სარწმუნოება – ლოცვანი
 
 
 
 

ლოცვანი

ლოცვანი წმიდა სამებისა
და იესო ქრისტეს მიმართ

    ლოცვა, მუხლმოდრეკით სათქმელი წმიდა სამების მიმართ

    ჰოჲ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი; რომელსა ძლიერებით გიპყრიან ყოველნი კიდენი სამყაროსანი და განაგებ სიბრძნითა; რომლისა წინაშე ძრწიან ყოველი არსი და ქმნული, სტიქიონი და სულდგმული, მყოფნი ცათა შინა, ქუეყანასა ზედა ქუესკნელისანი; რომლისა ძლიერებისა თანა სიყვარული არს გამოუთქმელი, უფსკრულ-სიღრმე და განუსაზღვრელი; რომელმან სიყვარულისა ამის ძლით შეჰქმენ პირველი კაცი ხატად და მსგავსად შენდა, ხოლო შეცოდებითა მისითა დაცემული არა სრულიად მოიძაგე იგი, ინებე რა კუალად ცხორება ჩუენი მხოლოდ შობილისა ძისა შენისა მოვლინებითა და შემწირველმან მისმან ცოდვათა ჩუენთა აღსახოცელად ჯუარსა ზედა გაკვრითა და საშინელითა სიკუდილითა მისითა; რომელმან სული შენი წმიდა გარდამოუვლინე წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა ქრისტესთა და განაბრძვნენ იგინი და მათ მიერ სახარებაჲ ქრისტესი ყოველსა სოფელსა ექადაგა; რომელმან დიდითა კაცთმოყვარებითა შენითა პირველსა მას საუკუნესა მოიხსენე ერიცა ჩუენი ქართუელთაჲ, დედისა ღმრთისა წილხვდომილად ჰყავ იგი და წმიდათა მიერ მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა შრომითა და მოღუაწებითა მოიმუშაკე იგი; რომელმან კერპოვნებითისა სიბნელითა მიმრუდებულსა დედისა ღმრთისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა კვალად მოუვლინე სულითა წმიდითა განბრძნობილი და აღჭურვილი წმიდა ქალწული, დედაჲ ნინო და განანათლე იგი სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა; რომელი მართლმსაჯულობითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ცოდუათა გამო ჩუენთა და შეგჳწყალებ სულგრძელებითა, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას, – სამკვიდრებელსა ქართუელთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა, მრავალგზის კუეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა, და განამტკიცე იგი. დაიცევ, უფალო, წმიდა ეკლესიაჲ ჩუენი და ყოველნი შვილნი მისნი. მოიხსენე, უფალო, უნეტარესი და უწმიდესი მამათმთავარი ჩუენი ილია, კათოლიკოსი მცხეთისა და პატრიარქი ყოვლისა საქართუელოჲსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა; ყოვლადსამღუდელონი მღუდელმთავარნი და უფალი ჩუენი... (აქა მოიხსენონ ადგილობრივი მღვდელმთავარი); პატიოსანნი მღვდელნი და დიაკონნი, ბერნი და მონოზონნი; დღითი-დღე განაბრძვნენ იგინი, უფალო, მადლითა სულისა წმიდისათა და ლოცვითა და მოღუაწებითა მათითა კეთილად წარუმართე სლუაჲ ერსა ჩუენსა გზასა ზედა ცხონებისასა.

    სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.

    ჰოჲ, უფალო ჩუენო იესო ქრისტე, რომელმან გვასწავე მიღებად ყოველივესი, რაიცა ვითხოვოთ მამისაგან შენისა ზეცათასა სახელითა შენითა. აჰა, უცთომელად მიმნდობელნი სიტყუათა შენთა, ვითხოვთ ღმრთისაგან ყოვლისა მპყრობელისა და მომნიჭებელისა ყოვლისა კეთილისა, რათა სწავლებისაებრ წმიდისა მოციქულისა სიტკბოებამან ღმრთისამან სინანულად მიგვიყვანოს ჩუენ, რომელნი სიფიცხლითა ამით ჩუენითა და შეუნანებელითა გულითა ვინუჯებთ თავისა ჩუენისა რისხუასა დღესა მას რისხჳსა და გამოჩინებისა მართლმსაჯულებისა ღმრთისასა. გვიხსენ, უფალო, რწმენისაგან არაცხოველისა და ნელტფილისა, მოაქციენ გულნი ჩუენნი ამაოთაგან საქმეთა და სიყვარულისაგან შვებათა წუთიერისა და მსწრაფლწარმავალისა ამის სოფლისათა და აღგვიხილენ თვალნი ჩუენნი ხედვად წარუვალისა სოფლისა დიდებისათა და გონებანი ჩუენნი კეთილად განსჯად საქმეთა სულისა ჩუენისა სარგებელისათა; აღანთე ლამპარი გულსა შინა ჩუენსა შენდამი სიყვარულისა და მოგუაქციენ ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, რათა ჩუენ, ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მჴევალნი შენნი, გარნა შენითა შეწევნითა აღმართულნი და მმადლობელნი შენნი გიგალობდეთ შენ, გაკურთხევდეთ შენ, გადიდებდეთ შენ და გევედრებოდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ დიდითა წყალობითა შენითა.

    ამინ.

    იქმენ გამორჩეულ ღმრთისა მიერ წმიდისა სამებისა და ჰბრწყინავ წინაშე მისა, დედუფალო მარიამ, დედაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, და გაქუს კადნიერებაჲ ძისა მიმართ შენისა, მას ევედრე, რათა გუაცხოვნოს ჩუენ თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე, ამინ.

    ლოცვა დღითი-დღე სათქმელი
    უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ
    წმ. ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტისა


    უფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ. გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა.

    მამაო! მეც მონასა შენსა – რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებასა ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ!

    ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა ნებისა შენისა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა.

    თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ. მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი.

    მასწავე მე ლოცვაი შენი – თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა. ამინ.

