მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 32
სტუმარი: 32
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 32
სტუმარი: 32
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა მეორესა კვირიაკესა
სიტყვა მეზვერისა და ფარისევლისა კვირიაკესა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სინდისის შესახებ


მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

სინდისის შესახებ

მსურს, სინანულის ამ მარხვაში დაფიქრდეთ რამდენიმე საკითხზე. პირველი: მინდა, ერთხანს მდუმარებას მიეცეთ და ამ პერიოდში საკუთარ თავს ჰკითხოთ: რამდენად გამოეხმაურეთ იმ იგავებს, რომლებიც დიდმარხვის მოსამზადებელი კვირიაკეების დროს იკითხებოდა? პირველი მოთხრობა (თუმცა ეს არაა იგავი) გვეზრახებოდა ბრმა ბარტიმეოსის განკურნებაზე. ხომ არ ეხება ის ჩვენს სიბრმავეს? ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ბრმებივით დავდივართ. 90-ე ფსალმუნში არის ადგილი, სადაც საუბარია შესახებ „ეშმაკისა შუვა დღისა", ჩემის აზრით, ეს არის სიმბოლური სახე. ყველამ ვიცით, რა ხდება ზაფხულში, შუადღისას, როცა მზე მხურვალედ აცხუნებს, როცა ჰაერი კრთის, როცა ჩვენს ირგვლივ ყველაფერი განსაკუთრებულ რელიეფურობას იძენს, ჩრდილები მკვეთრი, ფერები ხასხასა ხდება, და მთელი ქვეყანა თითქოსდა ისეთი ხილვადია, და ეს ხილვადობა იმდენად იპყრობს ჩვენს ყურადღებას, იმდენად იჭრება ჩვენს ცნობიერებაში, რომ შესაძლოა წაგვართვას უნარი, მის მიღმა უხილავის ჭვრეტისა, ან იქნებ - პირველად დანახვისა. რა ხშირად ხდება ასე! როგორი დაბრმავებულნი ვართ! შინაგანის დანახვაში როგორ გვიშლის ხელს გარეგანი! რა ხშირად განვსჯით ადამიანს გარეგნულად, იმის მიხედვით, თავი როგორ უჭირავს, როგორი ხმა აქვს, როგორი მეტყველება, და არ ვფიქრობთ, რომ ყოველივე ამის მიღმა მთელი უფსკრული იმალება, ცხოვრების მთელი ისტორია, იმალებიან ტანჯვანი, ოცნებანი, გაცრუებული იმედები და გაბოროტება, შობილი სხვათა სისასტიკითა თუ გულგრილობით... დავფიქრდეთ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს მოყვასისადმი. არა მათდამი, ვინც ნამდვილად გვიყვარს, არამედ იმათ მიმართ, ვინც უცხოა, ვინც არ გვიყვარს და შესაძლოა გვძულს კიდეც - უმიზეზოდ, ან იქნებ რაიმე ქცევისა თუ სიტყვის საბაბით... მოდით, საკუთრ თავს ესეც დავეკითხოთ - რატომ გვიყვარს ესა თუ ის ადამიანი?.. იმიტომ ხომ არა, რომ გვეპირფერება? იმიტომ ხომ არა, რომ მასთან თავისუფლად ვგრძნობთ თავს? ან იქნებ იმიტომ, რომ გულუბრყვილოა და ადვილად ვატყუებთ, თავს იმად ვაჩვენებთ, ვინც მას სურს ჩვენში იხილოს?.. დავსვათ საკუთარი სიბრმავის საკითხი...

შემდეგი იგავი ეხება ზაქეს. ზაქემ გაიმარჯვა დიდებისმოყვარებაზე. მან არად ჩააგდო ადამიანთა დაცინვა, გაკიცხვა, რადგან მას სჭირდებოდა ქრისტეს დანახვა. ზაქე არ ეძებდა რამე სხვას, არ ოცნებობდა არაფერ სხვაზე. არც ელოდა, თუ ამხელა ბრბოში ქრისტე გამოარჩევდა. მან არად ჩააგდო სირცხვილი, რამეთუ ვეღარ იცხოვრებდა, თუ არ იხილავდა ქრისტეს. და რა გააკეთა ზაქემ, როცა ქრისტემ მოუხმო? იგი წარსული ცხოვრების გამო მხოლოდ სიტყვიერ მონანიებას როდი დასჯერდა, არამედ თავი ვალდებულად ცნო, ოთხმაგად დაებრუნებინა ყველასთვის, ყველაფერი გამოესწორებინა, მისაფუძვლამდე დაერღვია თავისი ცხოვრების ყოველი უსამართლობა, რომ ამიერიდან აღარავინ გამხდარიყო მისი უსამართლობის მსხვერპლი.

ჩვენ კი როგორ გვეშინია, არავინ დაინახოს, როგორები ვართ. გვცხვენია, როცა ქრისტეს მოწაფეებად გვთვლიან, ხედავენ რა, რომ არ ვფიქრობთ, არ ვლაპარაკობთ, არ ვცხოვრობთ და განვიცდით ისე, როგორც სხვები... რა იშვიათია ჩვენში ბოროტების გამოსწორების სურვილი, თუნდაც სინანულის შემდეგ, აღსარების შემდეგაც კი, სურვილი - გადავიხადოთ ვალი, როგორც ამ იგავშია მოთხრობილი. არაა საკმარისი მონანიება, ღვთის წინაშე სინანულის, ხოლო მოძღვრის წინაშე სირცხვილის გამოხატვა. ყოველივე ეს სიცრუეა, თუ არ გამოვსწორდებით, არ ვუმკურნალებთ სულს, რომელსაც ვატკინეთ, არ გამოვასწორებთ იმ ბოროტებას, რომელიც სხვათა მიმართ ჩავიდინეთ: ნებსით თუ უნებლიედ, ჩვენი სიბრმავით, სხვათა ბედისა და საკუთარი სინდისისადმი გულგრილობით.

დავფიქრდეთ მეზვერესა და ფარისეველზე. ჩვენ უდარდელად შევდივართ ტაძარში, უდარდელად ვდგებით ლოცვად და მოვითხოვთ ღმერთისგან, წარმოსდგეს ჩვენს წინაშე და მოგვისმინოს! და ვჩივით: აი, ვილოცეთ, მაგრამ არც გულაჩუყება, არც გასხივოსნება არ შეუგრძვნია სულს - სად იყო ღმერთი? როგორ გაბედა, არ გამოხმაურებოდა ჩვენს მოხმობას? განა თვითონ არ დაგვპირდა, რომ შეისმენდა მორწმუნის ლოცვას? - ჩვენ დავუჯერეთ, მან კი დანაპირები არ შეასრულა, ეს რა ღმერთია?.. განა ასე არ ვამბობთ ხოლმე? იქნებ არა ასე კადნიერად, მაგრამ ჩვენი გრძნობები ხომ არის ასეთი?..

და ფარისეველზე უარესნი ვართ ამ დროს, რადგან ფარისეველი შეუბრალებელი იყო საკუთარი თავის მიმართ. ის აღასრულებდა სიმართლეს, სიმართლეს ისეთს, როგორსაც იცნობდა და ხედავდა. ჩვენ კი? - ჩვენ არ აღვასრულებთ სიმართლეს, ჩვენ იმ მცნებებსაც არ ვიცავთ, რომლებიც თვალშისაცემია, რომლებიც ზეპირად ვიცით, რომლებიც არსებითია და ცხოვრების უმარტივეს კანონებს წარმოადგენს. ჩვენ შევდივართ ტაძარში, დაუდევრად ვისახავთ პირჯვარს, აქეთ-იქით ვიყურებით და ვერ ვგრძნობთ, რომ ღვთის სახლში ვართ, რომ ეს ის ადგილია, სადაც ანგელოზები კრძალვით დგანან ღვთის წინაშე, სადაც ისინი მჭვრეტელობით მდუმარებას მოუცავს, სადაც ზეციური ძალნი შიშით, თრთოლვით უჭვრეტენ ღმერთს. ჩვენ კი ყველაფრის „უფლება გვაქვს", რასაც ეკლესია გვთავაზობს. ჩვენ „გვაქვს უფლება", მივიღოთ შენდობა ცოდვათა, რომელთა გამოსწორებასაც სულაც არ ვაპირებთ; ჩვენ „გვაქვს უფლება" ვეზიაროთ წმინდა საიდუმლოებას, რადგან ხომ შევინანეთ საკუთარი არასრულყოფილება?.. ჰოი, სირცხვილო! ფარისეველი გვამხელს ჩვენ! კარგადაა ნათქვამი ანდრია კრიტელის კანონში, რომ ცათა სასუფეველში შეგვიძღვებიან არა მხოლოდ მეზვერენი და მეძავნი, არამედ მონანული ფარისევლებიც!

რომელი ჩვენგანი ჰგავს, თუნდაც ოდნავ, მეზვერეს, რომელიც ვერ ბედავს ღვთის სახლში შესვლას, რადგან ადგილი ესე წმიდაა და მას იქ, ყოველ შემთხვევაში, საკუთარი სინდისის მხილებით, ადგილი არ აქვს? რა ფხიზელი სინდისია! რა შინაგანი სიმართლე! დიახ, ის მეზვერე იყო, მაგრამ სინდისი ცოცხალი ჰქონდა, და მან იცოდა, ვინ არის ღმერთი, ვინ იყო მისი მოყვასი და ვინ იყო იგი თავად...

შემდეგ მოდის იგავი უძღებ შვილზე, რომელმაც დატოვა მამა; დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, რომელიც გაუცხოებულია ღმერთისგან, სიმართლისგან, ყოველგვარი წმიდისგან; და შიმშილზე, რომელმაც ჭაბუკი მოიცვა მაშინ, როცა საკუთარ თავზე იწვნია ის, რაც ერთ დროს მამას გაუკეთა! მან მამას უთხრა: მოხუცო, უკვე დაბერდი! მაგრამ შენს სიკვდილს ვერ დაველოდები, მსურს ახლავე მოვიხმარო ის სიკეთენი, რაც შენი შრომით დაგიგროვებია და მე მემკვიდრეობით მერგება! აწ მოკვდი ჩემთვის - და მომეცი ნაყოფი შენი შრომისა... და აიღო, წავიდა, გაანიავა ყველაფერი მისსავე მსგავსებთან, და როცა აღარაფერი დარჩა, ამ ადამიანებმა უთხრეს მას: შენ უკვე აღარ არსებობ, მოკვდი! - და მიატოვეს იგი. დარჩა ჭაბუკი მარტოობის, შიმშილის, გულგრილობის წინაშე; და მაშინღა გაახსენდა, რომ ჰყავს მამა.

განა ჩვენ ამ ახალგაზრდას არ ვგავართ? ასევე არ ვიქცევით? განა გამუდმებით ამას არ ვეუბნებით ღმერთს: მომეცი, მომეცი! მოვითხოვ შენგან... და როცა ღმერთი მოგვიგებს: აი, მე მოგეცით, მოგეცით საკუთრი სიცოცხლისა და სიკვდილის ფასად, ჯვარცმისა და ჯოჯოხეთში ჩასვლის ფასად... ჩვენ ვპასუხობთ: ძალიან კარგი! ესე იგი, შეგვიძლია ყველაფერი წავიღოთ... არა, ჩვენ არ ვამბობთ ასე თავხედურად! მაგრამ ვცხოვრობთ თავხედურად, ვიქცევით თავხედურად, და ამ სიცრუეს, გესლიანსა და მწარეს, ტკბილი სიტყვების ქურქში ვმოსავთ. უძღებმა შვილმა შეინანა, ადგა და დაბრუნდა მამასთან. მან იცოდა, რომ შვილად წოდების ღირსი აღარ იყო, - იქნებ მამას მუშაკად, მონად მიეღო... ჩვენ არ მივდივართ ამ განწყობით, როცა ვნანობთ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ გვეპატიება, რომ ჩვენ ახლაც ვართ ძენი და ასულნი, რომ ჩვენთვის მხოლოდ სინანულის გამოხატვაა საკმარისი და ღმერთი მოგვიტევებს... ტყუილია! უსასყიდლოდ მიტევებას ვერავინ მიიღებს. ღმერთი კი მოგვიტევებს, მაგრამ რა მერე? რა მნიშვნელობა ექნება ამას, თუ ჩვენი ცხოვრება არაფრით შეიცვლება? გახსოვთ, რა უთხრა სერაფიმე საროველმა ერთ-ერთ თავის მოწაფეს: თუ ღმერთს შეევედრები, მოგიტევებს, მაგრამ გახსოვდეს, რის ფასად მოიპოვა მან უფლება, შენთვის მოეტევებინა! ყოველთვის, როცა ცოდავ და ნანობ, იგი თითქოსდა ხელახლა ევნება შენთვის, მხოლოდ შენთვის... აი, როგორია ჩვენი მდგომარეობა: მამამ რომ მიუტევა, ეს სხვა საქმეა, საუბარია ჩვენზე, არა მამის წყალობაზე, სიწმინდეზე, თავგანწირვაზე, არამედ - თავად ჩვენზე.

შემდეგ მოდის მოთხრობა საშინელ სამსჯავროზე, რომელიც უკვე ვახსენე: ცხვრებსა და თხებზე - და აი, გეკითხები: შენ ადამიანი ხარ თუ მასზე დაბლა მდგომი არსება? მე არ ვგულისხმობ ცხოველს - ცხოველი არ ცოდავს. უფრო დაბლა დგომა ნიშნავს სატანის მონობას, მის თანაშემწეობას, მის მეგობრობას... აი, ასე დგას საკითხი.

აი, დიდმარხვის ზღურბლთან ვსვამ კითხვას: - ახლა თუ მიხვდით, რას წარმოადგენთ, ვინ ხართ? მოუსმინეთ სინდისს? შეიძრა თუ არა რამე თქვენს სულში? და თუ შეიძრა, თუ შეიცანით საკუთრი თავი, მაშინ როგორ შეგიძლიათ არ აპატიოთ სხვას, რომელიც თქვენსავით უმწეოა საკუთარი თავის წინაშე, საკუთრი ვნებების, ბოროტების წინაშე, რომლებიც მან სულში შეუშვა? განა შეგიძლიათ, ვინმე განსაჯოთ? იჩქარეთ, მიდით მასთან, ვისზეც ყველაზე მეტად გაბოროტებულხართ ან ვინც, თქვენი აზრით, გაწყენინათ და თხოვეთ პატიება იმ გრძნობებისათვის, მის მიმართ რომ გაქვთ და იმისათვის, რომ არ შეგიძლიათ აპატიოთ. ილოცეთ, რომ ადამიანმა, რომელიც ასე გძულთ, ასე გაურბიხართ, შესთხოვოს ღმერთს, მოგანიჭოთ მიტევების უნარი, და ამით მიიღეთ შენდობა...

აი, რაზე გვესაუბრებიან ეს კვირიაკეები - მოკლედ, მაგრამ დაუნდობლად, დაუნდობლად და სიყვარულით, რადგან სიყვარული დაუნდობელია იქ, სადაც საუბარია ჩვენს საუკუნო სიკვდილსა და ჩვენს მარადიულ სიცოცხლეზე.

შემდეგ დგება დიდმარხვა, სულიერი გაზაფხული, ცხოვრების ყვავილობის დრო, თუ მოსამზადებელ პერიოდში ვიტვირთავთ ვნებებთან და ავხორცობასთან ბრძოლის ჯვარს, ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ შევძლებთ, შევაბიჯოთ გაზაფხულში, მაშინ სიხარულით შევიცნობთ, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და რომ ჩვენს წინაშე ნამდვილი ადამიანის ხატია. ჩვენ სიხარულით ვიფიქრებთ იმაზე, რომ ღმერთმა, თავისი წყალობით, ანუ თვითონ, როგორც ბარძიმმა, გადმოღვარა საკუთარი სიცოცხლე ჩვენში. მაშინ შევძლებთ დაფიქრებას იმაზე, რასაც იოანე კიბისაღმწერელი გვასწავლის, შევძლებთ მივბაძოთ მარიამ ეგვიპტელს და შევუდგეთ საშინელ დღეებს ვნების შვიდეულისას.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1380 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0