- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ხარება
თავიანთი კავშირის პირველი თვეები წმინდა წყვილმა მშვიდობიანად და ღვთისმოსაურად გაატარა. მათ მოკრძალებულ სამყოფელში ღვთის მადლი გამეფებულიყო. დრო გადიოდა შრომასა და ლოცვაში, რაც მათ ყველა მოქმედებას ნათელს ჰფენდა. მართალი იოსები თავისი წინაპრების სიმდიდრით და დიდებულებით არ გამოირჩეოდა, მათგან ხომ ბევრი მეფე და წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ მათ შორის საუკეთესოთაგან სათნოებათა საგანძური მიიღო. ძველი ჩვეულების თანახმად, იოსები ხეს სახლში კი არ ამუშავებდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, არამედ მისგან განცალკევებულ სახელოსნოში. ის შორს არ იყო მართალი ანნას სახლიდან და ერთი ვიწრო ოთახისაგან შედგებოდა, რომელიც ცხრა ან თორმეტი კვადრატული მეტრი თუ იქნებოდა. სახლის წინა მხარეს ქვის სკამი იდგა, - დაღლილ მგზავრთა მოსასვენებლად, რომელსაც შუადღის მზის მწველი სხივებისაგან პალმის ტოტებით გაკეთებული ჩერო იცავდა. უდრტვინველი და გულმოდგინე იყო მართალი იოსების უმძიმესი შრომა. თავისი დამწინდველის სახლში ქალწულ მარიამს წმიდათა წმიდაში შეთვისებული ცხოვრების წესი არ შეუცვლია. ის განმარტოებით უშფოთველად ცხოვრობდა, გამუდმებულ შრომაში იყო; ლოცვა, წმინდა წიგნების კითხვა, ხელსაქმე და შინაური საზრუნავი მთლიანად ავსებდა მის მორჩილ და წყნარ ცხოვრებას: ადამიანთა შორის ის მხოლოდ ღმერთისთვის არსებობდა და იოსების ოჯახი მისთვის იგივე იყო, რაც სამლოცველო სახლი. ის ძველებურად ართავდა, საეკლესიო შესამოსლებს ქსოვდა და მისი ყველა ნამუშევარი ხელოვნების ნიმუში იყო. ბოლოს უფლის წელიწადის სანატრელი დროც დადგა: მოაღწია დღემ, რომელსაც ადამიანთა მოდგმა 5000-ზე მეტ წელს ელოდა. წმიდა მამათა თქმით, ქალწულმა მარიამმა საღვთო და საწინასწარმეტყველო წიგნებიდან იცოდა, რომ აღთქმული მესიის მოსვლის ჟამი მოიწია და დანიელის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო: „აჰა, ქალწული მიუდგეს და შვას ძე და უწოდონ მას სახელი ემანუელ" და თავის წარმოსახვაში ხშირად ვარაუდობდა, რომ ეს კურთხეული ქალწული ამქვეყნად უკვე არსებობდა. მისი სული მხოლოდ ნანატრი მესიის სიყვარულით კი არ იწვოდა, არამედ იმ ქალწულისადმი თაყვანისცემით, რომელიც მესიის დედა უნდა გამხდარიყო. ცრემლით იმეორებდა თავის ლოცვებში, რომ ღირსეყო უფალს, აღთქმული მესიის დედა საკუთარი თვალით ენახა და მომსახურებოდა მას, თუნდაც მისი უკანასკნელი მხევალი გამხდარიყო. გადმოცემა გვიამბობს, რომ ჯერ კიდევ ტაძარში ყოფნისას ქალწულმა მარიამმა მიიღო საიდუმლო ნიშანი, რომ მისგან სიტყვა ღვთისა შეისხამდა ხორცს. ერთხელ ღამით, როდესაც ჩვეულებისამებრ მეორე კრეტსაბმელის მიღმა ლოცულობდა, მაღლიდან სხივი დაეცა მას და მოესმა ხმა: „შენ შობ ჩემს ძეს". სახარებაში ნათქვამია, რომ მთავარანგელოსი