემსა, რამეთუ დიდი კადნიერება გაქუს შენგან შობილისა ღმრთისა მიმართ, ვითარ იგი სხუასა არავის აქუს, ყოველივე ძალ-გიძს დედაო ღმრთისაო, და ყოვლისავე შემძლებელ ხარ, რამეთუ უზესთაეს ხარ ყოველთა დაბადებულთა, და არა არს შეუძლებელ შენდა, რომელიცა გენებოს, ნუ შეურაცხ-ჰყოფ ცრემლთა ჩემთა, ნუ მოიძაგებ სულთქმასა ჩემსა, ნუ განიშორებ ვედრებასა ჩემსა და ტკივილსა ამას გულისა ჩემისასა, არამედ დედობრივითა მით მეოხებითა შენითა, სახიერი იგი და ტკბილი ძე შენი, და ღმერთი ჩვენი მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა, და ღირს-მყავ მე ცოდვილი ესე და უღირსი მონა შენი, მოგებად პირველსავე მას სათნოებათა სიკეთესა, და განშორებად უშვერებისა მისგან ვნებათასა, განთავისუფლებად ცოდვისაგან, მონებად სიმართლისა, აღძარცვად სიხენეშესა მას ჴორცთა გულის-თქმათასა, და შემოსად ბრწყინვალებასა მას სულიერისა სიწმიდისასა, მკუდარ-ყოფად სოფლისაგან და განცხოველებად ღმრთის-მსახურებით, მოგზაურსა თანა-მავალ მექმენ მე, ზღვასა თუ განვვლიდე შემწე მეყავ, და მარადის მბრძოლ ექმენ მტერთა ჩემთა ეშმაკთა, რომელნი იგი მბრძვანან მე მაღლით, მღვიძარებასა შინა განმაძლიერებელ მექმენ, მეძინოს თუ მფარველ მეყავ, ჭირსა თუ მივეცე მიჴსენ, სულმოკლებასა შინა ნუგეშინის-მცემელ მექმენ, მავნებელთაგან განმარინე და ცილის-მწამებელთაგან უბრალო მყავ, სიკვდილად თუ მივიწიო მსწრაფლ-მეწიე, და უხილავნი იგი მტერნი ჩემნი საშინელებით იოტენ, რათა ჰსცნან მტერთა მათ ჩემთა ბოროტთა ეშმაკთა ვითარმედ მე მონა შენი ვარ. ჰე ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთის-მშობელო, შეისმინე უძლური ესე ვედრება მონისა შენისა, მოჰხედენ სულსა ჩემსა და განარინე ესე, და მტერთა ჩემთაგან მიხსენ მე, და ნუ მარცხვენ მე სასოებისაგან ჩემისა, სასოო ყოელთა კიდეთა ქუეყანისათაო, მხურვალბა ჴორციელთა ბრძოლათა განაქარვე, და ღელვანი უჯეროსა გულის-წყრომისანი დაამდოვრენ, ზვაობა და სილაღე ამაოსა სიჭაბუკისა გონებისაგან ჩემისა უჩინო-ჰყავ, ოცნებანი იგი ღამისანი სულთა მათ ბოროტთანი, და გონებად-მოსლვანი დღისანი არა-წმინდათა გულის-სიტყვათანი გონებისაგან ჩემისა მოჰსპენ, ასწავე ენასა ჩემსა სიტყვაი კეთილი და თვალთა ჩემთა მართლიად ხედვა, წრფელსა მას გზასა სათნოებათასა წარმართენ ფერხნი ჩემნი, ალაგსა მას ღუთისა მცნებათასა, და ჴელნი ჩემნი წმინდა-ჰყუენ, რათა ღირსებით აღვიპყრობდე მეუფისა მიმართ მაღლისა, აღავსე პირი ჩემი ქებითა, რათა კადნიერებით ჰხადოდეს ღმერთსა, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, განახვენ სასმენელნი ჩემნი სმენად ჯერისაებრ თაფლისა უტკბილესთა მათ სიტყვათა წმინდათა წერილთასა, და ქმნად მათდა მადლითა შენითა და შეწევნითა. მომეც ჟამი სინანულისა, და გულს-მოდგინება მოქცევისა, უცნაურად სიკვდილისაგან მიხსენ მე, და დასჯილებისაგან გონებისა განმარინე, მერმე განყოფასა ამას სულისა ჩემისასა უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაგან წარმომიდეგ, სასოო ჩემო და შემწეო, და ჭირი იგი მოუთმენელი აღმისუბუქე უღონოსა ამას. იწროებასა და ჭირსა შინა ნუგეშინის-მცემელ მექმენ, ჰამრობასა მას მწარესა მეზვერეთა მათ ჰაერისათა, და მთავართა მათ ბნელისათა თანა-წარმხადე, ჴელით-წერილნი მრავალთა მათ ცოდვათა ჩემთანი განხეთქენ, სახიერსა მას და კაცთ-მოყვარესა ღმერთსა დამაგე, მარჯვენით მისსა სანატრელსა მას დგომასა დღესა მას განკითხვისასა ღირს-მყავ, საუკუნეთა მათ და მოუთმენელთა სატანჯველთაგან მიხსენ, ტკბილთა მათ და წარუვალთა კეთილთა ღმრთისათა მკვიდრად გამომაჩინე, ამას აღსარებასა შევჰსწირავ შენდა ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთის-მშობელო, ნათელო დაბნელებულთა ამათ თვალთა ჩემთაო, და ნუგეშინის-მცემელო ჭირვეულისა ამის სულისა ჩემისაო, შემდგომად ღმრთისა სასოო ჩემო და შესავედრებელო, შეიწირე ვედრება ჩემი სიტკბოებითა და წყალობითა, და აღჰხოცენ ყოველნი ბრალნი და უსჰჯულოებანი ჩემნი, და ღირს-მყავ მე ცხოვრებასა ამას დაუსჯელად ზიარებად უხრწნელსა მას და ყოვლად-წმიდასა ხორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა და ღმრთისა შენისასა ხოლო საუკუნესა მას მერმესა მკვიდრად მიჩინე, სერობასა მას ტკბილსა ზეცისასა, საშვებელსა სამოთხისასა, სასუფეველსა ცათასა სადა იგი არს მკვიდრობა ყოველთა წმიდათა საუკუნითგან მოხარულთა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

