- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)მოძღვრება თქმული წმ. ნინოობას დაისადწარმოთქმული ქ. ქუთაისის საკრებულო ტაძარშისახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. მადლითა და ღვთის შეწევნითა ესაა, მსმენელო, გადავიხადეთ მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე და დიდებული დღესასწაულნი - შობა, ხორცითა წინადაცვეთა და ნათლისღება. ჯერ მთლად განვლილად და გასტუმრებულადაც არ მიგვაჩნია ეს ბედნიერი დღეები, ჯერ ისევ აღფრთოვანებული და ცხოველი სიხარულითაა მათ გამო აღვსილი ჩვენი სული, ჯერ კიდევ მათ საღმრთო შთაბეჭდილების ქვეშე ვიმყოფებით და, აჰა, ეკლესია კვალად გვეპატიჟება სადღესასწაულოდ, კვლავ გვიბრძანებს გაუხსნათ გული სულიერი შვების ახალ სხივებს, დავეწაფოთ სულიერი ბედნიერების წმინდა წყაროს ახალ ნაკადულთ. ასე უხვი და ხელგაშლილია წმ. ეკლესია ჩვენი სულიერი ბედნიერების საქმეში, ასე ხელშეწყობით და მრავალგვარად გვასაზრდოებს იგი სულიერად! მან გაგვამხნევა, გვანუგეშა, გაგვახარა და გაგვაცოცხლა ქრისტეს დიდებული დღესასწაულებით როგორც მართლმადიდებელნი, ისე ქრისტეს სჯულის მიმდევარნი საზოგადოდ. შობა და ნათლისღება ქრისტესი ერთნაირად გასახარებელი და სათაყვანოა როგორც რუსთათვის, ისე ბერძნებისა და ქართველებისათვის, როგორც ფრანგებისა, ისე სომხების და საზოგადოთ ქრისტიანეთათვის. დღეს კი სულ სხვაგვარია წმ. ეკლესიის სურვილი: ქრისტეანეთაგან გვარჩევს კერძოდ ჩვენ - ქართველებს, - მარტო ჩვენ, ქართველებს მოგვმართავს თავისი ტკბილი ხმით, განსაკუთრებით ჩვენ გვეკუთვნის დღეს მისი გული და პირი, ქართველს, მხოლოდ ქართველს აღძრავს იგი, როდესაც ხმა მაღლა ღაღადებს და ბრძანებს: „ნინოს ხსენება სიხარულისა ღირს არს, გუნდი განვაწყოთ მორწმუნენო... ჰოი მეფობანო ქართველთანო, იხარებდ, რამეთუ ნინომ დაგადგა შენ გვირგვინი ქრისტეს მიერ ზოგადი, კრება ჰყავ დღეს, რამეთუ მოციქული ჩვენი მოგვიწოდს... მოვედით ყოველნი... ყვავილთა მიერ სიტყვისათა ქებას შევასხმიდეთ მოციქულსა, ქადაგსა და მახარებელსა ქართველთასა, მზესა ბრწყინვალესა, ებანსა სულიერსა, საყვირსა ღვთივ მობერილსა, ნინოს ღვთივ გაბრძნობილსა" (სადღეს. 14 იანვარს) და სხვ. მოყვანილი სიტყვებიც თვალნათლად და ცხადად გვიჩვენებენ, რანაირი აღტაცებით და აღფრთოვანებით ეგებებოდნენ ძველად ქართველები წმ. ნინოს ხსენების დღეს; გაგონილიც სრულებით საკმარისია იმის წარმოსადგენად და მისახვედრად, თუ რა წარმტაცი, მიმზიდველი, დამატყვევებელი გავლენა ჰქონდა ძველად წმ. ნინოს სახელს ქართველი კაცისა და ქალის გულსა და გონებაზე; ყველასთვის საყვარელი და წმინდა იყო იგი სახელი, ყველა ერთმანეთს ეჯიბრებოდა ამ საღმრთო პირის მომეტებული პატივისცემის გამოთქმა-გამოხატვაში და განხორციელებაში. ამით აიხსნება, რასაკვირველია, თვითოეულ ეკლესიაში აუცილებლობა მისი წმ. ხატისა. ღვთის მადლით დღესაც ბევრგან შესაფერისი გულსმოდგინებით სრულდება ჩვენში ჩვენი მოციქულის ხსენება, დღესაც ბევრგან ნინოს ხსენება შეუკავებლად იზიდავს ქართველთა სიმრავლეს; თუ ქალი, თუ კაცი, თუ თავადი, თუ გლეხი დღესაც ბევრგან საღმრთო და აუცილებელ მოვალეობად სთვლიან დაიტკბონ გული და გონება წმ. ნინოს სადიდებლად განწესებული საკითხავებისა და საგალობლების მოსმენით. დღევანდელი საღამოს მღვდელ-მსახურება და ხვალინდელი საღმრთო წირვა რაღაც განსაკუთრებული ბედნიერების სიოს ჰფენს მათ გულს, უფრო მეტს სიხარულს, მეტ კეთილ გრძნობას, მეტს მხნეობას და თვით-ცნობიერებას უღვიძებს ბევრს ქართველს, ვიდრე სხვა დროინდელი, სხვა დღესასწაულის წირვა და ლოცვა. დღეს ბევრი ქართველი დღესასწაულობს და გახარებულია არა მარტო იმითი, რომ იგი ქრისტეანეა, მონათლულია, მიმდევარია უკვდავი ჭეშმარიტებისა, არამედ იმითიც, რომ ეს ბედნიერება და ღვთის კურთხევა შეკავშირებულია, შედუღებული და შესისხლხორცებულია მისს ეროვნებასთან, მისს ვინაობასთან, მისს