მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა კვირიაკესა ზედა შემდგომად ნათლის-ღებისა, თქმული ქუთაისს, ჩყჲბ-სა წელსა
სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარია

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


უმცროსი ძის დახასიათება

უმცროსი ძის ფენომენს მიესადაგება აპოკალიფსური შეგონება: „ჯერ იყო, რაჲთამცა ანუ გრილი იყო, ანუ ტფილი." (გამოცხ. 3.15).

უკიდურესად უშუალოდ ავლენს თავს ძე-შეცდომილი ორივე შემთხვევაში. ყაჩაღის მსგავსად „შეიკრიბა ყოველი უმრწმესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა", უკანმოუხედავად გადაეშვა თავაშვებული ცხოვრების წუმპეში, გაფლანგა და დაკარგა ყველაფერი.

უკიდურეს გაჭირვებისას „შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა" ,„შეუდგა" მიანიშნებს მთელი არსებით მოწადინებას - მოეჭიდოს ხავსს.

შინ დაბრუნებისას იყო კვლავ უშუალო: მოვიდა, რომ მოინანიოს მთელი ცოდვები. ოდესღაც დაკარგული ქონების სანაცვლოდ იძლევა საკუთარ თავს სრულიად, გარეშე მერყეობისა, აწონ-დაწონისა და რაიმე წინაპირობისა.

ეგოიზმი ესაა დაავადებული „ეგო," რომლისთვისაც უცხოა სიყვარული. ამიტომ, აღუდგა რა მამას უძღები შვილი, დასნეულებული „ეგოს" კარნახით წყდება ცხოვრების ღერძს, არღვევს თავის შინაგან ბუნებას, უცხოვდება სიყვარულისაგან. „და მოეგო რა თავსა თჳსსა," ბრუნდება სახლში, პოულობს მამას, რომელიც სიყვარულია.

 

უფროსი ძის დახასიათება

უფროსი ძე სნეულია, აქვს შიგნით ჯოჯოხეთი. მხოლოდ ტანჯვას და შფოთს იწვევს მასში სიყვარული მამისა და სიყვარული კაცთა შორის.

სახარების სხვა იგავი: ქორწილში დაპატიჟებული რჩეულნი უგულებელყოფენ პატივს, გაიზიარონ ლხინი მეუფესთან. მაშინ „ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლუად ყოველთა, რაჲთა აღივსოს სახლი ჩემი" (ლუკა 14.23).

სნეული ძის შემთხვევაში ერთი ასეთი „აიძულე შემოსლუად," გამოიწვევდა მის გარდამეტებულ გაღიზიანებას და ჯოჯოხეთურ ტანჯვას.

იგი შეურყეველი არგუმენტებით განსჯის ყველას ამ დღესასწაულის მოწყობისათვის. მის ყურს აღიზიანებს „ჴმა სიხარულისა და განცხრომისა." მისთვის უცხო და მიუღებელია ღმერთმა შეიწყნაროს ცოდვილი, რომელიც ინანიებს და უბოძოს „სამოსელი პირველი" ვერ იტანს ამ „უსამართლობას", შეურაცხყოფას „ჭეშმარიტებისა".

ხოლო „მამა მისი გამოვიდა და ლოცჳდა მას" და ლმობიერად მოუწოდებდა სიხარულისა და სამადლობელო ტრაპეზთან. მისთვის ეს მოწოდება - გაიზიაროს საყოველთაო სიხარული - ჯოჯოხეთია. სიძულვილი დუღს და თუხთუხებს მის სულში, ალერსიანი მოწოდება მამისა კი განრისხებად და ექსორიად ეჩვენება.

იქნებ ეს ყველაფერი გვეუბნება რაღაცას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა და საყოველთაო განსჯა?

იქნებ განრისხებულ („განჰრისხნა, და არა უნდა შინა შესლუად"), ვერაგ გულს მკაცრი და დაუნდობელი ეჩვენება მხიარული და საყვარელი სახე მრავალმოწყალე ღვთისა?

იქნებ სიძულვილი არის ჯოჯოხეთი, რომელიც ნთქავს და ანადგურებს ჩვენს შინაგან სამყაროს? ღვთის სიყვარული კი კვლავ გვაბრუნებს მუდმივ ცხოვრებაში?

იქნებ იგივე სიყვარული უფლისა არის სასუფეველი ხსნილთათვის, რომელთაც აქვთ უნარი, უყვარდეთ, იყვნენ სინანულში და მარად ჰქონდეთ გონებაში ქრისტე? ხოლო იგივე სიყვარული ჯოჯოხეთია ავადმყოფთათვის, ანუ სიყვარულის უუნაროთა, სინანულს მოკლებულთა და ყველა მათთვის, ვისაც ქრიტე არ ჰყავს გონებაში?

იქნებ სიყვარულით მოწოდება უფლისა, (რომელსაც „არა ნებავს ჴელთა მისთა დაბადებულისა წარწყმედათ, არამედ ნებავს ყოველთა ცხოვრებათ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაჲ" (წმ. ბასილი დიდი), სიყვარულის უუნაროთათვის ისმის, როგორც: „წარვედით ჩემგან, წყეულნო ცეცხლსა მას საუკუნესა"... და იგივე ძახილი სიყვარულის მატარებელთათვის ისმის როგორც: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო"?!...

იქნებ დღესვე განვიკითხებით იმისდა მიხედვით, გულს ვუღებთ სიყვარულს, თუ - არა, და ამით დღესვე განვსაზღვრავთ ჩვენსავე ადგილს ჯოჯოხეთსა თუ სასუფეველში?!

 

ორი ძმის შედარებითი დახასიათება

უმცროსი ძე დაბრუნების მაგალითით აჩვენებს, რა არის აღსარება: ნაყოფი სინანულისა, აღიარება პირადი შეცდომების და დანაშაულებების, წუხილი ცოდვების გამო და შენდობის ძიება.

უფროსი ძე არდაბრუნების მაგალითით აჩვენებს, რა არ არის აღსარება: დეკლარირება საკუთარი ღირსებებისა და სხვათა დანაშაულებებისა, გულქვაობა და სხვათა განკითხვა.

დრომ და მძიმე გამოცდილებამ უმცროსი ძე დაარწმუნა, რომ ღირებულს ვერაფერს იპოვიდა მამისა და მისი კერიდან მოშორებით. შეიგრძნო ცხოველმყოფელ წყაროს მოწყვეტილი ცხოვრების ამაოება.

საწინააღმდეგოდ მოქმედებს დროის მსვლელობა უფროს ძეზე, თავისი პოზიციის სისწორეში დარწმუნებული, ვერ აღწევს სულიერ სიმწიფეს. მუდმივად განიკითხავს სხვებს, უმეტესწილად მამას და დიდი წარმოდგენისაა საკუთარ თავზე.

უმცროსი ძე მოქმედებითაც და სიტყვითაც გამოხატავს სინანულს: ,„მამაო! ვჰსცოდე ცად მიმართ და - წინაშე შენსა"...

უფროსი ძე საწინააღმდეგოდ ამბობს: შენ ხარ დამნაშავე.

უმცროსი ძის ამბოხებას (სანამ წავიდოდა „შორსა სოფელსა"), კიდევ შეიძლება მოეძებნოს რამენაირად ახსნა.

ხოლო უფროსი ძის ამბოხება - როცა „აჰა ესერა, ესოდენი წელნი" გასულან მამის მსახურებაში „და არა უნდა შინა შესლუად" საერთო სიხარულში და ითხოვს თიკანს და არა კრავს, რათა მის მეგობრებთან ერთად იხაროს, (უეჭველია, მისი მეგობრებიც უფლის მიერ განყოფილი „მარცხენითნი თიკანნი" არიან და არა „კურთხეულნი მამისა მიერ" „ცხოვარნი მარჯუენითნი" (მათე 25.33) - სიმძიმეა და ძნელად თუ იკურნება.

როცა გყავს ასეთი მამა - მიმსგავსებული მამა ზეციერს - გაქვს მასთან სხვა ურთიერთობა, საუბრობ სხვა ენაზე, სხვანაირია შენი დანაკარგი და მოგება. თავს არ იმართლებ, რადგან გაქვს შემუსრვლილება გულისა, თვლი შენს თავს დამნაშავედ მამის წინაშე, რომელსაც არამარტო უყვარხარ, არამედ თვითონაა სიყვარული.

ხოლო, როცა არად შერაცხავ მამას, რომელსაც უყვარხარ, აღსარება არ შედგება, კარგავს აზრს. და თუ მაინც კადნიერდები ასეთი აღსარების მიცემად, შედგება დამახინჯებული სასამართლო, სადაც ბრალდებულია არა აღმსარებელი, არამედ - უცოდველი და მართალი.

არადა, როცა შენს წინაშეა სამუშაოს დამკვეთი და ელის შენგან ჩაიბაროს შესრულებული საქმე, ემზადები წარუდგინო შენი ნამუშევარი და მასთან დაკავშირებული ფინანსურ-ეკონომიკური გათვლები იურიდიულ წესრიგში მოსაყვანად... აქ ცხადად ჩანს, ვინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული.

თუ გვაქვს უნარი სიყვარულისა, შევიცნობთ კიდეც ჭეშმარიტებას ღვთისას, ხოლო აღვიმაღლებთ რა ხმას უსიყვარულოდ, ვადასტურებთ ჩვენი ცხოვრების ამაოებასა და სიცრუეს.

 

მამის დახასიათება

„უძღები შვილის იგავის" მამამ იცის დრო, როდის ილაპარაკოს და როდის - არა. როდის განუყოს „საცხოვრებელი იგი" უსიტყვოდ და როდის არ გასცეს თუნდაც ერთი თიკანი და არც განმარტოს, რატომ. როდის და რომელ შვილს ეამბოროს და როდის და რომელ შვილს არ ეამბოროს, მაგრამ ელაპარაკოს მუდარით და დამოძღვროს მამაშვილურად.

არაა საჭირო მრავალსიტყვაობა და ბევრი ახსნა - განმარტება. საჭიროა დროის შეგრძნება, ინდივიდუალიზმი და მცდელობა, რომ გავიგოთ, (თუკი საერთოდ გავიგებთ), როდის რა ხდება.

ასე რომ, აქვს მნიშვნელობა ვიცოდეთ, ვის რა ვუთხრათ და რამდენი. და საჭირო დროს შევწყვიტოთ ახსნა - განმარტება.

მამა უმცროს შვილს არ ეკითხება, თუ რას აპირებს ძე და როდის. ქონების მიცემის შემდეგაც თავისუფლად ამყოფებს სახლში, თუმცა იგი იმავე დღეს არ მიდის და მიდის „შემდგომად არა მრავალთა დღეთა". არ ეკითხება ახლოს მიდის, თუ -შორსა სოფელსა" ყველაფერს წაიღებს თან, თუ - ნახევარს (1შეიკნაიბა ყოველი").

არც უფროს შვილს ჰკითხა, რას აპირებს, ტოვებს თემას ღიად. მხოლოდ განუმარტავს, რა იყო საჭირო: „ხოლო აწ მხიარულება და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმა ესე შენი მომკუდარ იყო, და განცოცხლდა: წარწყმედულ იყო და იპოვა".

ხოლო მუდარა და შეგონება მამისა რჩება უპასუხოდ, დასასრული უცნობია. წყდება საუბარი უეცრად, გვრჩება უკმარისობის განცდა: რატომ არ მთავრდება ეს ამბავი, რატომ წყდება თხრობა ასე?

ასე ხდება საერთოდ: არცერთი თემა არ მივა ლოგიკურ დასასრულამდე, როცა დიალოგი გაქვს ისეთ ადამიანთან, რომლის ბუნებაც ასე დაშორებულია ლოგიკასა და შეგნებას.

სხვანაირად - მხოლოდ საუბრებით - არც უმცროსი ძის ავადმყოფობა განიკურნებოდა. გარდა ერთი ფენომენალური მიტოვებით, მიშვებით, ისწავლოს ვნების გზის გავლით.

საუბრებს და შეგონებებს შედეგი არ მოაქვთ ადამიანებთან, რომელთაც შესმული აქვთ შხამის ფიალა თვითნებობისა, ლოგიკა - საკუთარი თავის მუდამ უდანაშაულობისა და სხვათა განკითხვისა. შეუძლიათ დაუზარებლად გიჩიჩინონ აღურიცხავი წვრილმანები, როგორც საკუთარი ღირსებებისა, ისე სხვათა ნაკლულევანებებისა. ადამიანთა ეს კატეგორია უძლურია შეიცვალონ შეხედულებები და მოინანიონ.

როგორ გვიყვარდეს ისინი, რომელთათვისაც უცხოა სიყვარული? ეს ხომ ერთი უზარმაზარი ჯვარია. უარყოფენ შენს სიყვარულს მათდამი და ამ სიყვარულის წილ ჯოჯოხეთურ ტკივილებს განიცდიან. იტანჯებიან, მაგრამ როგორ გინდა მათ თანაუგრძნო, გაიზიარო ტრაგიზმი მათი უსიყვარულო ცხოვრებისა? ისინი ხომ ესწრაფიან არა საუკუნო ცხოვრებას, არამედ სხვათა გასამართლებას და უარყოფენ ყველას და ყველაფერს...

ასე ასამართლებენ საკუთარ თავს. რა გაეწყობა, ასეთი ყოფილა კონსტიტუცია და მოქალაქობა ჯოჯოხეთისა.

მამა გაურბის, გვერდს უვლის უფროსი ვაჟის ბრალდებებს. დუმს: არც ბრალს დებს არაფერში, არც უქებს, თუ რაიმე სიკეთე ჩაუდენია.

დუმს, რადგან ესაა სიტუაცია, როცა არავის ძალუძს გზა გადაუკეტოს, მიმართულება უცვალოს ლოგიკას, რომელიც ადამიანს გარდაუვალი კრახისკენ, უეჭველი წარწყმედისაკენ მიაქანებს...

აქაა დრამა მამისა: როცა უფროსი შვილი ვერ მიმხვდარა, რომ თვითონ იგიც უძღები შვილია.

 

იგავი და ჩვენ

უშუალო კავშირი აქვს ამ იგავს თავისი მამა - ღმერთით, კაცობრიობის მოდგმასთან, რომელიც ხასიათით ორ ბანაკად - ორ შვილად იყოფა.

სად ვიმყოფებით ვისი პერსონიფიკაცია, ანუ ვისი განსახიერება ვართ?

ეს არაა იოლი კითხვა. საშიშია ნაუცბათევი პასუხი, ამას გვასწავლის ეს იგავი.

უმცროსმა შვილმა თავიდან, როცა დაჟინებით მოითხოვა წილი საერთო ქონებიდან, (ანკი ვინ უთხრა, რომ ჰქონდა რაიმე უფლება მსგავსი ქმედებისა?), ვიდრე გაფლანგავდა ყოველივეს და დაიწყებოდა საყოველთაო შიმშილი იმ შორეულ მხარეში და დაიმშეოდა თვითონ და სხვა მოქალაქენიც... ვიდრე მოხდებოდა ეს ყოველივე, იყო თავბრუდახვეული. მისი სულიერი მდგომარეობა არ იყო ჯანსაღი, არ ეკუავნოდა თავისთავს. მას არ ჰქონდა განსეჯის უნარი, რომ გაეცნობიერებინა, თუ რას ჩადიოდა. მხოლოდ ყოველივე ამის შემდგომ „მოეგო თავსა თჳსსა".

ანუ, თუ ვიმყოფებით უმცრისი ძის სიტუაციაში, ნიშნავს, ვართ რეალობაში, როცა არ ვეკუთვნით ჩვენ თავს და არ ვიცით, რა ხდება, რას ჩავდივართ და თუ გვგონია, რომ „ვიცით" - რაც ხშირად გვემართება - განვიგდებით „შორსა სოფელსა" თუ უფლის შემწეობით მოვეგებით „თავსა თჳსსა", მხოლოდ მაშინ აღმოვაჩენთ ჩვენს ბოგანოობასა და სიშიშვლეს.

არც უფროსი ძეა ნაკლებ გზააბნეული, არც ის ეკუთვნის საკუთარ თავს. არ ამჟღავნებს გონებაზე მოსვლის რაიმე ნიშანს, არ მიდის მამისაკენ, რომ მოინანიოს თავისი ავადმყოფური მდგომარეობა, აღიაროს ადამიანური უძლურება. ამის საპირისპიროდ, განსჯადაკარგული უტიფრად აღასრულებს თავის ნებას: „განჰრისხნა, და არა უნდა შინა შესლუად". და დარწმუნებულია, რომ სიმართლე მის მხარესაა. სიმართლე კი იმასთანაა, ვინც ჰყოფს არა თავის ნებას, არამედ ნებას ზეციერი მამისას.

მისი სიტყვები და საქციელი ცხადყოფს უგუნურებასა და უაზრობას თვითდაჯერებულობისას, რაც ასე მიუღებელი და უცხოა უფლისათვის.

„აჰა ესერა, ესოდენი წელნი გმონენ შენ": ანგარიშობს მიწიერ დროს და ხელითქმნილ მატერიას და არა დროის მიღმა მყოფ მუდმივ ცხოვრებასა და ხელთუქმნელ მადლს. მადლს, რომლის იმპულსმაც წამისყოფით ფერი უცვალა ჯვარცმულ, მონანიე ავაზაკს და გზა გაუხსნა საუკუნო ცხოვრებისაკენ (ლუკა 23.34).

კიცხავს უმცროს ძმას უძღებისა და მამის ნების წინააღმდეგობისათვის, როცა არც თვითონ გააჩნია მორჩილება მშობლის მიმართ: იმ დროს, როცა იქადის ხანგრძლივ, უმწიკვლო და მორჩილ მსახურებას: „აჰა ესერა, ესოდენი წელნი გმონენ შენ, და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰხედ," იმავ წუთს შესასრულებლად არამძიმე საქმეს - დაჰყვეს მამის ნებას და გამოხატოს თანადგომა საერთო ოჯახურ ბედნიერებაში - თავს არიდებს.

ამრიგად ძნელია, ვთქვათ რომელ მხარეს, რომელ ბანაკში ვიმყოფებით, რადგან შეიძლება დავისაჯოთ განგდებით „შორსა სოფელსა". შესაძლებელია ჩვენი თავი ჩვენადვე არ გვეყუდნოდეს და წარმოდგენაც არ გვქონდეს ამაზე.

რა ძნელია იმყოფებოდე უსაშველოდ შორს, როცა სულიერად ეკუთვნი მამის სახლს. მაგრამ ძნელზე ძნელია „ესოდენი წელნი" მსახურებდე მამას ყოვლისას და საბოლოოდ ვერ იგემო გემო „ზუარაკი იგი ჭამებული"-სა და ვერ გახდე თანამეინახე სამყაროს ბრწყინვალე ზეიმისა.

 

ჩვენ - სულიერი მამები

არსებობს ერთგვარი წონასწორობა ამ ისტორიაში, რამდენადაც მამა ყველაფერს განიცდის და ყოველივეს აწესრიგებს ღვთიურად, მშვიდად ეზიდება ოჯახის ჯვარს. ორივე ვაჟს ჰქონდა პრობლემები: დაიტანჯნენ და დატანჯეს იგიც. მხოლოდ მამა ირჯებოდა უბადლოდ, ღვთიურად: არც უმცროსი ძე ამხილა უძღებებაში და არც უფროსის თავმოგვარეობას შეხებია, ესაუბრა რა მას მუდარით. მისი მოქმედების მანერა ამჟღავნებს უძირო სიყვარულს და მოაქვს ნუგეში.

რადგან გვყავს ასეთი მამა-ღმერთი, შეგვიძლია გვქონდეს იმედი, რომ ვიპოვით სახლის გზას, საკუთარ თავს.

ადამიანები ღვთისათვის ყოველთვის შვილებად ვრჩებით და მაგალითი მამასთან დაბრუნებისა არის იგავის უძღები შვილი. მაგრამ ხშირად ვიმყოფებით მამის, ანდა სულიერი მამის ადგილზე. ამ შემთხვევაშიც მაგალითს, თუ როგორ მოვიქცეთ, როგორ უნდა ვეპყრობოდეთ შვილებს, გვაძლევს „მამა" იგავისა.

ჩვენ - აწ უკვე სულიერ მამებს - თუ ოდესმე განგვივლია და განგვიცდია უმცროსი ძის მსგავსი განსაცდელი, როცა იგი ბრუნდება, ან დაბრუწდა მამის სახლში, მაშინ შეგვიძლია შევიწყნაროთ და გავუგოთ ჩვენს შვილებსაც. მაშინ შევძლებთ, ვიგრძნოთ და ვაღიაროთ, ვართ უძლურნი, საკმაოდ უძლურნი იმისათვის, რომ შევცვალოთ რამე, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ, რადგან გვყავს უფალი „შემძლე ტჳრთუად უძლურებათა ჩუენთა".

ხოლო, თუ ამჟამადაც ვიმყოფებით უმცროსი ძის მსგავს სულიერ მდგომარეობაში, როცა უძღებებით ცხოვრობდა „შორსა სოფელსა" ან უფროსი ძის მსგავსად ყოველთვის „მართლები" ვართ, მაშინ ყალბი მცდელობაა, ვბაძავდეთ „მამას!" იგავისას... დავიტანჯებით და ყოველთვის დავიტანჯებით.

თანახმად ყოველივე ამისა, შეგვიძლია განვასხვავოთ სულიერ მამათა ორი ტენდენციური სახე:

პირველნი - ჩანან ლიბერალურნი, დამთმობნი, მომთმენნი, არ იძლევიან შენიშვნებს, ამართლებენ ახალგაზრდებს, არ კურნავენ მათ დაავადებებს (არც შეუძლიათ), რასაც არ უნდა აკეთებდნენ მათი შვილები, ყოველივეს თვლიან ბუნებრივად, მართებულად და სრულყოფილებად. ეს სიყვარულის ნაყოფი კი არა, შედეგია გულგრილობისა და ზედაპირულობისა, მცდელობაა, რომ დაამყარონ დროებითი მეგობრობა შვილებთან. ეს მოძღვრები თავის უუნარობასა და უმეცრებას მალავენ ყალბი კაცთმოყვარეობითა და იაფფასიანი გულისხმიერებით. სინამდვილეში კი ხდება აბსოლუტური იგნორირება და მიტოვება ადამიანისა, რომლის იდეალიც სულ სხვა სიმაღლისა და ღირსებისაა.

ასეთ წინამძღოლებს ახალგაზრდები მცირე ხნით მიჰყვებიან - მოტყუებულნი „გაბედული ავანგარდიზმით" და ცრუ ლიბერალიზმით - და დროულად ანებებენ თავს, თუ აქვთ მტკიცე ხასიათი და მოთხოვნილება ნამდვილი სულიერებისა, რადგან შეიცნობენ მათ მჩატე ბუნებას. ეს მოძღვრები არ იცნობენ ცხოვრებას, ადამიანის ბუნებას და მის სიღრმისეულ მოთხოვნილებებს.

მეორენი - ხორციელად იმყოფებიან მამის სახლში, (როგორც უფროსი ძე), სინამდვილეში კი სულიერად შორს დგანან „მამის" სიყვარულისაგან. თავით თვისით ესწრაფვიან ხელდასხმას სულიერ მამებად, (ისინი ხომ „ესოდენი წელნი" მსახურებენ) და გვევლინებიან სხვათა მრისხანე და გაუთლელ მსაჯულებად. პირადი ომი სინანულისა და სიმდაბლის მოსაპოვებლად გასრულებული აქვთ და ახლა მოუცლიათ სხვათა პრობლემებისათვის. ეშურებიან არა „მამის" უბიწო სიყვარულის მაგალითს, არამედ თავის ისედაც შურიანი და მუხთალი გულის ზრახვებს. - ასე უმალ ხდება ყველასათვის ცხადი მათი შინაგანად ქაოტური და ბოღმიანი ბუნება. ამ ცრუმოძღვართა ხმა და საქციელი განსხვავდება ჭეშმარიტი მწყემსის ხმისაგან, რომელმაც „სული თჳსი დადვას ცხოვართათვის" (იოანე 10.11).

ამისთვის ტოვებენ ადამიანები მსგავს მოძღვრებს. რამდენადაც შორდებიან მათ (და სამართლიანადაც), იმდენად დემონურდებიან მიტოვებულნი და უთვლიან წყევლა-მუქარას ყველას, ვინც არ ცხოვრობს მათი კურთხევით.

არ შეგვიძლია, არა გვაქვს უფლება, გამოვავლინოთ - არც მეტად და არც ნაკლებად - შემწყნარებლობა ან სიმკაცრე, ვიდრე ამას ავლენს მამა-ზეციერი. სხვანაირად რომ ვთქვათ: ჩვენი შემწყნარებლობა და სიმკაცრე, არასაკმარისი ან ზედმეტია სხვათათვის. ის, რაც გვესაჭიროება, მხოლოდ დუმილია, (თუ შეგვიძლია ვიცხოვროთ იგავის იდეალით). დუმილი, რომელიც შესაბამის დროს და ადგილას უფრო მეტყველია, ვიდრე ვერბალურად თანწყობილ ბგერათა მთელი კასკადი. დიახ, დუმილია ის ერთადერთი სწორი დგომა, რითაც ხამს, რომ შევეგებოთ თვით საკუთარ სიკვდილსაც და აღგომასაც. ასე უნდა ვიცხოვროთ ჩვენთვის და ყველასათვის, ამით მივეახლებით წინამძღოლს ჩვენი ცხონებისას და არა ჩვენი უღირსი თანამგზავრით - საკუთარი შეხედულებებითა და ძალისხმევით.

ის, ვინც დაბრუნდა ან ახლა ბრუნდება, ხედავს მხოლოდ თავის უღირსებას („არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა"). ამიტომ განიცდის ფერიცვალებას და იწმინდება უფლის მადლითა და სიყვარულით. თვლის თავის თავს ცოდვილად და სხვებს - უცოდველად. ამ ადამიანის სიყვარული მსგავსია ღვთის სიყვარულისა, უყვარს ღვთის სიყვარულით, რომლის ხელშიცაა ცხონება და სჯა. ამ ადმიანის საშუალებით უყვარს და მისი სახით ცხადდება თვით ღმერთი ხდება ღმერთი ღვთის მადლით და არა ღმრთისმეტყველი საკუთარი ფანტაზიით. პირველი ძვირად მისაღწევია, მეორე კი მუქთაა და ყოველდღიური.

განწმენდილნი, წმინდანნი ნუგეშინისგვცემენ, გვეხმარებიან ცხონებაში. მათ ძალუძთ, აიღონ თავისთავზე ტვირთი უფლის საქმისა, რადგანაც ღაღადებენ ჭეშმარიტებას როგორც სიტყვით, ისე თვისი ცხოვრებით. აჩვენებენ, რომ მათი ომი გრძელდება ბოლომდე, სანამ ადამიანი არ ჩავა საფლავში. საქმე სინანულისა გრძელდება, სანამ ვცოცხლობთ. და დღე ჩვენი დასაფლავებისა არის დღე შაბათისა, დღე დასვენებისა.

ჩვენ უძლურნი, რომლებსაც მუდამ გვაქვს პრობლემები, ვუსმენთ და გვჯერა წმინდანების. გვინდა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიყოთ მათ სიახლოვეს. ვგრძნობთ, რომ ისინიც თავის მხრივ გვგრძნობენ და გვმკურნალობენ, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი განკურნება. მათი კაცთმოყვარეობა ქმედითია, სიმკაცრე და შველა მათი კი - კაცთმოყვარული.

ღვთის სიყვარულისა და წმინდანთა შეწევნის გარეშე, რომლებიც გრძნობადად ხდიან უფლის სიფაქიზესა და მის ცხოველმყოფელ ნათებას, სიცოცხლე ქვეყანაზე ბჟუტავს და ჯოჯოხეთურად ცივა: მოქალაქენი „შორი სოფლისა" გწირავენ და გაგზავნიან „ველად თჳსა, ძოვნად ღორთა", ანუ მწყემსვად და მსახურებად ხორციელ ვნებათა, „უფროსი ძმის" ტიპის „მართლები" კი გასამართლებენ, შენი სინანულის წილ შენდობას არ გაძლევენ და ზურგს გაქცევენ.

ოღონდ ყოველთვის არსებობს „მამა", რომელმაც გშობა სულიერად, სტკივა შენი ტკივილი, გელის და ზრუნავს შენზე.

ზესთა სოფლამდე ქვედა სოფელი მოგვეცა საცხოვრებელად კაცთა და იცხოვრება კიდეც, რამდენადაც გვყავს მამა - ღმერთი და ჭეშმარიტი თანამოძმენი ჩვენნი.

უფალ იესო ქრისტეს ...
მოწამე არდალიონი (...
დედა ღვთისა,როგორი...
ღირსი ბარლაამ და ი...
მადლი
წმიდა მღვდელმოწამე...

გფარავდეს წმიდა ნიკოლოზი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ დიდ ხუთშაბათს

დათვალიერება...

უფალო დაიფარე სრულიად საქართველო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მარიამ მაგდალინელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ათანასე დიდი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აბო თბილელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მამა ანტონ მესვეტე მარტომყოფელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...