გაბრიელი ქალწულ მარიამს მაშინ გამოუჩნდა, როდესაც ის ნაზარეთში, იოსებ დამწინდველთან ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, ამ დროს იგი წმინდა წერილს კითხულობდა და ფიქრობდა წინასწარმეტყველ ისაიას სიტყვებზე - „ქალწულმან მუცლად იღოს" - თანაც მხურვალედ ლოცულობდა, ღირსი გაეხადა უფალს, რომ ჩქარა ეხილა მესია. უცებ მის წინაშე მთავარანგელოზი გაბრიელი წარმოსდგა და თითქოს მისი აზრების პასუხად, წარმოსთქვა ღვთაებრივი მოკითხვა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". მთავარანგელოსის გამოცხადებამ არ შეაშინა ყოვლადწმინდა ქალწული. ტაძარში ყოფნისას ის ანგელოსების გამოცხადებას და მათთან საუბარს მიჩვეული იყო, მაგრამ უჩვეულო მისალმებამ იგი განაცვიფრა. უფალი არაერთგზის უცხადებდა თავის ნებას ანგელოსის საშუალებით ძველი აღთქმის რჩეულებს, მაგრამ მისალმება - „გიხაროდენ" - უწინდელ გამოცხადებაში არავის სმენია. ქალწული მარიამი მოულოდნელობისგან დუმდა და ცბიერი გველის განსაცდელს უფრთხოდა. ღვთისმოსაური მოკრძალებით უმზერდა ზეციური მაცნე წმიდა ქალწულის შეცბუნებას და მისი დამშვიდება ისწრაფა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა, და აჰა ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვე ძე და უწოდო სახელი მისი იესუ, ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის მამისა თვისისაჲ და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ". პირველქმნილი ევა არ შეუცბუნებია გველის სიტყვებს, როდესაც მან შესთავაზა პატივი - ყოფილიყო ყოვლისმცნობელი და ღვთის მსგავსი. ევამ განუსჯელად შეიწყნარა გველის ცრუ დაპირება და აკრძალული ნაყოფი იგემა, ხოლო მის მიერ - მთელი კაცობრიობის ცოდვა და სიკვდილი, მაგრამ ქალი, რომლის თესლისაგანაც გველის თავის დათრგუნვა ქვეყნიერების დასაბამიდან იყო განსაზღვრული, კეთილმაუწყებელს უდიდესი ქალწულებრივი სიწმინდით შეხვდა და თუმცა საიდუმლოს სიდიადეს ვერ ჩასწვდა, მისი ყოველი სიტყვა გაიგო: „ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?" ანუ მე ქორწინებაში წილი არ მაქვს, თუმცა დაწინდვის წესის თანახმად ქმარი მყავს, მაგრამ ქალწულების აღთქმის მიხედვით მისი ცოლი არა ვარ". ყოვლადწმინდა ქალწულმა ანგელოსის ნათქვამი მეტად მაღალ პატივად მიიჩნია. მთავარანგელოსმა მისი ეჭვი განაქარვა: შენ უმამაკაცოდ გააჩენ ძეს: „სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ". ე.ი. ჩასახვა ზებუნებრივად, სულიწმიდის მიდგომილებით უნდა აღსრულებულიყო და იგი გახდებოდა დედა - ადამიანთა გონებისათვის მიუწვდომელი. ამიტომ მასში წმინდად ჩასახული ძე ღვთისა სხვა ადამიანთა მსგავსი კი არა, - წმინდა იქნება, ცოდვას ნაწილი არ ექნება მასში და „ძე მაღლის" ეწოდება. ხარებამ უდიდესი საიდუმლო გახსნა და მთავარანგელოსმა გაბრიელმა ქალწული მარიამის სრულად დასარწმუნებლად მის ნათესავზე - ელისაბედზე მიანიშნა: „და აჰა ელისაბედ, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თვისსა და ესე მეექუსე თუე არს მისი, რომელსა იგი ერქუა ბერწ, რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ". ადამიანური განსჯის მიხედვით შეუძლებელია, რომ უხრწნელმა ქალწულმა შვას და უნაყოფო ქალმა მუცლად იღოს, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთისთვის შეუძლებელი არ არსებობს: „სადაც ღმერთსა ენებოს, იძლევიეს წესი ბუნებათაჲ". ღვთივსულიერი ნათელი მოეფინა ქალწულს, მან გაიხარა ანგელოსის ხარებით და ირწმუნა, რომ ნამდვილად ღვთის ნებით ეუწყა. შემოქმედისადმი უდიდესი მადლიერებით აღვსილმა - მაღალი ღმერთის სიწმინდესთან შედარებით ადამიანურ ღირსებათა არარაობა შეიცნო და უპასუხა: „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა". სიმდაბლემ და ღვთის ნებისადმი კრძალულებამ მოსდრიკა ცა და ძე ღვთისა გარდამოხდა მიწაზე - „სიტყვა ხორციელ იქმნა". ღვთის დავალების აღსრულების შემდეგ მთავარანგელოსი გაბრიელი ზეციურ ნათელს დაუბრუნდა. ძე ღვთისას განხორციელების საიდუმლო აღსრულდა: ქალწული დედად იქცა და დედა კვლავ ქალწულად ეგო. ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულმა, სულით და ხორცით სპეტაკმა, მან საკუთარ თავში მადლის სრული საუნჯე შეიკრიბა. მთავარანგელოსის ხარებამ „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა", - ქვეყნიერებაზე დადებული მსჯავრი გააუქმა და კაცობრიობას სიხარულის უფლება მისცა. და იმ წუთებიდან, სადაც არ უნდა გამოჩენილიყო ღვთისმშობელი, ყველა სიხარულით ივსებოდა: გიხაროდენ, მიმადლებულო, ყოველთა მიწიერთათვის სიხარულის მიმმადლებელო, გიხაროდენ, მხურვალე შუამდგომელო, ყოველთა შენდა მოლტოლვილთა გულთა მშვიდობისა და სიხარულის მომნიჭებელო. მარიამი ზეციური მაუწყებლის ხარებულზე დიდხანს ფიქრობდა, მის სულში იმედი და ბედნიერება ჩასახლდა. ის ანგელოსის მიერ მოტანილი სიხარულით ხარობდა, მით უმეტეს, რომ ეს სიხარული მთელ ქვეყნიერებას ეკუთვნოდა. ხარობდა იგი თავისი საყვარელი ნათესავის ელისაბედის გამო, რომელიც მანამდე ბერწი იყო. სულიწმიდის შთაგონებით მარიამმა გადაწყვიტა ენახა იგი, რათა ერთმანეთის სიხარული გაეზიარებინათ, მან ისწრაფა მთაში - მთიან მხარეს, სადაც ზაქარია და ელისაბედი ცხოვრობდნენ. იოსებმა მასთან ერთად წასვლა ვერ შესძლო, მაგრამ, უეჭველია, იზრუნა, რომ მარიამი შეერთებოდა თავის ნათესავებს, რომლებიც წმინდა ქალაქში ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისსაცემად მიდიოდნენ. მთიანი იუდეის მიწა ნაზარეთიდან ხუთი დღის სავალზე იყო დაშორებული. მთელი გზა გადიოდა მთებში, რომლებიდანაც ნაკადულები დიოდა. სულიწმიდის მადლით ცხებული წმიდა ქალწული საკუთარი თავის საიმედო დამცველი თავადვე იყო, თუმცაღა მას მარტოს, მხლებელთა გარეშე, მანამდე არ ემგზავრა. ხუთი დღის შემდეგ წმინდა მარიამმა მოგზაურობის მიზანს მიაღწია, მის წინაშე ლევიტელთა ქალაქი იუდა გამოჩნდა, აქ ცხოვრობდნენ მისი ნათესავები. ის შეუსვენებლივ მიისწრაფოდა კარგად ნაცნობი სახლისკენ. ელისაბედი შესახვედრად გამოვიდა და წმინდა მარიამის მისალმებაზე კრძალვით უპასუხა. უღრმესი გრძნობის ნიაღვარმა მას წარმოათქმევინა შთამაგონებელი სიტყვები: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა". ასეთი კრძალვით შეხვედრა და წინასწარმეტყველური სიტყვები თავმდაბალი მარიამისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ, როცა ამ მისალმებაში ანგელოსის ხარების სიტყვები შეიცნო, ის დარწმუნდა, რომ ყოველივე სულიწმიდის შეგონებით ხდებოდა. მაშინ მის წინაშე მთელი სიცხადით წარმოსდგა ყველა წინასწარმეტყველება, - სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადამიანთაგან გამოსული: მის გულში მაღალი ღმერთის მიმართ მადლიერების გრძნობა გაძლიერდა და ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველურ გალობას გადმოიღვარა, ეს სადიდებელი გალობა ახალი აღთქმის პირველი სამადლობელი საგალობელია: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა; ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა; დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი; შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ". არაჩვეულებრივი და მნიშვნელოვანი სიტყვებით უპასუხა ყოვლადწმიდა მარიამმა ელისაბედის წინასწარმეტყველურ მისალმებას, მთელ სიდიადეს ის ერთ დიდ ყოვლისშემძლე უფალს მიაწერს, საკუთარ თავს კი მხოლოდ უძლურ იარაღად მიიჩნევს, რომლის საშუალებითაც ღვთის დიდება გაცხადდა და აღიარებს, რომ ყოვლადძლიერმა მოჰხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს. ის საკუთარ თავს ღვთივშთაგონებით ყველასგან სანატრელად სცნობს („ამიერიდან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი"), - წინასამარადისო კრებაზე გამორჩეული ძე ღვთისას დედად. „რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან და წმიდა არს სახელი მისი". ის აცნობიერებს ღმერთის მიერ მასზედ გარდამოვლენილ წყალობას და აღიარებს, რომ ეს წყალობა მხოლოდ მას კი არ ეკუთვნის, არამედ მისი საშუალებით ყველა ღვთისმოშიშ ადამიანს და რომ ისრაელი ერი თავის ცოდვათა გამო უკვე განდევნილი აღარ არის, არამედ უფალმა წმინდა მამათმთავართათვის მიცემული ყველა აღთქმა მოიხსენა და თავისი ხალხი ღირსჰყო, მათ შორის აღთქმული მესია მოსულიყო. ღვთის აღთქმის გარდაუვალი აღსრულების რწმენით განმსჭვალული წმინდა დედები ერთურთს განსწავლიდნენ და ადიდებდნენ ღმერთს. ამ კურთხეული შეხვედრის დრო ჩქარა დასრულდა და სამი თვის შემდეგ წმინდა მარიამი ნაზარეთში დაბრუნდა. მორჩილებითა და ლოცვით ელოდა იგი მთავარანგელოს გაბრიელის მიერ ნახარები ღვთიური აღთქმის აღსრულებას და გამუდმებით თავისი საცხოვრებლის