არიქმანდრიტი ვასილი
(ათონის ივერთა მონასატრის იღუმენი)
იგავი უძღები შვილისა
(ლუკა 15,11-32)
კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.
ამბოხება უმრწემესი ძისა და მოქმედების სახე მამისა
უმრწმეს ძეს იგავისას იხსნის შეგრძნება იმისა, რომ არის ძე - შვილი მამისა. განიცდის და მეტყველებს ამ ლოგიკით, ცხოვრობს ამ ოჯახურ სივრცეში. ამიტომ ამბობს: „მამაო! მომეც მე"...
ცოდვა და სისუსტე მისი კი არის ის, რომ ჭეშმარიტად უმწიფარი, არ იცნობს არსს მამობისას, რომ არსი მამობისა იგივეა, რაც არსი შვილობისა. ჯერ არ გაუცნობიერებია ის, რასაც შემდგომ მამა ეტყვის უფროს ვაჟს: „ჩემი ყოველი შენი არს" ამიტომაც ითხოვს მამისაგან ქონების კუთვნილ წილს.
ცოდვა, იგივე ბოროტება, არის განყოფა ანუ დანაწევრება, რომელიც ხდება თვით უმცროს ძეში. „პირობა ბოროტებისა მდგომარეობს არა მის ბუნებაში, არამედ არასრულ სიკეთეში" (წმ. მაქსიმე, გვ. 4, 310 A).
მამა არის მეუფე სიყვარულისა. იგი არ ეძიებს თავისას. ეძიებს, რომ იხსნას ძე, რომლის ღირსება მისი ღირსებაცაა. სიყვარული მამისა გაცილებით ღრმაა, ვიდრე განსჯა საზოგადოებისა. არ სურს მამას განსწავლოს ძე სიტყვიერად. მან იცის, რომ სიტყვიერი დიდაქტიკა აქ უძლურია.
დამდგარა ჟამი ხეტიალისა, ვნებისა და შემდეგ თვითშეცნობისა. იცის მამამ, რომ ეს არის სასიკვდილოდ სახიფათო გზა, მაგრამ ვერ ხედავს პრობლემის გადაწვეტის ალტერნატივას.
იძლევა საგზლად სიყვარულს, რომელიც ისეთი უკიდეგანოა და უსაზღვრო, რომ თანაბრად ეფინება ახლოს თუ შორს. იძლევა უსიტყვო ზნეობრივ აღზრდას, იდუმალ განიცდის და გადის ჯვარზე - ლოდინის ჯვარზე.
აქ არა აქვს ადგილი თემას, რომ მამამ იძულებით დააკავოს შვილი თავისთან, არამედ აძლევს შესაძლებლობას, ქმნის წინაპირობას, რითაც ძე დაბრუნდება მშობელთან - ცხოვრების წყაროსთან.
ინდივიდუალური სვლა კვლავ მამისაკენ განსაზღვრავს ძის პიროვნებას. ნუთუ ფრაზა: „პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲა იგი იყო ღმრთისა თანა"... (იოანე 1.11) (და არა „სიტყუაჲ იგი იყო ღმერთში") არაფერს გვეუბნება ძეობისა და მამობის საიდუმლოებაზე?
აძლევდე სხვას შესაძლებლობას, რომ თავისუფლად დაბრუნდეს სახლში, ნიშნავს, იპოვოს და იგრძნოს ეს სახლი საკუთარ სახლად. სადაც უნდა იმყოფებოდეს, სწორი დამოკიდებულებითა და ურთიერთობით მშობელთან, ყოველჟამს იქნება მამის სახლში.
უსიტყვოდ „განუყო მათ საცხოვრებელი იგი". მხოლოდ ამ ფორმას ურთიერთობისას ღებულობს ძე-შეცდომილი და მამამაც გაიღო ნაწილი ქონებისა, რომელიც ითხოვეს მისგან. მოკვეთილი ნაწილი საცხოვრებელისა კი არის ნასხლევი „ვენახი ჭეშმარიტისა" ნასხლევი, რომელსაც „ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა" (იოანე 15.4).
ძალმომრეობითა და ამბოხით მოპოვებულს მივყავართ არა ცათა სასუფეველში, არამედ სასოწარკვეთილებისა და კატასტროფისაკენ. შეკრებილი ძალმომრეობით - განიბნევა არაწმიდებით. „და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხონდებოდა იგი არაწმიდებით".
...მსწრაფლი ჭკნობა და განბნევა, მდგომარეობა უნაყოფო და უპერსპექტივო, სადაც იმიჯნება ამაოება სულიერი ცხოვრებისაგან, სადაც სუფევს ხრწნა და აჩრდილი სიკვდილისა...
ხოლო წილი, რომელსაც გვაძლევს ჩვენ უფალი, არის სხეულისაგან ღმერთკაცისა, რომელიც ნაწილდება და არ განიბნევა, რომელიც იჭმევა და არაოდეს იხრწნება. იგია სულ მცირეოდენი საფუარი, ცათა სასუფევლის მთელი დინამიზმით, „რომელი მოიღონ და შეჰრთონ" ღმრთის დემიურგიის „სამსა საწყაულსა, ვიდრემდე" აცხოვნნეს ყოველი სოფელი. (მათე 13.33).
სიცრუე უჩინარდება და გვტოვებს
სინამდვილის ცეცხლში გამოიცდება ხიბლის სიცრუე, რომელიც უჩინარდება, გვტოვებს მარტოს, მიუსაფარს და მშიერს უცხო ქვეყანაში, სადაც ყოველი იფლანგება და არ აღსგება: „მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი."
მხოლოდ მას არ შემოხარჯვია ქონება, რადგან „იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა". უცხო ქვეყანაში არავის უცხოვრია მარად უზრუნველად: ბოლოს ძლიერი შიმშილი სტანჯავს ყველას, რადგან არავის ძალუძს შველა. სუფევს გაუფასურება ყოველივესი, ბოგანოდ ქცევა და ადამიანის საბოლოოდ განადგურება.
და როცა ითხოვ შეწევნას, როცა მიხვალ, რათა შეუვრდე „ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა" იგი გიბიძგებს უფრო დაბლა - წარგავლენს „ძოვნად ღორთა" ანუ მწყემსად ვნებათა. უარყოფს ბუნებას, შენს კეთილშობილებას - გთვლის პირუტყვად.
„და გული ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჰსჭამედ ღორნი: და არავინ სცის მას". სოფელსა ამას ენანება შენთვის ღორების სალაფავიც კი, მაგრამ როცა იძლევა, იძლევა თითქმის არაფერს. რჩები მშიერი, რადგან ღორების საკვებით „არა ცხონდების კაცი" რამეთუ გაქვს მოთხოვნილება სხვა საკვებისა.
ჭეშმარიტი რჩება და გვიხსნის
უმრწმესი ძის გამოცდამ უცხო ქვეყანაში გამოაჩინა, თუ რა იმალებოდა მასში, რა გამძლეობა ჰქონდა, რა შერჩა ხელშეუხებელი, ვის შეეძლო შემწეობა, ვის უნდა შესდგომოდა... „მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენე შენი" (ფს. 62.8), ვისთვის უნდა შეეფარებინა თავი, ვინ არს „შესავედრებელ და მწყალობელ", სად არის პური ცხოვრებისა, ცხონება და აღდგომა ყველასათვის.
„აღვჰსდგე და წარვიდე მამისა ჩემისა, და ვჰრქუა მას: მამაო! ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა" - წინაშე შენსა, რომელიც ხარ მამა-ზეციერი და გაგაჩნია ისეთი დიდი სიყვარული, რომელიც სრულყოფს ცასა და ქვეყანას. მოვიდე შენთან, რომელიც ჩემი თანამგზავრი ხარ ამ ჯოჯოხეთივით უკმარისობისა და უძღებების ქვეყანაში. „და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა", დავკარგე პატივი ძეობისა, რაც არ არის მხოლოდ კუთვნილი წილი მამის ქონებიდან, რომელიც შეიძლება აღვადგინო ჩემი შრომით, რომ უკანვე დაგიბრუნო. შევბღალე მამაშვილური კავშირი. უძლური ვარ ვყო რაიმე, რამეთუ პატივი მეც უმეტესად, ვიდრე ვიმსახურებდი. მე მამხელს შენი ქმედება.
რომ არ ყოფილიყავ მფლობელი ესოდენ დიდი სიყვარულისა, რომ არ მოქცეულიყავ ისე, როგორც მოიქეცი, თუნდაც შეგშლოდა რამე, ან არ იყო ასე სრული ყოველივეში, იქნებ მეცადა თავის მართლება, მაგრამ მაფიქრებს და მამუნჯებს გონებამიუწვდომელი სიფაქიზე და დიდსულოვნება შენი, რომელიც ესესაა შევიცანი.
აუცილებელი იყო ასე შორს წასვლა, რომ ეს მეგრძნო?! უნდა მიმეღწია წარწყმედისა და სიკვდილისათვის, რომ გამეგო რას ნიშნავს ხსნა და ცხონება?! რა ვთქვა, ეს ყოველივე ამჟღავნებს: ჩემს უღირსებასა და უგნურებას, ხოლო შენს სულგრძელებასა და სიყვარულს, რაიც მე მთანგავს.
მოვილტვი შქსკენ, შენი სიყვარულით დატყვევებული, მქმენი მონა შენი, რამეთუ შენ ხარ სულგრძელება და თვით ცხოვრება.
„მამაო! ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა. და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი."
უმცროსი ძისა და მამის შეხვედრა
„და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან, და შეეწყალა: და მიჰრბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას."
მიხვდა ძე, მიიღო პასუხი: შეისმინა მამამ აღსარება, ვიდრე მას გამოთქვამდა. გრძნობს მამა მის სინანულს უთქმელადაც, ხედავდა თავის ძეს ამ ძნელ მოგზაურობაში, რადგან მასთან იმყოფებოდა უხილავად.
ხოლო ძე იწყებს აღსარებას. ეს არის აღსარება ერთი ამოსუნთქვით, რომელიც გამოდის მისი არსიდან, არსიდან, რომელიც შობს სიტყვებს, რათა განთავისუფლდეს, მაგრამ ვერ ამთავრებს სათქმელს.
„და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო! ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა"...
ზვავად მოვარდნილ სიყვარულის ნაკადში ხმა უწყდება, ვერ ამთავრებს ფრაზას: „მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი".
ახლა სიტყვა მამაზეა... მამაც იგივე მანერით მეტყველებს, მდუმარედ და ნათლად. არ ეუბნება შვილს არაფერს საკუთარ თავზე: თუ როგორ განიცდიდა ტკივილს, როცა ძე წავიდა მისგან, ან რაოდენ გაახარა შვილის დაბრუნებამ. ეს ყოველივე გამოუთქმელია, შეუძლებელია სიტყვით დაისაზღვროს დაუსაზღვრავი, უძლურია ენა, გადმოსცეს უხილავი მამობრივი სიყვარული, იგი მხოლოდ დუმილით შეიძლება გამოითქვას.
ამ მისტიურ დუმილში ხდება მათი ფერიცვალება. ეს არის ნათლობა სიყვარულის ცეცხლით, რომელიც ენას უკარგავს მეტყველების უნარს.
ლაპარაკობს, აძლევს მონებს განკარგულებებს: „გამოიღეთ სამოსელი პირველი, და შეჰმოსეთ მას, და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა, და ჴამლნი ფერხთა მისთა. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული, და დაჰკალთ, და ვჰსჭამოთ და ვიხარებდეთ. რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო, და განჰსცოცხლდა: წარწყმედულ იყო, და იპოვა"... მხოლოდ სხვებთან ძალუძს ილაპარაკოს შვილზე.
როცა ამბობს: „მომკუდარ იყო, და განჰსცოცხლდა: წარწყმედულ იყო, და იპოვა" - მიანიშნებს იმ დიდ დრამასა და სიხარულზე, რომელიც გადაიტანა და განიცადა ორმა: მამამ და შვილმა.
იგავის დასაწყისში და ბოლოსაც მამის დუმილი არ ნიშნავს მის გულგრილობას, არცოდნას დრამის სიღრმისას, გაუცნობიერებლობას საფრთხისა, რომელიც ელოდა მის ძეს. არ ამჟღავნებს არცერთ ნიშანს აპათიისას, რაც გაამჟღავნებდა მის გულგრილობასა და გრძნობათა არქონას. ყველაფერი განიცადა, ყველაფერი გადალახა თვისი უნაპირო სიყვარულით. მას თვალს ადევნებს, მასთანაა თვით წარწყმედასა და სიკვდილშიც, მასთან ერთად იმარხება. იცის - თუნდაც არ მოუყვეს შვილი - თითოეული წვრილმანი, მთელი ეს ოდისეა. რომ ჭეშმარიტად იგემა ძემ ჯოჯოხეთი, წარწყმედა და სიკვდილი.
და იპოვა, და გადარჩა, აღსდგა სხვა ძალით, რაც ყოველთვის იყო მასში. არსებობს ძალა შვილობისა და მამობისა. იყო ძე, განშორებისას და დაბრუნებისასაც ამბოხს: „მამაო!" ხოლო იგი იყო მამა, არ სურდა დაეთრგუნა თავისი ვაჟი, მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხისა. უბოძა რა საშიში თავისუფლება, იფარავდა თვისი იგავმიუწვდომელი სიყვარულით.
და სძლია სიკვდილს მამობრივმა სიყვარულმა! და აგიზგიზდა სადღესასწაულო სიხარული! იკვლება „ზუარაკი იგი ჭამებული". როგორც ამბობენ მამები: „ზუარაკი იგი" არის ძე ღმრთისა, ხოლო დღესასწაული - საღმრთო ლიტურღია, კრებული, ცხოვრება და სისავსე ეკლესიისა.
დაბრუნება, რომელიც გათავისუფლებს
უმრწმესი ძე ფიქრობდა, ეთხოვა მამისთვის რომ ეცხოვრა სახლში, როგორც ერთ მუშაკთაგანს. თხოვნა რომ დაკმაყოფილებულიყო, ეს მდგომარეობა მისთვის იქნებოდა სამოთხე, აერმონის ცვარი. უფალი-მამა კი მას ქმნის ცენტრალურ ფიგურად და მიზეზად დღესასწაულისა. ეს უზომო მოწყალება მას ცეცხლივით წვავს. „განსჯის უფალი სიმრავლისაებრ მოწყალებათა მისთა" და ხედავ შენს უღირსებას ამის გამო. მიიწევ მონის ადგილისაკენ, რომელიც უფრო შეგეფერება და გაკმაყოფილებს, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებს უფალს, რომელსაც იმდენად უყვარხარ და გწყალობს, რომ შენ გთანგავს მისი უზომო სიყვარული და ტირი ამ სასწაულის გამო და ცრემლი ესე არს სიხარულისა, განცხრომისა და შვებისა.
წმინდანნი, ეს ჭეშმარიტად ბავშვები უფლისა, ქრისტეს მონებად სახელდებენ თავს და გრძნობენ, რომ პატივი ესე, კიდევაც აღემატება მათ ღირსებას, ხოლო უფლის მადლით მისი რჩეულობა, დღესასწაულის მიზეზად ქცევა, საერთოდ სცილდება ყოველგვარ ადამიანურ მოლოდინს, რასაც შესაძლებლად ხდის უფალი-მამის გამოუთქმელი სიყვარული.
როდესაც ეძიებ მცირეოდენს, ვერ იღებ ვერაფერს, ხოლო როცა არ ითხოვ არაფერს, იღებ ყველაფერს.
გულწრფელი სინანულით ძე იმკვიდრებს სასუფეველს. შეუნელებლად იზრდება მისი სიხარული, რაც კარგად იცის მამამ. ამიტომაც იკვლება „ზვარაკი იგი ჭამებული". მოსავს სიხარულით, „სამოსელი პირველით", ძეს ღირსს მამისას. ეს ხდება თავისთავად. როგორც ბნელი მიწის წიაღში კვდება თესლი, რომელიც შემდგომ აღორძინდება და აყვავდება, ასევე მრავალჭირნახული ძის შემუსრვილი გულიდან აღმოეცენება მრავალფერადი ნიჭი მადლისა, რომელიც მოსავს მას სინათლით.
და რომ არ ჰქონოდა შემუსრვილება გულისა, მასზე გადმოსული ეს დიდი მადლი დასწვავდა, განკვეთდა ამ სიყვარულის დღესასწაულიდან, როგორც განიკვეთა უფროსი ძე.
ხოლო აწ, არავის ძალუძს წარტაცოს და განაშოროს ეს მადლი მისგან, რამეთუ მასში ცხოვრობს თვით ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი.
განახლებული ტანჯვა მამისა, შეხვედრა უფროს ძესთან
ღორების შორეული საძოვრიდან ბრუნდება დამდაბლებული უმცროსი ძე და შედის სამოთხეში. მამის საძოვრიდან დაბრუნებული უფროსი ძე კი ამჟღავნებს ჯოჯოხეთს, რომელსაც გულით ატარებს და დუღს მასში. ხოლო იგი განჰრისხნა და არა უნდა შინა შესლუად", რადგან შეიტყო მონებისაგან, თუ რა ხდებოდა სახლში.
იწყება განახლებული ტანჯვა მამისა... ეს ესაა დამთავრდა ერთი გამოცდა, იწყება - მეორე. იმ დროს, როცა უმცროსი ბრუნდება უძღებებიდან, უფროსი რომელიც არ განშორებია სახლს მამისას, უარს ამბობს შევიდეს შინ.
ყოველ ბედნიერებას თან ახლავს განსაცდელი, რომელიც ხდება მიზეზი მწუხარებისა. სურს, რომ გააფერმკრთალოს სიხარული, დაბინდოს ელვარება დღესასწაულისა და არ დატოვოს გული დაუკოდავი. მაგრამ მამა იგავისა არის ოკეანე სიყვარულისა და უბიწოებისა: „ხოლო მამა მისი გამოვიდა და ჰლოცჳდა მას"...
იცნობს მამა უფროსი ვაჟის სნეულებას, მის სიხარბესა და შურს. ამიტომ მოზომილია სიფაქიზის გამოვლენაში. აღარ მირბის შესახვედრად, როგორც უმცროსის დაბრუნებისას, არამედ მძიმედ, ტკივილათ გულდამძიმებილი მიემართება. არ ეამბორება, რადგან სნეულია ძის გული და უსაზღვრო სიყვარულს მამისას ვერ გაუძლებს. ელაპარაკება მხოლოდ მუდარით და სულგრძელად იღებს უსამართლო მრისხანებას მისგან.
უფროსი ძე თითქოს მზად იყო თავდასხმისათვის (როგორც უმცროსი სინანულისთვის) და ელოდა საბაბს, რომ გადმოენთხია დიდხანს ნაგროვები რისხვა: „აჰა ესერა, ესოდენი წელნი გმონენ შენ"...
არასოდეს უწოდებს „მამას" მისი დამოკიდებულება მშობლისადმი პატრონ-ყმურია, რითაც თავს აყენებს მსახურის ხარისხში.
მთელ ამ სამართლებრივ დავაში აყვედრის თავის მსახურებას და აბსოლუტურად ადანაშაულებს მამას.
„არა სადა მცნებასა შენსა გარდავჰხედ", ვარ წესრიგიანი, უმწიკვლო, არასოდეს მიცრუვნია.
შენ კი „არასადა მომეც ერთი თიკანი, რათამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე".
არც ძმას იხსენიებს ძმად, არამედ „ძე ესე შენი"-თ და უფრო მეტ დანაშაულად უთვლის არა მამის შეურაცხყოფას, არამედ იმას, რომ „შეჰსჭამა საცხოვრებელი მეძავთა თანა".
მიუხედავად უფროსი ვაჟის შეურაცხყოფისა, მამა პასუხს იწყებს სიტყვით: „შვილო!" ძის განცხადებაზე: „არასადა მომეც-ერთი თიკანი..." - მამა პასუხობს: „შვილო! შენ მარადის ჩემთანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს".
სურს, ჩააქროს ვაჟის მრისხანება, გაამრთელოს ოჯახი და ლმობიერად შეაგონებს: „ხოლო აწ მხიარულება და სიხარული ჯერ არს, რამეთუ ძმა ესე შენი მომკუდარ იყო, და განცოცხლდა: წარწყმედულ იყო, და იპოვა".