    შეიწირე ლოცუა ჩვენი ყოვლად-წმინდაო ღმრთის-მშობელო, დედაო ქრისტესო, ცაო და ქერუბიმო, საყდარო უფლისაო, სვეტო ცეცხლისაო, ღრუბელო ნათლისაო, ტაკუკო ოქროსაო სავსეო მანანათა ცვარითა მით ზეცისათაო, კიდობანო ჰსჯულისაო, კარაო სიწმიდისაო, მეოხო და მოღვაწეო ყოველისა სოფლისაო, ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, იღვაწე სულთა და ხორცთა ჩვენთა თვის წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა.

    ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი

    ვუგალობ მადლსა შენსა, დედუფალო, და გევედრები, გონებაჲ ჩემი აღავსე მადლითა, წარმიმართე მე, რაჲთა ვიდოდე გზასა უფლისა მცნებათასა. გალობასა შინა მღვიძარებით განმაძლიერე, რომელი დახსნილობისა ძილითა შეპყრობილ ვარ. საკრველთაგან ცოდვათა ჩემთასა განმხსენ მეოხებითა შენითა, სძალო ღმრთისაო. ღამით და დღით დამიცევ ბრძოლათაგან ეშმაკისათა და განმარინე მე. რომელმან ცხოვრების მომცემელი ღმერთი მუცლად იღე, მე, მომწყდარი ვნებათაგან განმაცხოველე. რომელმან ნათელი დაუღამებელი ჰშევ, სული ჩემი დაბნელებული განანათლე. დიდებულო მეუფისა საყდარო, ტაძრად სულისა წმიდისა განმწმიდე მე. რომელმან მკურნალი იგი ყოველთა ჰშევ, განკურნენ სულისა ჩემისა ვნებანი დამძიმებულნი. რომელი ვიგვემები ღელვათა შინა ამის სოფლისათა, მყუდროებად მიმაწიე. მიხსენ მე ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა და დაუცადებელად მტანჯველისაგან მატლისა. ნუ მიჩვენებ მე ეშმაკთა ჩემ ზედა მოხარულთა, რომელსა მიქმნიან მრავალნი ცოდვანი. განმაძლიერე ბრძოლასა შინა ვნებათასა, ყოვლად უბიწოო ქალწულო. უცხო მყავ მე ყოვლისაგან სატანჯველისა და ყოველთა ღმერთსა შემაწყნარე. ზეცისა სიხარულსა ღირს-მყავ მიმთხვევად ყოველთა თანა წმიდათა. ყოვლადწმიდაო ქალწულო, შეისმინე ვედრებაჲ უღირსისა და უხმარისა მონისა შენისა. უფსკრული ცრემლთა მომმადლე, დედუფალო, რაჲთა მწიკვლი სულისა ჩემისა განვიწმინდო. სულთქმაჲ ლმობიერი გულსა ჩემსა მომივლინე, დედუფალო. უძლური ესე ვედრებაჲ ჩემი შეისმინე, წმიდაო, და ღმრთისა სახიერისა შესწირე. უზეშთაესო ანგელოზთაო, უზეშთეას ვნებათა გამომაჩინე. ნათლით შემოსილო, სამკვიდრებელ დაამკვიდრე ჩემთანა მადლი შენი და სუნელ მყავ მე. ხელთა აღვიპყრობ და ბაგეთა ჩემთა შეგინებულთა აღვახვამ ქებად შენდა. ყოვლადწმიდაო, სულისა განმხრწნელთა ვნებათაგან მიხსენ მე დაუცხრომელითა ვედრებითა შენითა ქრისტეს მიმართ, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

    ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ
    თქმული გერმანოს კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა


    დიდებულო დედუფალო ღვთისმშობელო, სასოებაო ცხოვრებისა ჩემისაო, შეისმინე ვედრებისა ჩემისა და შეიწყალენ სულთქმანი ჩემნი. და შეიწყნარენ გოდებანი ჩემნი და მოწყალე მექმენ. ლმობიერქმნილი ცრემლთა ჩემთათჳს სახიერ იქმენ ჩემ ზედა ვითარცა დედა კაცთმოყუარისა მეუფისა, მოიხილე ჩემ ზედა და მოჰხედენ ვედრებასა ჩემსა, წყურიელი ესე გონებაი ჩემი განაგრილე, და შეჰმრთე საუკუნითგან სათნოთა ისა შენისათა, ქუეყანასა მას მშჳდთასა სოყოფელსა მართალთასა და კრებულსა თანა წმიდათასა, და ღირსმყავ მე სასოო ყოველთაო და სიხარულო, ბრწყინუალეო ნათელო, მათ თანავე სიხარულსა. გევედრები შენ კურთხეულო სიხარულსა მას ჭეშმარიტად გამოუთქმელსა შენგან-შობილისა ღვთისა და მეუფისასა. და სასძლოსა მას მისსა ყოვლადსაწადელსა და საშუებელსა მას მისსა მოუკლებელსა, და გამუძღომელსა და დაუღამებელსა მას ნათელსა და დაულევნელსა სუფევასა. ჰოი, დედუფალო ღვთისმშობელო, ჰოი, შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და ცხოვრებაო საჭურველო და სიქადულო, სასოებაო და ძალო ჩემო, ღირს მყავ მე მათ თანა შუებად ძისა შენისა მიუთხრობელთა მათ და აურაცხელთა ნიჭთაგან სავანეთა მათ შინა ზეცისათა. რამეთუ უწყი ვითარმედ გაქუს შეწევნა უკეთუ ოდენ ინებო, და შემძლებელ ხარ ყოველსავე ვითარცა დედა მაღლისა. ამისთჳს ვიკადრებ და გევედრები შენ, ნუმცა დაკლებულვიქმნები სასოებისაგან ჩემისა, ყოვლადწმიდაო დედუფალო. არამედ ღირს მყავ მე მიმთხუევად ამისსა სძალო ღვთისაო, რომელმან სასოება იგი ყოველთა უზესთაეს სიტყჳსა ჰშევ. უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჭეშმარიტი იგი ღმერთი და მეუფეი. რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით-წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

