დიდი ოთხშაბათი - იუდასგან ქრისტეს გაცემის დღე
დღეს იუდა დაუტეობს მოძღვარსა სახიერსა, და მიითვალავს ეშმაკსა, დაბრმდების ვნებითა მით ვეცხლის მოყვარებისათა, და განვარდების, ნათლისაგან დაბნელებული, და ვითარმცა ეძლო ხილვად, რომელმან მნათობი უსასყიდლო განჰყიდა ზაკვით ოცდაათ ვეცხლად, არამედ ჩვენ გამოგვიბრწყინდა, რომელმან ყოვლისა სოფლისათვის ივნო, მისა მიმართ ჴმა-ვჰყოთ, რომელი ჯუარს-ეცუ მოწყალეო, კაცთ-მოყვარეო უფალო, დიდება შენდა.
რომელმანმე საქმემან გყო შენ იუდა განმცემელ მაცხოვრისა ყოველთასა, ნუ უკვე კრებულისა მის მოწაფეთასა განგყო, ანუ ნუ უკვე სერობასა ტაბლისა მისგან განგაყენა, ანუ სხვათ ფერჴნი დაჰბანნა და შენ უგულებელს-გყო; ჵ რაოდენთა კეთილთა დამვიწყებელ იქმენ, ამისთვის შენი უმადლო გონება განაქიქა, ხოლო მისი იგი საღმრთო აურაცხელი მოწყალება და სულგრძელება განითქვა ცისკიდეთა.
დიდი ოთხშაბათის მწუხრიდან აღარ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა |
იუდას ცოდვა
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
უფალი საქმით თუ სიტყვით ყოველდღე ახსენებდა იუდას, რომ გამყიდველი ვერ დაემალებოდა მას. ყველას თანდასწრებით არ ამხელდა, რათა უფრო უსირცხვილო არ გამხდარიყო, და არც დუმდა, რათა ისკარიოტელს არ ჰგონებოდა, რომ მისი განზრახვა დაფარული იყო უფლისაგან, მაგრამ ძალდატანებით არ მიიზიდა თავისკენ, რადგან ღმერთმა ჩვენ თავისუფალი არჩევანის მქონე არსებებად შეგვქმნა. ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ - კეთილს თუ ბოროტს. უფალს სურს, ადამიანი თავისივე ნებით იყოს კეთილი, რადგან იძულებით სიკეთე სიკეთე არ არის. ამრიგად, იუდას შეეძლო, არ დამორჩილებოდა ვერცხლისმოყვარეობას. და თუკი მან თვითონვე არ ისურვა ცოდვისაგან განკურნება, ეს ექიმის ბრალი კი არ არის, არამედ მკურნალობის უარმყოფელისა.
როგორ მოხვდა იუდა ისკარიოტელ მაცხოვრის მოწაფეთა შორის?
მაცხოვრის ათორმეტ მოწაფეთა შორის სრულყოფილი არცერთი არ ყოფილა. ისევე, როგორც მთელი ებრაელი ხალხი, ისინიც მოელოდნენ მესიას, ოღონდ ის წარმოედგინათ ხელმწიფედ, რომელიც მათ რომაელებისაგან გაათავისუფლებდა და მთელ მსოფლიოზე გააბატონებდა. ხომ გახსოვთ, რა სთხოვა იოანე და იაკობ ზებედეს ძეთა დედამ მაცხოვარს: როდესაც გამეფდები, ჩემი შვილები მარჯვნივ და მარცხნივ დაიყენეო. ასევე წარმოედგინა იესოს მოღვაწეობის დასასრული იუდა ისკარიოტელს.
ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე იესოს მემრუშე ქალი ეახლა, თაყვანი სცა და თავისი გულშემუსვრილების ნიშნად ფეხებზე 300 დრაჰკანის ღირებულების ნელსაცხებელი დაასხა. იმხანად ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო, უფრო მეტი, ვიდრე 5000 ადამიანის დასაპურებლად იქნებოდა საჭირო. მაშინ მხოლოდ იუდა კი არა, სხვა მოციქულებიც დრტვინავდნენ: განა არ აჯობებდა, ეს ფული მშიერ-მწყურავალთათვის დაგვერიგებინაო?! სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ისკარიოტელმა, მაცხოვარი გაეცა.
მოციქულებმა სრულყოფილი ცოდნა მაცხოვრის შესახებ სულიწმიდის მოფენის შედეგად მიიღეს, მაგრამ მანამდე, იესოს გვერდით ყოფნისას, თავიანთი ნაკლოვანებანი დაძლიეს და ნელ-ნელა გაიზარდნენ, იუდამ კი ეს ვერ მოახერხა, თუმცა მაცხოვარი მისდამიც ისეთივე მზრუნველობას იჩენდა, როგორსაც სხვების მიმართ. უფრო მეტიც - როცა იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, მას ჩააბარა მოციქულების საერთო ყულაბა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებებისამებრ ეხარჯა ფული - თავის თავს ხომ ვეღარ მოჰპარავდა; მაგრამ იუდას სულში არაფერი შეცვლილა. იგი ხედავდა, როგორ იმსხვრეოდა მისი ოცნება. მაცხოვარი არ აპირებდა ებრაელთა მეფე გამხდარიყო. საკუთარი ქოხიც კი არ ჰქონდა, თავი რომ მიედრიკა. ჩვენ ვიცით, რომ იესოს მეუფება არ იყო ამქვეყნიური, მაგრამ იუდას ეს არ ესმოდა. ის მხოლოდ იმის გამო წუხდა, რომ მისი ერთგულება და იესოს თავგამოდებული მიმდევრობა ამაო აღმოჩნდებოდა, არ მოუტანდა არც სიმდიდრეს, არც პატივს და იგი სიღარიბესა და დევნილობაში დალევდა სულს.
არავინ იცის, რა გრძნობები ბობოქრობდა მაშინ იუდას სულში. ალბათ, უფრო ბოღმა, პატივმოყვარეობა, მომხვეჭელობა, უმადურება, მრისხანება... შეეძლო, ასეც ემართლებინა თავი: ეგებ მის საქციელს ხელი შეეწყო მესიის სამეფოს გამოცხადებისათვის? ბოლოს და ბოლოს, იესოს ხომ ხელეწიფებოდა, სასწაულებრივად გადაერჩინა თავი? თუ არადა, ის ხომ ყოველთვის ამბობდა, რომ უნდა მომკვდარიყო? მაშ, თუკი იესოს სიკვდილი გარდაუვალი იყო, რატომ არ შეიძლებოდა, იუდას ცოტათი მაინც ეხეირა ამით? ანდა რატომ არ უნდა ყოფილიყო საქებარი მისი საქციელი, როცა მღვდელმთავრებიც რთავდნენ ამის ნებას?
ნუ დაგვავიწყდება, რომ საიდუმლო სერობის დროს იუდას უკვე ჩადენილი ჰქონდა ღალატის აქტი. იესომ სხვა მოციქულების მსგავსად მასაც დაბანა ფეხები, მაგრამ არც ამ დროს გაიღვიძა მისმა სინდისმა. ამიტომაც იუდას საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს - ის ბოლომდე თავის უკეთურებაში დარჩა.
„ხოლო იუდამ წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან გამოგზავნილი მსახურნი, - მოგვითხრობს იოანე მახარებელი, - და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო, რომელმაც იცოდა, რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა: ვის ეძებთ?
მიუგეს მას: იესო ნაზარეველს.
უთხრა მათ: მე ვარ...
როდესაც უთხრა მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ" (იოანე 17, 3-6).
იესოს მართლაც შეეძლო, თავი დაეხსნა, რადგან მის წინაშე ჯალათებიც კი მიწაზე ემხობოდნენ, მაგრამ მაინც ჩაბარდა მათ. ამგვარად, მისი ჯვარცმის ტვირთი ნებაყოფლობითი აქტი იყო, კაცობრიობის გამოსახსნელად გაწეული.
ამიტომაც უნდა შევწუხდეთ არა გაყიდული იესოს, არამედ იუდა ისკარიოტელის გამო, რადგან გაცემულმა მსოფლიო გამოიხსნა, ხოლო გამყიდველმა საკუთარი სულიც დაღუპა; გაცემული ცათა შინა მამის მარჯვნივ ზის, გამყიდველი კი ჯოჯოხეთშია.
ჟურნალი „კარიბჭე", აპრილი, 2004 წ.
ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციაა
შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად - მანქანის გაცვეთილი საბურავები... ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ. დიდი თუ პატარა ეიფორიას განიცდის. ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება და საკუთარი „ვაჟკაცობისა" და „გულადობის" დემონსტრირებას ახდენს.
ასეთია ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული - ჭიაკოკონობა.
როგორია სინამდვილშია ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?
ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.
ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი. პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი ცეცხლში გავლით - კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით - აღესრულებოდა.
საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე - ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.
არადა, სიმანდვილეში პირიქით ხდება.
დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკები არიან. ამრიგად, ჭიაკოკონის ქრისტიანული შეფასება ერთმნიშვნელოვანია.
საოცარია - ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაში თითქმის ან სრულებით ვერ ერკვევიან, სწორედ ქრისტიანობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, ვნების კვირის ოთხშაბათს აწყობენ ჭიაკოკონობას. ისინი ვერ გეტყვიან რა არის ან როდის არის შობა, ბზობა, აღდგომა, სამაგიეროდ, კალენდარულად მოძრავი ვნების შვიდეულის ოთხშაბათი არაფრით გამორჩებათ...
ეშმაკის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, ადამიანი ყოფიერების ჭაობში ჩაეფლოს, იფიქროს ყველაფერზე, დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებით და დამთავრებული ტექნიკის მიღწევებით, ოღონდ დაივიწყოს მთავარი - ჭეშმარიტი ღმერთი.
ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან, მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას. ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი უსუსური გალაშქრებაა დიდი მისტერიის წინააღმდეგ - დგება ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, ბელზებელი თუ ეშმაკი ფარ-ხმალს ყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე.
ჟურნალი „კარიბჭე", აპრილი, 2004 წ.