კეთილმოწყობაზე ზრუნავდა. ცისა და მიწის დედოფლის მთელი დიდებულება ამკობდა და უფლის დედობით მისი გამოუთქმელი სიმაღლე კიდევ უფრო იზრდებოდა. წმინდა ქალწულის მიერ მუცლადღებიდან უკვე მეექვსე თვე იწურებოდა და მისი მდგომარეობა მართალი მოხუცებული იოსებისთვის შეუმჩნეველი ვეღარ დარჩებოდა. ის ვერ ხვდებოდა, რომ მის წინაშე ქვეყნიერების მხსნელის ხორცშესხმა ხდებოდა, თუმცაღა იცოდა, რომ მოსეს მიერ აღთქმული მესია ქორწილის გამოუცდელი, ყმაწვილი ქალწული ქალისაგან წარმოსდგებოდა. მის სულში ეჭვების ქარიშხალი დატრიალდა. ძლიერი მღელვარების დროს მას საძაგელი ცდუნების შესაძლებლობა დაუშვა, ამგვარ ვარაუდზე უარესი რაღა იქნებოდა სიმართლისმოყვარე და უმანკო გულისათვის?! მძიმე საფიქრალმა შეიპყრო იგი და აღარ იცოდა, თუ წმინდა ქალწულ მარიამს როგორ მოქცეოდა. იუდეური კანონის სიმკაცრის მიხედვით, თუკი ბრალს სამსჯავროს წინაშე დასდებდა, ის ქვით უნდა ჩაქოლილიყო, მაგრამ მისი სიმართლე და მარიამისადმი ღვთისმოსაური სიყვარული ასეთ გამოსავალს მთელი გულით უარჰყოფდა. კანონის მიხედვით მას უფლება ჰქონდა, რომ მიზეზის დაუსახელებლად გაჰყროდა მას, თუმცა ესმოდა, რომ სხვების დასანახად შეიძლება სასტიკი და უსამართლო გამოჩენილიყო, მაგრამ მას ეს არ აშინებდა: ყველაზე მთავარი მისთვის იყო, რომ ხალხის თვალში მარიამის მოჩვენებითი დანაშაული სიყვარულისა და თანადგომის საფარველით დაემალა; მართალ ადამიანს არ სურდა, რომ ის სხვათა წინაშე შეერცხვინა. გადაწყვიტა, დანაშაული საკუთარ თავზე აეღო. გადაწყვეტილება მიღებული იყო და ოთხმოცდაათი წლის მოხუცი მზად იყო დაეტოვებინა მარიამი, რომლის ყოფნა ასეთ მშვიდობასა და სიხარულს ანიჭებდა მოხუც მზრუნველს. მართლმსაჯული ღმერთი ისმენდა თავისი რჩეულის ზრახვებს და ლოცვას და მან თავისი ანგელოსი მოუვლინა იოსებს, რომელმაც დაამშვიდა იგი და გონება ჭეშმარიტების სხივით გაუნათა. ანგელოსი მას სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „ნუ გეშინინ მოყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს". ანგელოსმა მას დავითის ძე უწოდა, რათა გაეხსენებინა, რომ იგი შთამომავალია სამეფო გვარისა, რომელიც ადრე მიუჩრდილებელი სინათლით ბრწყინავდა და თუმცა იმჟამად დამცრობილი იყო, მაგრამ კვლავაც არსებობდა აღთქმა, რომ მისგან გამოვიდოდა მეუფე დიდებისა და შთააგონა, რომ მისგან დაწინდული ქალწული მარიამი წმინდა და უმანკოა, რომ ის საკუთარ სახლში უნდა იყოლიოს, რათა დაიცვას და იზრუნოს როგორც დედაზე, ისე მისგან შობილ დიდების მეუფეზე. ნუ შეცბუნდები - უთხრა ანგელოსმა, შეიცან ჭეშმარიტება და გიხაროდეს „შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იხსნას ერი თვისი ცოდვათა მათთაგან". გიხაროდენ, მართალო მოხუცებულო: ქალწული აღთქმისაებრ შობს ძეს სულისაგან წმიდისა, თუმცა შენ მამად მხოლოდ იწოდები, მაგრამ გაქვს ყოველივე, რაც მას