    გმადლობისა ლოცვა თქმული წმიდისა მაკარისი

    გმადლობ შენ უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა, მდაბალსა დიდსა და სამარადისოსა ყოველსა ზედა და ყოვლისათვის, რამეთუ დამბადე მე არა რასაგან არა-ყოფილი ესე, და განმაძლიერე მე და შემიწყალე მე, და დამიფარე მე, და დამიცევ მე, და განაგენ დღენი ჩემნი ვიდრე აქამომდე. და განმაძლიერე ცოდვილი ესე და უღირსი, ცხოვრებასა ამას სოფლისასა, და არა მტანჯე მე საქმეთა ჩემთაებრ, რამეთუ ვიყავ მე ბევრისა სიკვდილისა თანამდებ, აურაცხელთა ბრალთა და ბოროტთა შეცოდებათა ჩემთათვის, და უჯეროთა უსჯულოებათათვის, რომელნი აღუასრულენ ცხოვრებასა ჩემსა. ხოლო აწ გევედრები შენ უფალო, და ვესავ კეთილთა სიტკბოებათა და მრავალთა მოწყალებათა შენთა, რომელნი ჰყუენ ნათესავსა ზედა კაცთასა, და აწ რათა ღირს-მყო მე მოქცევად შიშსა შენსა, და დაჯერებასა შენსა, დაცუასა მცნებათა შენთასა, ყოვლითა სიტყვითა სულიერითა, ყოვლითა სიწმინდითა ხორცთათა და სულისათა, და ყოვლითა უბრალოებითა და უბიწოებითა. გევედრები უფალო მრავალ-მოწყალეო, რათა არა ივლიანე უსჯულოისაებრ წარვჰსწყმდე ცოდუათა ჩემთათვის, არამედ მანასესებრ ინებე მოქცევაი ჩემი შიშსა შენსა, ვითარცა მოწყალე ხარ უფალო, და განჰსწმიდე სული ჩემი ყოვლისაგან ურვისა ბოროტისა, და ყოვლისაგან გულის-სიტყვისა მწიკულევანისა და ყოვლისაგან გულის-თქმისა შეგინებულისა და საძაგელისა, და ყოვლისაგან სიტყვისა უშუერისა. დამიცევ მე უფალო ყოვლისაგან შურისა და ხდომისა, და ყოვლისაგან ოცნებისა, და მაჩუენებლობისა, და ტყუილისა და ზაკვისა. და მიხსენ მე უფალო ყოვლისაგან შემთხუევისა საძულველისა, და ურვისა, და ყოვლისაგან ბოროტად სიყვარულისა, და ყოვლისაგან სურვილისა მავნებელისა, და ყოვლისაგან ზუაობისა, და ყოვლისაგან განსაცდელისა ბოროტისა. თავ-მოთნებისა, და სიტყვისა შეურაცხისა, და ყოვლისაგან ქებისა, და ცუდდიდებობისა, და გმობისა და ყოვლისაგან გულის-წყრომისა, და ძვირის-ხსენებისა, და ყოვლისა შფოთისა, და ყოვლისაგან წინა აღმდგომისა და სიტყვისგებისა, რისხვისაგან და ლალვისა მიხსენ მე უფალო, ცოდვისა მიზეზთაგან, და ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა საეშმაკოისა და კაცობრივისა და ყოვლისაგან აღძვრისა ხორცთასა და სულისა უცხო-ქმნილისა, განმწმინდე წყალობითა შენითა მხსნელო. და აწ შეგივრდები უფალო ვედრებით, რათა მომანიჭო მე მომცე ყოველი კეთილი, და უმჯობესი სარგებელი სულისა ჩემისა, და გარეწარმხადენ და შემინდუენ ყოველნი ბრალნი ჩემნი, და შეცოდებანი ჩემნი, რომელნი შეგცოდენ შენ, გინათუ გონებით, გინათუ სიტყვით, გინათუ საქმით, ნებსით, გინათუ უნებლიეთ, ცნობით და უმეცრებით, მძინარემან, გინა მღვიძარემან, არამედ შეგივრდები შენ უფალო სახიერო, ნურღარა მიმიშუებ მე, და ნუცა მაუფლებ მე შეცოდებად შენდა მომართ, და ნუცა შემიყუანებ მე განსაცდელსა, უფალო ღმერთო კაცთ-მოყვარეო. არამედ მიხსენ მე ბოროტისა ეშმაკისაგან, და ყოველთაგან საქმეთა მისთა, და უკეთურებათა მისთა, და ღონის-ძიებათა მისთა, და ყოვლისაგან სივერაგისა კაცთასა და მანქანებისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, და დამბადებელი ჩემი, მწყალობელი ჩემი, და მჰსგავსად უძღებისა მის შვილისა ნუგეშინისმცემელი ჩემი, შემწე ჩემი და ხელის-აღმპყრობელი ჩემი, და შენდა მომართ არს სასოება ჩემი, და შენ გევედრები, უფალო ღმერთო ჩემო, ვინმე რისხვასა შინა მოიხსენოს წყალობაი, ვითარ შენ ღმერთო. კაცი განრისხებული იქმნ ბოროტსა, ხოლო შენსა რისხვასა უსწრის წყალობამან. რამეთუ ვინ არს მსგავს შენდა ძვირ-უხსენებელო უფალო, რომელმან უდაბნოს კლდე განაპე, და განაძღე წყურიელი ერი შენი. აწცა უფალო გარე-წარაქციე სამართლად რისხვა შენი ჩემგან. ნუმცა ჰსძლევენ ცოდუანი ჩემნი აურაცხელითა მოწყალებითა შენითა, რათა არა უხაროდენ მტერსა ჩემსა ჩემ ზედა. და შემიწყალე მე აურაცხელითა მოწყალებითა შენითა რამეთუ შენდა ჰშუენის მადლობა და თაყვანისცემა სამებისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


add like button
 
   
 
 
 
 
ლოცვანი
ზოგიერთ ლოცვაში გამოყენებულია ამჟამად ხმარებიდან ამოღებული ძველი ქართული ხუთი ასო: ჲ - იოტა, ჳ - ვიე, ჱ - ე მერვე. ჴ - ხარი, ჵ - ჰოე. ჲ იკითხება როგორც ი, ჳ - როგორც ვი, ჱ - როგორც ეი, ჴ - ხ, ჵ - ჰოი.

 
   
   
 
მთავარი ჩვენი ტაძარი ბიბლია კონტაქტი 
 
მთავარი

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,ჩვენს საიტზე.
"უფალი გფარავდეთ"