ვასილი ეგზემპლიარსკი
მაცხოვრის სიტყვა ჯვრიდან
„მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ
სულსა ჩემსა" (ლუკ. 23,46)
ძე კაცის მიწიერი ცხოვრება მამისადმი სრული ერთგულებით მთავრდებოდა. უფალი, ჩვეულებრივი მოკვდავივით, არა ხილვა-გამოცხადებით, ღმრთის საიდუმლო განგებისადმი სრული მორჩილებით აღესრულებოდა „გამოვედ მამისაგან და მივალ მამისა" - მიმართავდა იგი მოწაფეებს. აი, ეს ჟამიც დადგა. უფალი ტოვებდა მიწიერ ცხოვრებას. როგორი სიდიადე და სიწმინდეა, როდესაც მორწმუნე მიიცვალება ღმრთისადმი ამგვარი სიტყვებით: „ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა". მაგრამ არამარტო დიადი და წმიდაა ამგვარი წუთები, არამედ ნაღვლიანიც. ამ ქვეყნიდან გასულ სულს ხომ არაფერი შეცვლის. ადამიანის სიცოცხლე აღარ მეორდება ამსოფლად და თუ მორწმუნის სული გარდაცვალებისას სიკვდილიდან ზეციურ სიცოცხლეში გადადის, ობლდება ქვეყანა; მისი ერთი კუთხე-კუნჭული მაინც. ეს დედამიწაზე მუდმივი დაობლების და ჭმუნვა-წუხილის წყარო და ყველაზე იდუმალი და საშინელი რამ არის კაცობრიობის ისტორიაში. უფალი ტოვებდა ამ სოფელს.
სიდიადე და სიწმიდე, მართლის აღსასრული, ადამიანთა გამოხსნის დიადი საქმის აღსრულება, კაცობრიობის ღმერთთან შერიგება და ამავე დროს სიმძიმე, ნაღველი... თუ მაცხოვრის შობა კაცთათვის უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი იყო, მის მიერ ამქვეყნის დატოვებამ უდიდესი წუხილით აღავსო მორწმუნეთა გულები.
ვის არ უსურვია, რომ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისას ეცხოვრა. ვისი გული არ შეწუხებულა იმის გახსენებით, რომ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დრო აღარ განმეორდება, რომ იგი „არ შეიწყნარა" ადამიანურმა ძალადობამ. „თვისთა თანა მოვიდა უფალი და თვისთა იგი არა შეიწყნარეს..." წუხს ადამიანი, ნაღვლობს და ასე იქნება სამყაროს აღსასრულამდე.
სიკვდილი იძლია ქრისტეს მიერ. იგი ჭეშმარიტად აღდგა. იგი მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. მან ობლად არ დატოვა ეს სოფელი და სული ნუგეშინისმცემელი გამოუგზავნა მას. ჩვენთვის უხილავად იგი იმყოფება ჩვენს შორის -! თავის ეკლესიაში. ქედს ვიხრით უფლის დიდების წინაშე. ქება-დიდება აღევლინება მისი მხსნელი ვნებებისადმი, უწყვეტი სიცოცხლის წყაროდ რომ აღმოუცენდა მორწმუნეებს. და მაინც, არ შეიძლება არ წუხდეს ქრისტიანის გული. „თჳსთა თანა მოვიდა და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს". წავიდა ამ ქვეყნიდან ადამიანთაგან უარყოფილი, დამცირებული, ნაწამები... რა შეიძლება მორწმუნეთათვის იყოს ამ სიტყვებზე ძვირფასი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!" ასეთ წუთებში ხარობს ქრისტიანი ღმერთით, ღირსეულად გრძნობს თავს, აქებს და ადიდებს მაცხოვარს.
ქრისტე, მისი მოძღვრება უდიდესი და წმიდა სიხარულის წყაროა დედამიწაზე, მაგრამ სიხარულის გვერდით წუხილიც არსებობს. უფალი ამ ქვეყნიდან დამცირებული და შეურაცხყოფილი წავიდა. მან თვითონ მიგვითითა, ვის უნდა ვემსახუროთ როგორც უფალს - ამ სოფლის მიერ უარყოფილთ, დამცირებულთ, გლახაკთ, მგლოვიარეთ ანუ მათ, ვინც იტანჯება. მშიერნი, მწყურვალნი, ავადმყოფნი, პატიმარნი - აი, ისინი, რომელთათვის ზრუნვასაც ძალუძს, რომ ადამიანებს ქრისტე გაახსენონ. „და დღენდელად დღემდე უფალს შია, წყურის, შიშველ არს და ყოველნაირად იტანჯება" - ამბობს ეკლესიის ერთ-ერთი მამა.
მამის წიაღში დიდებას არ შეუცვლია უფლის სახე დედამიწაზე. სანამ ამქვეყნად იარსებებს თუნდაც ერთი გაჭირვებული, უფლის ამქვეყნიური სახე მხოლოდ ამგვარად წარმოგვიდგება და ქრისტიანული სიხარულის გვერდით ყოველთვის იარსებებს ქრისტიანული წუხილიც. ქრისტეს მოყვარეს არ ძალუძს, და არც უნდა აარიდოს მზერა ქრისტეს წყლულებს ამქვეყნად, და ამ შემთხვევაში, განა შესაძლებელია სრული, აუღელვებელი სიხარული... თვით მაშინაც კი, როდესაც უფლის საყვარელ მოწაფესთან ერთად უფალს დიდებაში ვჭვრეტთ, გატანჯული შევღაღადებთ მას: „ჰე, მოხვიდოდე უფალო იესუ!" (გამოცხ. 22,20).
ვლოცულობთ, რათა კვლავ მოვიდეს მაცხოვარი დედამიწაზე, გვიჩვენოს თავისი სახე, დამკვიდრდეს თავისიანებთან და მაშინ დადგება მარადიული ზაფხული... ლოცვა-ვედრებაშია ქრისტიანის სული, ენატრება ღმერთი, მაგრამ „არა ჩვენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი" მისი მოსვლისა... და სრულდება ყოველი ქრისტიანის სიცოცხლე ამქვეყნად უფლის სიტყვებით: - „ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა", რომელშიც გამოსჭვივის როგორც რწმენა სასიხარულო, ისე წუხილი უსაზღვრო".