ეხება: შენ მისცემ მას სახელს, და როგორც ნამდვილი მამა, იზრუნებ მასზე, „ესე ყოველი იქმნა, რათა აღესრულოს სიტყუა იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელთაჲსა თქმული: „აჰა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ, რომელ არს თარგმანებით: ჩეუნთანა ღმერთი". იოსებმა გაიღვიძა და მის გულში ეჭვისათვის ადგილი უკვე აღარ დარჩა. ძველი დროიდან მან იცოდა ისაიას წინასწარმეტყველების შესახებ. ანგელოსის სიტყვებმა დაარწმუნა, რომ ქალწული მარიამი წმინდა და უმანკოა: მას უფლის სიტყვებისა სჯეროდა და დამტკიცებას არ ითხოვდა. მოკრძალებით და სახარულის კრთომით „განეღვიძა ძილისაგან მისისა და ყო ეგრეთ ვითარცა უბრძანა მას ანგელოსმან უფლისამან და წარიყვანა ცოლი და არა იცოდა იგი ვიდრე შვა ძე იგი მისი პირმშო". სიყვარულითა და კრძალვით სავსე გულით მოხუცებულმა ისე მიიღო ყოვლადწმიდა ქალწული, როგორც მთლიანად ღვთისათვის კუთვნილი, როგორც ძე ღვთისას კურთხეული დედა და მხურვალედ, დაუღალავი მზადყოფნით ემსახურებოდა მას, როგორც მთელი ქვეყნიერების მფლობელს. ღვთიური გამოცხადების შემდეგ მართალი იოსების თვალში ქალწული მარიამი მისგან დაწინდული ქალწულიდან მხსნელი ღმერთის უფროსადკურთხეულ დედად იქცა. ვაჟკაცურად გადატანილმა განსაცდელმა, თვითუარყოფამ და მძიმე ბრძოლამ უდიდესი სულიერი ნაყოფი მოუტანა: არამიწიერი შუქი დაჰნათოდა ქალწულ მარიამს და მის დამწინდველს, რომლის სული სიამაყემ ვერ დააბნელა და არ დააკარგვინა მორჩილება, ასეთი აუცილებელი რომაა ადამიანურ სათნოებებში წარსამატებლად. ამის შემდეგ მარიამი იოსების სახლში დარჩა და განუყრელად ცხოვრობდა მის აღსრულებამდე. მშვიდობიანად მიდიოდა მარადიული ქალწულის ცხოვრება, რომლიც დამწინდველის ზრუნვით იყო გარემოცული, მან მთავარანგელოსის სიტყვების მიხედვით გააცნობიერა ღვთისმშობლის მიმართ მასზედ დაკისრებული მოვალოებები და შიშითა და კრძალვით ემსახურებოდა. ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული ქრისტიანთა მიერ პირველი საუკუნეებიდანვე აღესრულება. ეკლესიის მამათა უძველეს ნაწერებში მითითებულია, რომ ღმერთკაცის განკაცება 25 მარტს მოხდა, რადგან პირველი ადამიანიც სწორედ 25 მარტს შეიქმნა. ძველი აღთქმის ადამი, რომელმაც თავისი ცოდვით დაცემით მთელ კაცობრიობას სიკვდილი მოუტანა ახალი აღთქმის პირველკაცმა ხსნისა და ნეტარებისათვის ხელახლა აღადგინა იმავე დროს, როცა ის შეიქმნა. მართლმადიდებელი სარწმუნოების უძველესი მქადაგებლები ქრისტეს მიმდევრებს ასწავლიდნენ, რომ პატივი მიეგოთ ღვთისმშობლისათვის. ეკლესიის უდიდესი მამები ყოვლადწმიდა მარიამს ღვთისმშობლად თვლიდნენ. მათი სწავლებით, ვინც ღმერთის დედას ღვთისმშობლად არ სცნობდა, ის სარწმუნოებისა და ქრისტიანობის მტერი იყო და ქრისტიანის სახელს არ იმსახურებდა.
| |
მომწონს
+50
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |