როგორ ვთქვათ აღსარება?
მართლმადიდებლურ ეკლესიაში მაცხოვრის მიერ დაწესებული შვიდი საიდუმლო არსებობს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღსარების საიდუმლოა.
აღსარება ადამიანის ცოდვებისგან განწმენდის ერთადერთი საშუალებაა.
აღსარების საიდუმლოს გაცემის უფლება მოძღვარს არ აქვს. თუ მღვდელი
აღსარების საიდუმლოს გასცემს, ჯვრის კანონით უნდა განიკვეთოს ეკლესიიდან.
აღსარების შესახებ გვესაუბრება წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელი მამა კონსტანტინე გიორგაძე:
რა არის აღსარების საიდუმლო?
ეკლესიის წიაღში შვიდი საიდუმლო არსებობს. მათ შორის არის აღსარების საიდუმლო. ეს არის მადლმოსილი მღვდელმოქმედება, რომლის დროსაც ეკლესიის მწყემსის შუამდგომლობით მორწმუნეს მიეტევება ცოდვები. სინანული კურნავს ადამიანის სულიერ და ხორციელ სნეულებებს და ჭეშმარიტი მონანული სული აღსარების შემდგომ ისეთივე განწმენდილი ხდება, როგორც ნათლობის დროს.
სინანულის საიდუმლო უფალმა მაშინ დაადგინა, როდესაც იგი აღდგომის შემდგომ გამოეცხადა თავშეყრილ მოწაფეებს და ბრძანა: მიიღეთ სული წმიდაი. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება მათ და ვისაც დაუტოვებთ, დარჩება მათ.
როდესაც ადამიანი დგას ანალოღიასთან, სადაც დასვენებულია სახარება და ჯვარი და აბარებს აღსარებას, იგი ამ დროს უფალს ესაუბრება. მღვდელი უბრალოდ მოწმეა ამ საუბრისა, რომლის დასრულების შემდეგ იგი აღმსარებელს გახსნის ლოცვას უკითხავს. არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები. ადამიანს მიეტევება ნებისმიერი ცოდვა, თუ ის გულწრფელად და მთელი პასუხისმგებლობით მოინანიებს.
აღსარება სწორედ ის საშუალებაა, რომელიც პიროვნებას აბრუნებს სამშობლოში (სამოთხეში), საიდანაც ოდესღაც გამოაგდეს. მოგეხსენებათ, სასუფეველში ადამიანს არ სჭირდებოდა სინანული. მას მოსანანიებელიც არაფერი ჰქონდა, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდგომ სწორედ სინანული სჭირდებოდა ადამს, რათა არ გამოძევებულიყო სამოთხიდან და ყველაფერი ძველებურად აღდგენილიყო, თუმცა უფალმა მასთან ურთიერთობისას ამას ვერ მიაღწია. ადამიანს დაბადებიდანვე თან დაჰყვება ადამის პირველქმნილი ცოდვა, რომელიც მას ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით მიეტევება, ხოლო შემდგომი ცხოვრების დროს ჩადენილ ცოდვებს მონანიება სჭირდება, რაც აღსარების საიდუმლოში იფურჩქნება.
მამა კონსტანტინე, როგორ ვთქვათ აღსარება?
ადამიანი სანამ აღსარებამდე მივა, უნდა გაარკვიოს, თუ რა ხდება ეკლესიაში, რა დატვირთვა აქვს ამას სულისთვის, ზოგადად უნდა შეისწავლოს ეკლესიის საიდუმლოებები, აირჩიოს მოძღვარი (ეს არ უნდა მოხდეს ნაჩქარევად და დაუფიქრებლად) და მივიდეს თავის პირველ აღსარებაზე. როდესაც ადამიანი საავადმყოფოში ხვდება, ის ექიმების წინაშე შიშველია, მაგრამ მას ამ დროს არ ახსოვს სირცხვილი, რამეთუ ეშინია გარდაცვალების. აღმსარებლის სულიც ასევე უნდა გაშიშვლდეს სულიერი მკურნალის – მღვდლის წინაშე, რათა მან შეძლოს მისი მკურნალობა. თუ პიროვნება გულით და მთელი სიწრფელით არ მოინანიებს თავის ცოდვებს და მხოლოდ ჩამოთვლის მათ მღვდლის წინაშე, რა თქმა უნდა, ცოდვები არ შეენდობა და პირიქით, უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა. წმიდა მამები ამბობენ, რომ ჯობს არ შეგრცხვეს ცოდვების აღიარების, რამეთუ უკეთესია შეგრცხვეს ერთი ადამიანის (მღვდლის) წინაშე, ვიდრე უფლის სამსჯავროზე, მთელი სამყაროსა და ანგელოზების წინაშე. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მას მღვდელთნ აღსარება არ სჭირდება და პირდაპირ ესაუბრება უფალს, მაგრამ უკვე აღვნიშნეთ, მაცხოვარი რას ეუბნება თავის მოწაფეებს: ვისაც თქვენ მიუტევებთ, მიეტევოსო. ამიტომ სულიერი მოძღვრის გარეშე შეუძლებელია ცოდვების მონანიება.
როგორ უნდა მოემზადოს მორწმუნე აღსარებისთვის?
აღსარება – ეს უდიდესი საიდუმლოა, ამიტომ მისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც უფლის საიდუმლოს შეჰფერის. გავითავისოთ ჩვენი ცოდვები, შევიგნოთ და გავაანალიზოთ მათი მომაკვდინებელი მოქმედება ჩვენს სულზე. ადამიანი აღსარებაში ინანიებს როგორც სულიერ, ასევე ხორციელ ცოდვებს. მაგალითად: ცუდი აზრები, ბილწსიტყვაობა, გულისთქმები – სულიერი ცოდვებია. მრუშობა, ლოთობა, ნარკომანია – ხორციელი ცოდვები. აღსარების ჩაბარებამდე იკითხება აღსარების წინა ლოცვები, რომლის შემდგომაც უღრმესი პატივისცემითა და ღვთის შიშით მივდივართ მოძღვართან, მოთმინებით ველოდებით რიგს და როცა წარვდგებით მღვდლის წინაშე, მთელი გულწრფელობით ვაღიარებთ ცოდვებს.
მიეცით რჩევები მათ, ვინც ახლა იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას:
აღსარების ჩაბარების დროს უნდა ვაღიაროთ მხოლოდ საკუთარი ცოდვები. არ უნდა ვისაუბროთ სხვის ცოდვებზე, თუნდაც ეს ჩვენ პირადად გვეხებოდეს. აღსარებაში მოძღვარს ყველაფერი უნდა ვუთხრათ მხოლოდ ცოდვების შესახებ და არ წავართვათ დრო ზოგადი, უსარგებლო საუბრებით. უნდა ვაღიაროთ ყველაზე მძიმე ცოდვებიც კი და მინდა დავსძინო, მოძღვარს ის აღმსარებელი უფრო მეტად უყვარს, ვინც უფრო მძიმე და საშინელ ცოდვებს ეუბნება. ნეტარია ის ადამიანი, რომელიც თავის ცოდვებს ხედავს და მუდმივად ინანიებს მათ. სწორედ ასეთი მდგომარეობაა სასუფეველში ადგილის დამკვიდრების საწინდარი.