    წმ. მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი
    დღითი დღე სათქმელი ხუთგზის ლოცვები
    ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ მარიამის მიმართ


    ერთი ღმერთშემოსილი ბერი, იდგა რა ლოცვად, მოვიდა აღტაცებაში და ესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელიც მიმართავდა ყოვლადწმიდა დედას თვისას და ეუბნებოდა: „მარქვი დედაო, რაოდენი დიდი ტკივილი დაითმინე ჩემს გამო მიწიერ ცხოვრებაში?“

    ყოვლადწმიდამ მიუგო:

    „ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო! შენს გამო ხუთი დიდი ტკივილი დავითმინე დედამიწაზე: პირველი _ მესმა რა სვიმეონ წინა სწარმეტყუელისაგან, რომ მოიკვლებოდი;

    მეორე - გეძებდი რა იერუსალიმში და სამი დღე ვერ გიხილე;

    მესამე - მესმა რა, რომ შეპყრობილ იქმენ ჰურიათაგან:

    მეოთხე - ოდეს ავაზაკთა შორის გიხილე ჯვარცმული,

    მეხუთე - გიხილე, რა საფლავად დადებული“.

    და მიუგო მას უფალმა.

    „დედაო ჩემო, ვინც მოიხსენოს შენი ყოველი ტკივილი დღითი დღე ჩემს ლოცვასთან რომელიცა არს „მამაო ჩვენო“... და მთავარანგელოზის ხარებასთან. ერთად, რომელიცა არს: „ღმრთის მშობელო ქალწულო გიხაროდენ“... _ პირველი ტკივილის მოხსენებისათვის მივანიჭებ ცოდვათა თვისთა განცდას და სინანულს მათზედ;

    მეორე ტკივილის მოხსენებისათვის შევუნდობ ყველა ცოდვას;

    მესამე ტკივილის მოხსენებისათვის დავუბრუნებ სათნოებებს ცოდვით განდრეკილთ; მეოთხე ტკივილის მოხსენებისთვის _ სიკვდილის ჟამს ვაზიარებ საღმრთოსა ხორცსა და სისხლსა ჩემსას; მეხუთე ტკივილის მოხსენებისათვის _ მე თვით მივეახლები მას ამა სოფლიდან განსვლის ჟამს და თვით მივიღებ მის სულს საუკუნო სასუფეველში“. ამენ

    * * * ღმერთშემოსილი მამის ამ ხილვის შემდგომ წმ. მღვდელმთავარმა დიმიტრი როსტოველმა შეადგინა შემდეგი ლოცვა:

    ხუთგზის ლოცვები შესავალი ლოცვები:

    დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩემო, რომელმან არა წარწყმიდე მე ცოდვილი უშჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ითმენ აქამომდე შეცოდებათა ჩემთა

    (მეტანია)

    ღირს გვყავ ჩვენ უფალო, დღეინდელსა ამას დღესა დაცვად უცოდველად, მონიჭებად ჩემდა არცა სიტყვით, არცა საქმით, არცა გონებით განგარისხებდე შე, შემოქმედსა ჩემსა, არამედ ყოველი საქმე ჩემო, ზრახუა და განსჯა იყოს სადიდებელად ყოვლადწმიდისა სახელისა შენისა.

    (მეტანია)

    უფალო მოწყალე მექმენ მე ცოდვილს, ყოველსა დღესა ცხოვრებისა ჩემისასა, ამას სოფლიდან განსვლის ჟამს და აღსრულებისა შემდგომ ნუ დამიტევებ მე.

    (მეტანია)

    ლოცვა ესე წარსთქვი მუხმოდრეკილმა:

    უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მიმიღე წიაღსა შენსა მომკვდარი სულითა და გონებთ, მიმიღე მე ცოდვილი, უძღები, შემწიკვლებული სულითა და ხორცით, განმიტფე მტრობით გაყინული გული და ნუ მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუ მასმენ მეუფეო: „არა გიცი შენ“, არამედ ისმინე ხმა ლოცვისა ჩემისა. მიხსენ მე, რამეთუ გაქუს დიდი წყალობა და არა გნებავს წარწყმედა ცოდვილისა, არ დაგეხსენები შემოქმედს ჩემსას და არცა განგიდგები რაითა გასმინო ხმა ჩემი და მომიტევო შეცოდებანი ჩემნი მეოხებითა ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, შუამდგომლობითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, წმიდისა დიდებულისა მცველისა ანგელოზისა ჩემისა, წინაისწარმეტყუელისა და წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, ღმრთისმეტყველთა მოციქულთა, წმიდათა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შემიწყალე და მიხსენ მე ცოდვილი. ამენ!

    მეუფეო ზეცათაო. წმიდაო ღმერთო. მამაო ჩვენო... რამეთუ შენი არს სუფევა ...

    ღმრთისმშობელო ქალწულო...

    შემდგომ ამისა:

    ლოცვა 1.

    ჰოი, გულმოწყალეო დედაო, ქალწულო მარიამ, ცოდვილი და შემწიკვლებული მონა (მხევალი) შენი, მოვიხსენებ ტკივილსა შენსა გესმა რა სვიმეონ წინაისწარმეტყველისაგან, რომ მოჰკვლიდნენ უმოწყალოდ ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა იესუ ქრისტესა, მოგართუამ ლოცვასა ამას და ხარებას მთავარნაგელოზისასა, მიითუალე ღირსებად და ხსენებად ტკივილისა შენისა და ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაითა მომანიჭოს ცოდუათა ჩემთა შეცნობა და სინანული მათზედა. ამენ.

    (მეტანია)

    ლოცვა 2.

    მამაო ჩვენო... რამეთუ შენი არს...

    ღმრთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...

    ჰოი, ყოვლად ნეტარო და ყოვლად უბიწოო, დედაო ქალწულო, მიიღე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა მონისა (მხევლისა) შენისაგან ლოცვა ესე და ხარება მთავარანგელოზისა ღირსებად და სენებად ტკივილისა შენისა, რომელი განიცადე, ოდეს დაჰკარგე ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე იერუსალემს ტაძარსა შინა და სამ დღე არ გეხილვა იგი. მას ევედრე და გამოითხოვე მისგან ყოველთა ცოდვათა ჩემთა მიტევება და დატევება მათი, ყოვლადსადიდებელო. ამენ.

    (მეტანია)

    ლოცვა 3.

    მამაო ჩვენო რამეთუ შენი არს...

    ღმრთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...

    ჰოი დედუფალო საწუთოისაო, ყოვლადკურთხეულო სძალო, ღმრთისა მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა, მონისა მხევლისა შენისაგან, ლოცუა ესე და ხარება მთავარანგელოზისა, ღირსებად და ხსენებად ტკივილისა შენისა, ოდეს ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე შეკრულ იქნა და შეპყრობილ მას ევედრე, რათა დამიბრუნოს სათნოებანი ჩემნი ცოდვით განდრეკილნი, ხოლო შენ ყოვლადწმიდაო გადიდებ უკუნისამდე. ამენ.

    (მეტანია)

    ლოცვა 4.

    მამო ჩვენო... რამეთუ შენი არს...

    ღმრთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...

    ჰოი, გულმოწყალებისა წყაროო, ქალწულო, ღმრთისა მშობელო, მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა მონისა შენისაგან, ლოცვა ესე და ხარება მთავარანგელოზისა, ღირსებად და ხსენებად ტკივილისა შენისა, ოდეს ავაზაკთა შორის ჯვარცმული იხილე ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, მას ევედრე ღმრთისმშობელო, რაითა მოიღოს წყალობა თვისი ჟამსა სიკვდილისა ჩემისასა და მაზიაროს საღმრთოსა ხორცსა და სისხლისა თვისსა, ხოლო შენ მეოხო ჩემო, გადიდებ უკუნისამდე. ამენ.

    (მეტანია)

    ლოცვა 5.

    მამაო ჩვენო... რამეთუ შენი არს...

    ღმრთისმშობელო ქალწულო...

    ჰოი, სასოო ჩემო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთისა მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა მონისა (მხევლისა) შენისაგან ლოცვა ესე და ხარება მთავარანგელოზისა, ღირსებად და სენებად ტკივილისა შენისა, ოდეს იხილე ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, საფლავად დადებული, მას ევედრე, ღმრთისმშობელო, რაითა მომევლინოს ჟამსა სიკვდილისა ჩემისასა და მიიღოს სული ჩემი საუკუნო სასუფეველსა შინა, ამენ!

    (მეტანია)

    ჰოი, ყოვლადმოწყალეო ქალწულო, დედუფალო ღმრთისმშობელო, მონათა შენთა მოყვარეო ტრედო უმანკოო, ცისა და მიწის მპყრობელო დედუფალო, შემწყნარებელო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა ლოცვითა, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო; მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა მონასა (მხევალსა) შენისაგან ხუთგზის ლოცუა ესე, სადა მოვიხსენებ ეგრეთუე მიწიერ და ზეციურ სიხარულთ შენსას:

    (მიწიერი სიხარული). გიხაროდენ, რომელმან უთესლოდ მუცლად იღე უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გიხაროდენ, რამეთუ უმტკივნეულოდ იტვირთე იგი წიაღსა შინა შენსა. გიხაროდენ რომელმან ჰშევ სასწაულებრივად. გიხაროდენ, რომელმან მიიღე მოგვთაგან ძღვენი და თაყვანისცემაი, გიხაროდენ, რამეთუ ჰპოვე მოძღვართა შორის ძე შენი და უფალი შენი. გიხაროდენ, რამეთუ შობა შენი მრავალს აღადგენს მკვდრეთით. გიხაროდენ, რამეთუ იხილე ზეცად აღმავალი შემოქმედი შენი, შენ თვით ამაღლდი მასთან სულითა და ხორცით.

    გიხაროდენ, უბიწოებისა შენისათვის ანგელოზთა და ყოველთა წმიდათა უწმიდესო. გიხაროდენ, რამეთუ წმიდისა სამებისა მახლობელად ჰბრწყინავ. გიხაროდენ მშვიდობისმყოფელო ჩუენო. გიხაროდენ, ყოველთა ზეციურთა ძალთა მპყრობელო. გიხაროდენ, რომელსა გაქუს უმეტესი კადნიერება წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა. გიხაროდენ დედაო, ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, გიხაროდენ, რამეთუ სიხარული შენი არ წყდება უკუნისამდე. ამენ.

    და წარმომიდეგ მე უღირსს ჭეშმარიტისა შენისა აღთქმისაებრ ჟამსა განსვლისა ჩემისასა ამა სოფლიდგან და წარმიძეღუ ზეციური იერუსალიმისაკენ, სადა მეუფებ ბრწყინვალედ ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა თანა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდით მისითურთ აწ და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამენ!

    შეგინებულთაგან ბაგეთა, საძაგელისაგან გულისა, არაწმიდისაგან ენისა, სულისაგან მწიკულოევანისა, მიითვალე ყოვლადწმიდაო დედუფალო, ქება ესე, სიხარულო ჩემო, მიითუალე ვითარცა ქვრივისა ორი მწულილი, და მომანიჭე მადლი გიძღვნა ძღვენი ღირსი დიდებისა შენისა ოხი, ყოვლისა მპყრობელო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო ცათა სასუფევლისაო, რამეთუ გნებავს და ძალგიძს, მასწავე ვითარ მოგმართო, შენ დედას უფლისას, მხოლოსა საფარველსა და ნუგეშინისმცემელს ცოდვილთასა. გიხაროდენ, დედუფალო, რამეთუ დაცემული ცოდვათა შინა, სიხარულით გიხმობ შენ, ყოვლადქებულო დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო. ამენ!

    ვუმზერ ხატსა შენსა წმიდასა, ვითარცა თვით შენ, ღმრთისმშობელო, მტკიცე რწმენრით, სულითა და გულით შეგივრდები და თაყვანს გცემ მარად ყრმა იესუთი, რომელი გიპყრიე ხელთა შენთა, ღმრთივშვენიერად გადიდებ და გევედრები ცრემლით: დამიფარე საფარველითა შენითა ხილული და უხილავ მტერთაგან, რომელმან ადამის მოდგმა ღირს ჰყავ ცათა სასუფეველისა, ამინ!

    შემდგომ ამისა

    ღირს არს...

    დიდება და მადლობა უფალს ყოველივესთვის, რაიცა მოგვაგო ჩვენ!

    სადღესასწაულო ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი

    შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა - 8 (21) სექტემბერი

    ლოცვა 1

    ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გულმოწყალებითა გარდამოიხილე ჩუენ ცოდუილთა და მდაბალთა ლოცუათა ზედა და ევედრე ძესა შენსა, რაჲთა მოგუმადლოს სულიერი და ხორციელი სიმრთელეჲ ყოველთა შენდა მოლტოლვილთა და ყოველი საჴმარი საუკუნოჲსა და ჟამიერისა ამის ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რაჲთა მოგვიტევოს ყოველნი ცოდუანი ჩუენნი ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველთა მწუხარებათა და სნეულებათაგან და ყოველთა ზედამოსვლათაგან და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან გვიჴსნას ჩუენ.

    ჵ, დედუფალო ჩუენო ყოვლადსახიერო, შეუძვრელო სასოო ჩუენო და მეოხო უბრძოლველო! ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, მრავალთა შეცოდებათა ჩუენთათჳს, არამედ განგვიპყარ ხელი დედობრივისა გულმოწყალებისა შენისა და ნიში კეთილი გარდამოავლინე ჩუენ ზედა. გამოაჩინე მდიდარნი წყალობანი შენნი და კეთილმოსწრაფებითა სახიერებაჲ აჩუენე ყოველსა საქმესა შინა; ყოვლისა საწყისისაგან ცოდუილსა და ბოროტისა ზრახუისაგან განგუარიდე ჩუენ, რაჲთა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა და თაყუანისვსცემდეთ პატიოსანსა ხატსა შენსა და ვადიდებდეთ ღმერთსა მამასა და მხოლოშობილსა ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტჱსა და წმიდასა სულსა, ყოველთა წმიდათა თანა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

    ლოცვა 2

    ღმრთისა მშობელო დედუფალო, უფროჲსად დიდებულო დედაო უხუებისა და კაცთმოყუარებისაო, გულმოწყალეო მეოხო ყოვლისა სოფლისაო, შევრდომილნი მონანი შენნი, შენისა საღმრთოჲსა შუამდგომლობისა მომართ მოლტოლვილნი და ყოვლადსასწაულმოქმედისა ხატისა შენისა მომართ ლმობიერებითა მხმობელნი გევედრებით შენ: მხურვალებითა ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, ჵ, ყოვლადსაგალობელო დედუფალო, რაჲთა ყოველთა სნეულებათა და მწუხარებათაგან გვიჴსნას ჩუენ მიერ შენსა და ყოველთაგან ცოდუათა განგუანთავისუფლოს ჩუენ და ზეციურისა სამეფოჲსა თჳსისა მემკუიდრედ გამოგუაჩინოს. დიდი და გამოუთქმელი კადნიერებაჲ გაქუს შენ წინაშე მისსა, ვითარცა დედასა და ყოველივე ძალგიძს, რაჲცა გენებოს, მხოლო სახიერო და კურთხეულო. ამინ.

    ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა - 21 (04.12) ნოემბერი

    ლოცვა

    ვისა მიმართ ვჴმობდე, ვისა მიველტვოდე მწუხარებასა შინა ჩემსა, თჳნიერ შენსა, დედუფალო ზეცისაო? ვინ სადა შეისმინოს გოდებაჲ ჩემი და შეიწყნაროს სულთქმანი ჩემნი თჳნიერ შენსა, ყოვლადუხრწნელო სასოო ქრისტიანეთაო და ნავთსაყუდელო ჩუენ ცოდუილთაო? ვინა დაგვიცუას ჩუენ ჭირთა შინა ჩუენთა უმეტესად შენსა? შეისმინე სულთქმანი ჩუენნი და მოჰყავ ყური შენი ჩემდა, დედუფალო და დედაო ღმრთისა ჩემისაო, ნუ უგულებელსმყოფ მეძიებელსა შეწევნისა შენისასა და ნუ გარემიიქცევი ცოდუილისა ამის ჩემისაგან, დედუფალო ზეცისაო! მასწავენ მე აღსრულებაჲ ნებისა ძისა შენისა და მომმადლე მე წადიერებაჲ, რაჲთა მარადჟამს მივსდევდე წმიდათა მცნებათა მისთა; ნუმცა დამიტევებ მე სულთქმათათვის ჩემთასა სნეულებასა, შრომასა და ჭირსა შინა, არამედ მექმენ მე დედად და მფარველად სულმოკლესა ამას, დედუფალო ჩემო, ყოვლადსახიერო, მეოხო ყოველთაო, დაჰფარენ შუამდგომელობითა შენითა შეცოდებანი ჩემნი და ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცე, მოამდოვრე გულნი მბრძოლთა ჩემთანი და ქრისტესმიერითა სიყუარულითა განატფენ იგინი, ხოლო მე უძლურსა ამას მომმადლენ ყოვლადძლიერი შეწევნაჲ შენი ძლევად ცოდუილთა ჩვეულებათა ჩემთა, რაჲთა განწმენდილმან სინანულითა და ქველისმოქმედებრივსა ცხოვრებასა შედგომილმან, ზიარებისათანა წმიდისა ეკლესიისა განვვლო შემდგომნი დღენი ქუეყნიერისა ამის მწირობისა ჩემისანი, წარმომიდეგ მე სასოო ყოველთა ქრისტიანეთაო და განამტკიცე სარწმუნოებაჲ ჩემი საშინელსა ჟამსა სიკუდილისა ჩემისასა. აღამაღლენ ყოვლადძლიერნი ლოცუანი შენნი მრავალმცოდუელისა ამის ჩემისათჳს ცხორებასაცა ამას შინა და ჟამსა განსვლისა ჩემისასა, რაჲთა განმამართლოს მე უფალმან და თანაზიარმყოს მე დაუსრულებელსა სიხარულსა მისსა. ამინ.

    ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა - 25 (7.04) მარტი

    ლოცვა 1

    მიიღე, ყოვლად-კეთილ-მოღუაწეო, ყოვლადწმიდაო დედუფალო, ესე პატიოსანი ძღუენი, შენ მხოლოჲსა-თჳს, ჩუენ მიერ, უღირსთა მონათა შენთაგან, ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულო, ყოველთაგან არსთა ზეცისათა და ქუეყანისათა უმაღლესად გამოჩინებულო, ამისთჳცა ხოლო შენ მიერ იქმნა უფალი ძალთა ჩუენთანა, და შენ მიერ ძე ღმრთისა ვიცანით ჩუენ, და ღირს-ვიქმნენით წმინდასა ხორცსა მისსა, და პატიოსანსა სისხლსა მისსა, ამისთჳსცა ნეტარ ხარ თესლითი თესლამდე ღმრთივ-სანატრელო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაფიმთა უპატიოსნესო, მხოლოო და აწ, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩუენ უღირსთა მონათა შენთათჳს ნუ დასცხრები, რაჲთა ვიჴსნნეთ ჩუენ ყოვლისაგან ზრახვისა ბოროტისა, გარე-მოდგომილისა ვნებისა, დავიცუნეთ უჭირველად ყოვლისაგან შემჭამელისა საფრხისა ეშმაკთასა, არამედ, ვიდრე აღსასრულადმდე, ვედრებითა შენითა დამიცვენ ჩუენ, რაჲთა ენითა შუა-მდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებულნი, დიდებასა, ქებასა, და მადლობასა, და თაყუანის-ცემასა ყოველსა ზედა, ყოვლისათჳს, სამებისა წმიდისა, და ყოველთა შემოქმედისა აღვავლენდეთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისადმე, ამინ.

    ლოცვა 2

    შევრდომილნი შენდა მომართ, ყოვლადწმიდისა ღმრთისა მშობელისა, გევედრებით: ჰხედევ შენ, დედუფალი, თუ ვითარ უსაზღვროდ ვსცოდავ და განვარისხებ ძესა შენსა და ღმერთსა ჩემსა და დაღაცათუ შევინანებ მრავალგზის, კუალად სიცრუჲთა მოვიქცევი წინაშე ღმრთისა და რაჟამს სინანულსა ვესწრაფი, რაჲთა არა ესევითარად დამსაჯოს მე უფალმან, კუალად შემდგომად არამრავალისა ჟამისა უმძიმესსა აღვასრულებ. მხილველი ამის ყოვლისაჲ რაჲსათჳს არა შემიწყალებ მე, დედუფალო ჩემო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, რაჲსათჳს არა განმამტკიცებ მე და რაჲსათჳს არა მომცემ მე მარადჟამს აღსრულებასა საქმისა კეთილისასა. ამიერჟამითგან მაუწყე ჭეშმარიტად, დედუფალო, თუ ვითარ მოვიძაგნე ბოროტნი საქმენი ჩემნი და შევიყუარო საღმრთოჲ სჯული ღმრთისა ჩემისაჲ ყოვლითა ზრახვითა. არცა ვუწყი, დედუფალო ღმრთისმშობელო, თუ ვითარ ვიქმ და აღვასრულებ საქმეს მას, რომელიცა მძაგს. არამედ, ნუ მიმიშვებ, ყოვლადწმიდაო, ქმნად ნებისა ჩემისა, რომელ უხმარ არს, არამედ იყავნ ჩემს შორის ნებაჲ ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისაჲ, რაჲთა არღარა ვიქმოდე ბილწებათა ამიერ ჟამითგან და შემდგომსა ჟამსაცა ცხოვებულ ვიქმნე ნებისაებრ ძისა შენისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი, თაყუანისცემა და დიდადშუენიერებაჲ დაუსაბამოჲთ მამით მისით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

    მიძინება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა - 15 (28) აგვისტო

    ლოცვა

    ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, დედუფალო, უმაღლესო ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, ანგელოსთა უდიდესო საკჳრველებაო, წინაჲსწარმეტყუელთა უმაღლესო ქადაგებაო, მოციქულთა უდიდებულესო საქებელო, მღუდელმთავართა ჩინებულო სამკაულო, მოწამეთა შეუძვრელო სიმტკიცეო, მონოზონთა მაცხოვნებელო წიანმძღუარო, მმარხუელთა მოუუძლურებელო შემწეო, ქალწულთა სიწმიდეო და დიდებაო, დედათა მყუდროო მხიარულებაო, ყრმათა განმაბრძნობელო და დამსჯელო, ქურივთა და ობოლთა მზრდელო, შიშუელთა სამოსელო, სნეულთა კურნებაო, ტყუეთა განმანთავისუფლებელო, ზღუასა შინა მყოფთა ყუდროებაო, მღელვარეთა აღუშფოთებელო ნავთსაყუდელო, მოგზაურთა მტკიცეო სლვაო, დამაშურალთა კეთილად განსუენებაო, ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლმეოხო, ჩაგრულთა საფარველო და ნავთსაყუდელო, უსასოთა სასოო, ჭირვეულთა შემწეო, უქონელთა დაუშრეტელო სიმდიდრეო, მწუხარეთა მარადის ნუგეშინისმცემელო, მოძულებულთა სიყუარულით შემწყნარებელო, ცოდუილთა მაცხოვნებელო და ღმრთისა მიმართ მიმყუანებელო, ყოველთა მართლმორწმუნეთა მტკიცეო ზღუდეო, უძლეველო შეწევნაო და შუამდგომელობაო. შენ მიერ, დედუფალო უხილავო ხილულ იქმნა, და შენდა ვედრებასა შევსწირავთ ცოდუილნი მონანი შენნი.

    ჵ, ყოვლადმოწყალეო და ყოვლად სასწაულთმოქმედო დედუფალო, დედაო გონიერისა ნათლისაო, მშობელო მეუფისა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა, ყოველთათჳს, ცხოვრებისა მომნიჭებელისა; ზეციურთაგან განდიდებულო და ქუეყანისაგანთა მიერ ქებულო. ანგელოზთა გონიერებაო, მთიებო სხივცისკროვანო, წმიდათა უწმიდესო, დედუფალთა დედუფალო, მბრძანებელო ყოველთა ქმნულთაო, ღმრთივბრწყინვალეო ყრმაო, სძალო შეუგინებელო, პალატო სულისა ყოვლადწმიდისაო, ცეცხლოვანო საყდარო უხილავისა მეუფისაო, ზეციურო კიდობანო, მტჳრთველო ღმრთისა სიტყუისაო, ცეცხლსახილველო ეტლო, განსასვენებელო ღმრთისა ცხოველისაო, გამოუთქმელო ნაწილო ქრსიტჱს ხორცთაო, ბუდეო ზეციურისა არწივისაო, გვრიტო მრავალმხმობარეო, ტრედო უმანკოო, წყნარო და უწყინარო, დედაო შვილმოყუარეო, მოწყალებისა უფსკრულო, განმდევნელო ღრუბელთა ღმრთისა რისხუისაო, სიღრმეო განუზომელო, საიდუმლოო გამოუთქმელო, სასწაულთა გამოუკვლეველო, ეკლესიაო ხელთუქმნელო მხოლოჲსა მეუფისა ყოველთა საუკუნეთაო, საცეცხლურო კეთილსულნელებისაო, სამოსელო პატიოსანო, პორფირო ღმრთივქსოვილო, სამოთხეო სულიერო, ნერგო ცხოველისმყოფელისა ბაღისაო, ყუავილო შუენიერო აღმომამორჩებელო ჩუენდა ზეციურისა მხიარულებისაო, ლერწო ცხოვნებისა ჩუენისაო, ბარძიმო ზეციურისა მეუფისაო, რომელსა შინა შეეზავა ღვინოჲ დაულევნელისა მადლისა სულისა წმიდისა, მეოხო სჯულისაო, დამნერგველო ჭეშმარიტისა ქრისტჱს სარწმუნოებისაო. სუეტო შეურყველო, მწვალებელთა დამნთქმელო, მახვილო ღმრთისა რისხუისაო აღმართებულო ღმრთისმბრძოლთა ზედა, ეშმაკთა შემაშინებელო, ბრძოლათა შინა მძლეო, ყოველთა ქრისტიანეთა უეჭველო დამფარველო და ყოვლისა სოფლისა განთქმულო მაცხოვნებელო.

    ჵ, ყოვლადმოწყალეო ქალწულო ღმრთისმშობელო, შეისმინე ჩუენდა მვედრებელთა შენთაგან და გამოავლინე წყალობაჲ შენი ერსა შენსა ზედა, ევედრე ძესა შენსა განგვათავისუფლოს ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა და დაიცევ სავანენი, ქალაქნი და ქუეყანანი მართალთანი და ყოველნი კაცნი, ღმრთისმოსაობითა მოლტოლვილნი და მხმობელნი წმიდისა სახელისა შენისანი ყოველთაგან დასჴმისა, კლვათა, სიმშილისგან, წვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა უცხოტომელთა ზედამოსვლისაგან და ტომითისაგან ბრძოლისა, ყოვლისა სნეულებისა და ზედამოდგომილებისგან, რაჲთა არცა დაჭრისა, არცა შიშისა, არცა ჭირისა, არცა ყოვლითა სამართლად მოწევნადთა ღმრთისა რისხუათა მიერ შეგივრდებოდიან ერნი შენნი: არამედ დაიცვენ და აცხოვნენ იგინი მოწყალებითა შენითა, დედუფალო, ევედრე მათთვის და კეთილშეზავებაჲ ჰაერისა ჟამსა ნაყოფისა მოღებისასა მოგუმადლენ: აღგვამსუბუქენ, აღგვადგინენ და შეგვიწყალენ, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღვთისმშობელო უფროსადსაგალობელო ყოველნი ყოველსა განსაცდელსა და ჭირსა შინა მყოფნი. მოიჴსენე მონანი შენნი და ნუ უგულებელსჰყოფ ცრემლთა და სულთქმათა ჩუენთა და განგვაახლე ჩუენ მადლითა შენისა მოწყალებისაჲთა, მადლიერებათა ნუგეშინისცემულთა მოგიგოთ შენ შემწედ. მოწყალე იქმენ დედუფალო ყოვლადწმიდაო, უძლურსა ერსა შენსა ზედა, სასოო ჩუენო. განბნეულნი შეკრიბენ, შეცდომილნი დაადგინენ გზასა ზედა ჭეშამრიტებისასა, მოაქციენ განდგომილნი მამულისა სარწმუნეობისგან, მოხუცებულობა განამტკიცე, ყმაწვილნი განსაჯენ, ყრმანი აღზარდენ, და განადიდე განმადიდებელნი შენნი, და ჩინებულად დაიცევ ეკლესიაჲ ძისა შენისა და დაიფარენ მრავლასა დღესა.

    ჵ, მოწყალეო და უფროსად მოწყალეო დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო, ღმრთისმშობელო მარადის ქალწულო! მეოხებითა შენითა შეიწყალენ ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, დაიფარენ იგინი ქუეშე საფარველსა მოწყალებისა შენისასა, საფარველითა შენითა და დაიცევ ევედრე შენგან უთესლოდ განჴორციელებულსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა დაგვიფაროს ძალითა მაღლითა ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან ჩუენთა, უცხოტომელთა და თანატომელთაგან, რომელნი აღძრულ არიან ჩუენ ზედა და სარწმუნოებასა ჩუენსა ზედა და მართლმადიდებელსა. აცხოვნენ და შეიწყალენ, დედუფალო, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღუდელნი და დიაკონნი და ყოველნი ნაწილნი ეკლესიისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ერნი, თაყუანისმცემელნი და მვედრებელნი და წინაშე პატიოსნისა ხატისა შენისა. მოიხილე ჩუენ ყოველთა ზედა მოწყალითა თუალითა შუამდგომლობისა შენისაჲთა, ცოდუათა სიღრმეთაგან აღგვადგინენ ჩუენ და განგვანათლენ თუალნი გულისა ჩუენისანი ხედვად ცხოვნებისა, მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა აქაცა და საშინელსა სამსჯავროჲსა ზედა ძისა შენისასა და ევედრე ჩუენთათჳს.

    სარწმუნოებით განსრული ამა სოფლისგან მონანი შენნი საუკუნესა ცხოვრებასა შინა ანგელოსთა და მთვარანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა მიითვალენ, რაჲთა წარსდგენ მარჯუენით ძისა და ღმრთისა შენისა: და ღირს ჰყვნენ მართლმადიდებელნი ქრისტიანენი ყოველნი ქრისტჱს თანა ცხოვრებასა და ნეტარებასა ზეციურსა სავანესა ანგელოსთა თანა სიხარულითა, რამეთუ შენ ხარ დედუფალო დიდებაჲ ზეციერთა და სასოო ქუეყანისაგანთა, შენ ხარ სასო და მეოხი ყოველთა შენდა მოლტოლვილთა და მვედრებელთა წმიდისა შეწევნისა შენისათა; რამეთუ შენ ხარ მვედრებელი მჴურვალე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა: მრავლისშემძლებელ არს დედობრივი ლოცუაჲ შენი, რაჲთა შეგვიწყალოს მეუფემან და შუამდგომელობითა შენითა წინაშე საყდრისა მადლისათა წარდგომასა ვიკადრებთ მოღებად ყოვლადწმიდათა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა მისთა, დაღაცათუ არა ღირს ვართ მოღებად. ამისთჳსცა ყოვლადპატიოსანსა ხატსა შენსა და მას ზედა გამოხატულსა ყოვლისამპყრობელსა ვხედევთ, რომლისა მკლავთა ზედა ტვირთულხარ შენ და ვიხარებთ ცოდუილნი, ლმობიერებითა შევრდომილნი და სიყუარულითა ამბორსვუყოფთ და სასოებაჲ გვაქუს დედუფალო, რაჲთა შენითა ღმრთივშეწყნარებულითა ლოცუითა მივიწივნეთ ზეციურსა დაუსრულებელსა ცხოვრებასა და ურცხვენელად მარჯუენით წარდგომასა ძისა და ღმრთისა შენისასა, მადიდებელნი მისნი, თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველისმყოფელით და თანაარსით სულით მისითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


add like button
 
   
 
 
 
 
ლოცვანი
ზოგიერთ ლოცვაში გამოყენებულია ამჟამად ხმარებიდან ამოღებული ძველი ქართული ხუთი ასო: ჲ - იოტა, ჳ - ვიე, ჱ - ე მერვე. ჴ - ხარი, ჵ - ჰოე. ჲ იკითხება როგორც ი, ჳ - როგორც ვი, ჱ - როგორც ეი, ჴ - ხ, ჵ - ჰოი.

 
   
   
 
მთავარი ჩვენი ტაძარი ბიბლია კონტაქტი 
 
მთავარი

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,ჩვენს საიტზე.
"უფალი გფარავდეთ"