ხალხოსნობასთან. სწორეთ დაუვიწყარია ის დიდებული სურათი, რომელსაც მიიღებს ხოლმე დღევანდელ საღამოს და ხვალინდელ დღეს თბილისის ეკლესიათა დედა - სიონის ქებული ტაძარი: უშველებელი ტაძარი, მისი გალავანი და მთლად მიდამო დაჭერილია ხოლმე აუარებელი მლოცველებით. ამასთან ყველას ციური შუქი აფენია სახეზე, ყველა ბედნიერად გრძნობს თავის თავს, დიდი და პატარა გახარებული ულოცავენ ერთმანეთს ბედნიერ დღეს! ჩემს სიცოცხლეში არ გამომივა მეხსიერებიდან ის ლმობიერება და საღმრთო გრძნობა, რომლითაც დღევანდელ საღამოს გარს ევლება ხოლმე მთელი ქიზიყი წმ. ნინოს საფლავს. ნინოს სახელის გაგონება, ნინოს ხატის დანახვა ციური სიამოვნების ჟრუანტელს ჰგვრის ქიზიყელს ტანში, ნინოს საფლავის თაყვანისცემით დამტკბარნი და გამხნევებულნი, გულ-გაუტეხელად და მამაცურად ეწევიან ქიზიყელები ცხოვრების მძიმე უღელს. მსგავსად ამისა უღრმესად პატივ-სცემენ ქართველთა განმანათლებელის ხსენებას, წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყნის განაპირა ქართველებიც: ინგილონი, ახალციხის მაზრელები და კავკავში მცხოვრებნი! მით უფრო სამწუხაროა, მით უფრო სასირცხო და დასაგმობია ის საოცარი, დაუჯერებელი გულ-გრილობა, განურჩევლობა და დაუდევრობა, რომელსაც იჩენს ამ შემთხვევაში დანარჩენ თავის თანამოძმეებთან შედარებით, უფრო შეგნებული, გონებით განვითარებული და ეკლესიური მიმართულებით მაღლა მდგომი დასავლეთის ქართველობა. აქ ხსენებაც არაა ნინოობისა, აქ თოთხმეტი რიცხვი იანვრისა სულ უბრალო, სადაგი და ჩვეულებრივია! რითი ავხსნათ ეს გარამოება? რას მივაწეროთ ეს ძნელად დასაჯერებელი ამბავი და რა მივიღოთ მის მიზეზად? ნუთუ ქართველთა განმანათლებელი აქაური ქართველების განმანათლებელი კი არ იყო? ნუთუ აქაურები ასე საარაკო უმადურები არიან და არ იციან, არ მოსდგამთ მათ ჩვეულებად თავიანთი კეთილისმყოფის დაფასება და სიყვარული? არა! დიდი დანაშაული და ცილისწამება იქნება, როგორც პირველი, ისე მეორე აზრის მიღება და დაჯერება. აქაური ქართველები არ იცნობენ თავიანთ განმანათლებელს და ამის გამო არ აქვთ მისი მხურვალე სიყვარული. აქაურ ქართველებს არ უყვართ წმ. ნინო იმის გამო, რომ ამ სიყვარულ6ს აღძვრა-გაღვიძებისათვის სრულებით არ უფიქრიათ და არ უზრუნვიათ იმათ, ვინც ვალდებულნი იყვნენ ამაზე ფიქრსა და ზრუნვას. აქ დანაშაული მთელი თავისი სიმძიმით ატყდება თავს აქაური ეკლესიის წარმომადგენლებს, აქაურ სამღვდელოებას. ამ შემთხვევაში, უეჭველია ჩვენ შესახებაც ბრძანებს უფალი: „მღვდელთა მისთა შეურაცხყვნეს შჯული ჩემი და მწიკვლევან ჰყოფდეს წმიდათა ჩემთა. შორის წმიდათა და ბილწსა არა განარჩევდეს და შაბათთაგან ჩემთა დაიფარვიდეს თვალთა მათთა, და შევიგინებოდე შორის მათსა" (ეზეკ. 21,26). სატირალია, ჭეშმარიტად სატირალი და საგლოვია ასეთი შეუგნებლობა სამღვდელოების მხრივ თავისი უზენაესი მოვალეობისა, მაგრამ, იმედია, მომავალში მაინც გამოისყიდის იგი ამ მძიმე დანაშაულს, ამიერიდან ეცდება, რამდენადაც კი შეუძლია, პირნათლად შეასრულოს თავისი განმანათლებელის სამსახური. მე კი გულსმოდგინედ გევედრები, მორჩილებით და გულით გთხოვთ ქალსა და კაცსა, სწავლულს და უსწავლელს, სოფლელს და ქალაქელს, თქვენდა საბედნიეროდ, თქვენდა სასიხარულოდ, თქვენდა სასახელოდ და ღვთის კურთხევის შესაძენად გაითვალისწინოთ დიადი მნიშვნელობა დღევანდელი დღისა მთელი ჩვენი ქვეყნისათვის და დაიდვათ იგი თქვენ საკუთარ დღესასწაულად, ვალად გაიხადოთ სრული, გაუტეხელი, აუცილებელი და ეჭვს-გარეთი უქმობა მისი სულიერი მხიარულებით. იცოდეთ, რომ იმისთანა წმინდანების დავიწყება, როგორიც არის მოციქულთასწორი დედა ნინო, სწორეთ ის უმწიფარი ხილია (კაწახი), რომელსაც მამანი სჭამენ და შვილებს კი კბილებს აკვეთს (იერემ. 31,29). ამინ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1273 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |