სარწმუნოება – ლოცვანი
 
 
 
 

ლოცვანი

ლოცვანი მიცვალებულთათვის

    ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის

    მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, ცოდვათა მიმტევებელმან და უშჯულოებათა აღმხოცელმან, უძალო-ჰქმენ, მიუტევენ და შეუნდვენ ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი. იხსენ, უფალო, იგი სამარადისოისა სატანჯველისა და გეჰენიისა მის ცეცხლისაგან უშრეტისა, ნეტარ-ყავ და თანაზიარ იგი საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა, რომელნი განუმზადენ მოყვარეთა შენთა. დაღაცათუ გცოდა, უფალო, არამედ არა განდგა შენგან, არცა შეორგულდა, არამედ ესავდა სამებასა წმიდასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, და შენ, ერთსა სამებისაგანსა, განკაცებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, და ვიდრე უკანაისკნელად აღმოფშვინვამდე მართლმადიდებლობით აღიარებდა სამებასა ერთარსებასა, ვინაიცა მოწყალე ექმენ მას და რწმენაი მისი შენდა მომართ, ვითარცა ღვაწლი დიდი, მიითვალე და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ.

    ქვრივი მამაკაცის ლოცვა

    უფალო იესუ ქრისტე, ყოვლისმპყრობელო, სალმობიერითა და შემუსვრილითა გულითა გევედრები: განუსვენე სულსა მიცვალებულისა მჴევლისა შენისა (სახელი) სასუფეველსა შინა ზეცათასა.

    მეუფეო ყოვლისმპყრობელო, შენ აკურთხე მეუღლეობაჲ მამაკაცისაჲ და დედაკაცისაჲ, რაჟამს სთქუ: „არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე მსგავსი მაგისი“; შენ მიერ იკურთხა შეერთებაჲცა ესე ჩუენი მსგავსად სულიერისა შეერთებისა ქრისტესი და ეკლესიისა.

    მრწამს, უფალო, და აღვიარებ, ვითარცა აკურთხე შენ მეუღლეობრივი შეერთებაჲ ჩემი და მჴევლისა შენისაჲ (სახელი), ეგრეთვე ყოვლადბრძნითა და სახიერებითა განგებულებითა შენითა ინებე განშორებაჲ ჩემი მჴევლისა მისგან, რომელი-იგი ნებითა შენითა შემწე და მეგზურ იყო ცხორებისა ჩემისაჲ. მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა წინაშე ნებისა შენისა მჴევლისა შენისათჳს და გულსმოდგინედ გევედრები: მიიღე ლოცვაჲ ესე ჩემი მჴევლისა შენისათჳს (სახელი) და მიუტევე მას რაჲცა რაჲ სცოდა სიტყჳთ, საქმით, გონებით, მეცნიერებით და უმეცრებით, უკუეთუ შეიყუარა მან ჴრწნადი ესე უმეტეს უჴრწნელისა, უკუეთუ უმეტეს ჰზრუნვიდა შუენიერებისათჳს შესამოსელისა ჴორცთა მისთაჲსა, ვიდრე განსპეტაკებისათჳს სამოსელისა მის სულისა მისისაჲსა უკუეთუ არა იღუწიდა შვილთა თჳსთათჳს, ვითარცა ჯერ არს, უკუეთუ სიტყჳთ ანუ საქმით განარისხა ვინმე, უკუეთუ დრტჳნვიდა იგი მოყუასისა მიმართ მისისა, ანუ თუ განიკითხა ვინმე, ანუ თუ სხუა რაჲ-მე ბოროტი ქმნა, მიუტევე, უფალი, ყოველივე, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა ცოდოს. ნუ დასჯი მჴევალსა შენსა, რამეთუ შენივე დაბადებულ არს: ნუ მიაგებ მას, უფალო, ცოდვათა მისთაებრ, არამედ მოწყალე ექმენ და შეიწყალე იგი დიდითა წყალობითა შენითა.

    გევედრები, უფალო, მომმადლე მე ძალი, რაჲთა დაუცხრომელითა ლოცვითა, ვიდრე აღსასრულამდე ცხორებისა ჩემისა ვითხოო შენ, მსაჯულისაგან ყოვლისა სოფლისა, შენდობაჲ შეცოდებათა მჴევლისა შენისათჳს (სახელი) და ვითარცა-იგი „დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა“ და გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი საწუთოსა ამას ზედა, ესრეთ გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი სამარადისოჲთა დიდებითა შენითა სასუფეველსა შინა შენსა ზეცათასა, სადა-იგი არს ყოველთა მოხარულთა მკჳდრობაჲ და ჴმაჲ წმიდათა მედღესასწაულეთა და ზატიკობაჲ სამარადისოჲ, რაჲთა ერთობით ადიდებდენ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა მამით და სულით წმიდითურთ. ამინ.

    ქვრივი დედაკაცის ლოცვა

    უფალო იესუ ქრისტე, ყოვლისმპყრობელო, შენ ხარ ნუგეში მგლოვარეთაჲ, მფარველი ქურივთა და ობოლთაჲ. შენ სთქუ ესე: „დღესა ჭირისა შენისასა ღაღად-ვყავ ჩემდამი და მე ვისმინო შენი“. ჟამსა ჩემისა სალმობისასა მოვივლტი შენდამი და გევედრები: ნუ მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ისმინე ლოცვისა ჩემისა, რომელ ცრემლთა მიერ ჩემთა მოგიძღუანე შენ.

    უფალო, მეუფეო ყოველთაო, ვითარცა ჯერ-იჩინე შეერთებაჲ ჩემი მონისა შენისა (სახელი) თანა, რაჲთა ვიყვნეთ ერთ სულ და ერთ ჴორც, და ვითარცა მომეც მონაჲ ესე შენი თანამეუღლედ და მცველად ჩემდა, ეგრეთვე ყოვლადბრძნითა და სახიერებითა ნებითა შენითა ინებე განშორებაჲ ჩემგან მონისაჲ მის და მარტოდ ყოფაჲ ჩემი. მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა წინაშე ნებისა შენისა და ჟამსა მწუხარებისა ჩემისასა მოვივლტი შენდამო. დააცხრვე, უფალო, ურვაჲ სულისა ჩემისაჲ განშორებისათჳს მონისა შენისა და მეგობრისა ჩემისა (სახელი) და დაღაცათუ დაკლებულ ვიქმენ მე მისგან, ნუ მომაკლებ წყალობასა შენსა, და ვითარცა შეიწირე ორი იგი მწულილი ქურივისაჲ მის, ეგრეთცა მიითუალე ლოცვაჲცა ესე ჩემი.

    მოიჴსენე, უფალო, სული აღსრულებულისა მონისა შენისაჲ (სახელი), მიუტევენ მას ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი, უკუეთუ გცოდა მან სიტყჳთ ანუ საქმით, მეცნიერებით ანუ უმეცრებით, ნუ წარწყმედ მონასა შენსა უსჯულოებათა შინა თჳსთა და ნუ მიაგებ სატანჯველსა სამარადისოსა, არამედ მიუტევენ და აჴოცენ ყოველნი შეცოდებანი მისნი წყალობითა და მოწყალებითა შენითა და დაამკჳდრე იგი წმიდათა შენთა თანა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაჲ, არა ურვაჲ, არცა სულთქუმაჲ, არამედ - ცხორებაჲ იგი დაუსრულებელი.

    გევედრები, უფალო, მომმადლე მე ძალი, რაჲთა დაუცხრომელითა ლოცვითა, ვიდრე აღსასრულამდე ცხორებისა ჩემისა, ვითხოო შენ, მსაჯულისაგან ყოვლისა სოფლისა, შენდობაჲ შეცოდებათაჲ მონისა შენისათჳს (სახელი) და დამკჳდრებაჲ მისი სასუფეველსა შინა, რომელი-იგი განუმზადე მოყუარეთა შენთა. დაღაცათუ გცოდა მან, უფალო, არა განდგა შენგან, არამედ ვიდრე უკუანაჲსკნელად აღმოფშჳნვამდე შეუორგულებლად და მართლმადიდებლობით აღიარებდა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ვინაჲცა მოწყალე ექმენ მას და რწმენაჲ მისი შენდა მომართ, ვითარცა ღუაწლი დიდი, მიითუალე, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა ცოდოს, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ უცხოჲ ყოვლისაგან ცოდვისა და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნოჲ.

    მრწამს, უფალო, და აღვიარებ, რამეთუ შეიწყნარებ ვედრებასა ჩემსა და არა მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ვითარცა მოწყალე ექმენ ქურივსა მას მოტირალსა და შვილი მისი დაფლვად განმზადებული, აღადგინე, ეგრეთვე მოწყალე იქმენ ჩემ ცოდვილსა ზედა და დააცხრვე მწუხარებაჲ ჩემი, და ვითარცა შეიწირენ ლოცვანი და მოწყალებანი ქურივისა მის და ლოცვითა წმიდისა ეკლესიისა შენისაჲსა განუხუენ კარნი მოწყალებისა შენისანი მიცვალებულსა მონასა შენსა თეოფილეს, და მიუტევენ მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ესრეთ გევედრები: შეიწირე ლოცვაჲ ჩემი და ღირს-ჰყავ სული მონისა შენისა (სახელი) ცხორებასა მას დაუსრულებელსა, რამეთუ შენ ხარ სასოებაჲ ჩუენი, რომელი შეიწყალებ და აცხოვნებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და სულისა წმიდისა თანა. ამინ.

    მშობლის ლოცვა გარდაცვლილი შვილისათვის

    უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მეუფეო ცხორებისა და სიკუდილისაო, ნუგეშინისმცემელო მწუხარეთაო, სალმობიერითა და შემუსვრილითა გულითა შეგივრდები და გევედრები: მოიჴსენე, უფალო, სასუფეველსა შენსა სული მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) და მიეც მას საუკუნოჲ ჴსენებაჲ.

    მეუფეო ცხორებისა და სიკუდილისაო, ვითარცა მომეც მე შვილი ესე ყოვლადბრძნითა და სახიერებითა ნებითა შენითა, კუალად ინებე განშორებაჲ მისი ჩემგან. იყავნ სახელი შენი კურთხეულ, უფალო! გევედრები მსაჯულო ცათა და ქუეყანისაო, უსაზღვროჲთა მით კაცთმოყუარებითა შენითა მიუტევე გარდაცვალებულსა შვილსა ჩემსა ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყჳთნი და საქმითნი, და ჩუენცა, მშობელთა მისთა მოგჳტევენ, მოწყალეო, შეცოდებანი ჩუენნი. უწყით ცოდვათა ჩუენთა სიმრავლე წინაშე შენსა; უწყით, რამეთუ გარდავჴედით მცნებათა შენთა და არა დამცველვექმენით მათ. და უკუეთუ შვილი ჩუენი, ჩუენგან მიცვალებული ჟამსა საწუთოჲსა ცხორებისასა უმეტესღა ზრუნვიდა ამაოჲსათჳს ჴორცისა თჳსისა და არა შენ, უფლისა და ღმრთისა მისისათჳს, უკუეთუ საწუთოჲსა საშუებელნი შეიყუარნა უმეტეს სიტჳსა და მცნებისა შენისა, უკუეთუ მიეცა იგი განცხრომასა და ფუფუნეულსა მას ცხორებასა საწუთოჲსასა და არა შემუსრვილებასა გულისასა ცოდვათა თჳსთათჳს, და უკუეთუ არა თავსმდებ იყო ღამისთევისაჲ, და მარხვისაჲ, და ლოცვისაჲ, გულსმოდგინედ გევედრები: შეუნდვენ, მამაო, ყოვლადსახიერო, შვილსა ჩემსა ყოველნი შეცოდებანი ესევითარნი, შეუნდვენ და აჴოცენ მისგან, უკუეთუ სხუანიცა ბოროტებანი უქმნიან მას საწუთოჲსა ამას შინა.

    უფალო იესუ ქრისტე, ვითარცა აღადგინე ასული იგი იაროსისაჲ ლოცვითა და სარწმუნოებითა მამისა მისისაჲთა, ანუ განჰკურნე ქალწული იგი ქანაანელისა დედაკაცისაჲ ვედრებითა და სარწმუნოებითა დედისა მისისაჲთა, შეისმინე უკუე ლოცვაჲ ესე ჩემი შვილისა ჩემისათჳს და ნუ უგულებელს-ყოფ მას. შეუნდვენ, უფალო, შეუნდვენ მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, აღმოიყვანე სული მისი სამარადისოჲსა მისგან სატანჯველისა და დაამკჳდრე იგი წმიდათა შენთა თანა, რომელნი საუკუნითგან სათნო გეყვნეს შენ, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაჲ, არა ურვაჲ, არცა სულთქუმაჲ, არამედ ცხორებაჲ იგი დაუსრულებელი, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა ცოდოს, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ უცხოჲ ყოვლისაგან ცოდვისა. ესმეს შვილსა ჩემსა საშინელსა მას სამსჯავროსა შენსა ყოვლადსაწადელი ჴმაჲ შენი: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკჳდრეთ დასაბამითგან სოფლისაჲთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“, რამეთუ შენ ხარ მამაჲ წყალობისა და მოწყალებისა, შენ ხარ ცხორებაჲ და აღდგომაჲ ჩუენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

    შვილის ლოცვა გარდაცვლილი მშობლისათვის

    უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მფარველო ობოლთაო, შესავედრებელო მწუხარეთაო, ნუგეშინისმცემელო მოტირალთაო, მოვივლტი შენდამი ობოლი ესე და სულთქუმითა და ცრემლითა გევედრები: შეისმინე ვედრებაჲ ჩემი და ნუ მიიქცევ პირსა შენსა სულთქუმათაგან გულისა ჩემისა, და ცრემლთაგან თუალთა ჩემთასა. გევედრები, მოწყალეო უფალო, დააცხრე მწუხარებაჲ ჩემი მშობლისა ჩემისა (სახელი) განშორებისა გამო, დააწესე სული მისი სასუფეველსა შენსა, რამეთუ მიიცვალა შენდამი ჭეშმარიტითა რწმენითა, კაცთ-მოყვარებისა და მოწყალებისა შენისა მსასოებელი. მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა წინაშე წმიდისა მის ნებისა შენისა, რომლითაცა განშორებულ ვიქმენ მისგან და გევედრები, არ მოაკლდეს სულსა მისსა წყალობაჲ და კეთილმოწლეობაჲ შენი.

    ვიცი, უფალო, რამეთუ შენ ხარ მსაჯული ქუეყანისაჲ. ამისთჳსცა სალმობიერითა და შემუსრვილითა გულითა ჩემითა ვჴმობ შენდამი, მსაჯულო მოწყალეო, ნუ დასჯი სასჯელსა შინა სამარადისოჲსა გარდაცვალებულსა ამას მონასა (მხევალსა) შენსა (სახელი), მშობელსა ჩემსა, რომელი არა დავივიწყო, არამედ გევედრები, შეუნდვენ მას შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყჳთნი და საქმითნი, მეცნიერებით და უმეცრებით, ქმნილნი საწუთოჲსა ამას შინა, და წყალობით და კაცთმოყუარებითა შენითა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეიწყალე და იჴსენ იგი სამარადისოჲსა სატანჯველისაგან.

    ჵ მოწყალეო მამაო მამათა და შვილთაო, მომმადლე მე ძალი, რაჲთა აღსასრულადმდე ცხორებისა ჩემისა და ვიდრე უკუანაჲსკნელად აღმოფშჳნვადმდე, დაუცხრომელითა ლოცვითა ჩემითა მოვიჴსენო გარდაცვალებული მშობელი ჩემი (სახელი) და გევედრები შენ, მსაჯულსა სიმართლისასა: დაამკჳდრე იგი ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა და ადგილსა განსასუენებელსა, სადა-იგი წარხდომილ არს სალმობაჲ, ჭირი და სულთქუმაჲ.

    ღმერთო, მოწყალეო, მიითუალე მჴურვალე ესე ლოცვაჲ ჩემი მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისათჳს (სახელი), მიაგე მას მისაგებელი შენი კეთილი მისისა მის ჩემდა მომართ ქმნილისა ღუაწლისა და მზრდელობისათჳს, რომელსა იქმოდა იგი სარწმუნოებითა და ქრისტეანობითი ღმრთისმოსაობითა, რამეთუ მასწავა მე უწინარეს ყოვლისა ცნობაჲ შენი - უფლისა ჩემისაჲ, ეგრეთვე კეთილ-კრძალულებითი ლოცვაჲ და სასოებაჲ შენდა მომართ ჟამსა განსაცდელისასა, ჭირისასა და სალმობისასა, და დაცვაჲ მცნებათა შენთაჲ, იყო რაჲ იგი კეთილმზრუნველ სულიერსა წარმართებასა ჩემსა და მჴურვალედ მვედრებელ წინაშე შენსა, და გამომთხოველ ჩემთჳს ნიჭთა შენთასა; მიაგე მას წყალობითა შენითა ყოველი კეთილი და სახარულევანი სამარადისოჲსა სასუფეველსა შინა შენსა. რამეთუ შენ ხარ ღმერთი წყალობისაჲ და მოწყალებისაჲ, და კაცთმოყუარებისაჲ, შენ ხარ სიმშჳდე და სიხარული მონათა შენთა ზედა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


add like button
 
   
 
 
 
 
ლოცვანი
ზოგიერთ ლოცვაში გამოყენებულია ამჟამად ხმარებიდან ამოღებული ძველი ქართული ხუთი ასო: ჲ - იოტა, ჳ - ვიე, ჱ - ე მერვე. ჴ - ხარი, ჵ - ჰოე. ჲ იკითხება როგორც ი, ჳ - როგორც ვი, ჱ - როგორც ეი, ჴ - ხ, ჵ - ჰოი.

 
   
   
 
მთავარი ჩვენი ტაძარი ბიბლია კონტაქტი 
 
მთავარი

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,ჩვენს საიტზე.
"უფალი გფარავდეთ"