- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)ქადაგება ხორციელის კვირასქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო! დღევანდელ დღეს ეკლესია ქრისტესი გვახსენებს მაცხოვრის მეორედ მობრძანებასა და საშინელ სამსჯავროს. ჩვენ არაერთხელ განგვიმარტავს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა, ცხადად წარმოგვიდგენია ქვეყნიერების დასასრული, რათა გამოვფხიზლებულიყავით ცოდვებით დამძიმებულნი და სინანულის საქმეს მოვკიდებოდით. მაგრამ რატომღაც, ზოგიერთებს ეს ძალზედ შორეულ საქმედ მიაჩნია და ამიტომ კვლავინდებურად შვებასა და განცხრომას არიან მიცემულნი. ასეთი ადამიანები მოისმენენ რა საღვთო წერილს მაცხოვრის მეორედ მობრძანებისა და მის მიერ კაცობრიობის გასჯის შესახებ, ძრწუნდებიან, ტირიან კიდეც, მაგრამ მალე ივიწყებენ მოსმენილს და ისევ ყველას და ყველაფრის მომაკვდინებელ ქვეყნიურ ძილს ეძლევიან. გულს იმით ინუგეშებენ, რომ ჟამი საყოველთაო დასასრულისა ჯერ კიდევ შორსააო. მათ დავიწყებიათ შეგონება სახარებისა, რომ „დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოსთა ცისათა, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან" (მთ. 24, 36). ადამიანები, რომელნიც მაცხოვრის მეორედ მობრძანებას შორეული მომავლის საქმედ თვლიან, ვერ ერკვევიან ცხადად ქრისტეს მეორედ მობრძანების საიდუმლოში. ჩვენ გვინდა შევახსენოთ და განვუმარტოთ მათ, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა ყოველმა მორწმუნე ადამიანმა უნდა გაიგოს როგორც ქრისტე მაცხოვართან მისი მეორედ შეხვედრაც. როდის მოხდება ადამიანის შემოქმედთან მეორედ შეყრა? ეს მოხდება მაშინ, როცა მისი სული დაუტევებს სხეულს მისას, ე.ი. როცა მოხდება ადამიანის გასვლა ხილული ქვეყნიდან, როცა მოხდება მისი სიკვდილი ანუ გარდაცვალება. აი სწორედ ამ საკითხზე გვინდა ვისაუბროთ დღეს ჩვენ, აი ამაზე გვინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. სიკვდილი - ხვედრი ყოველი ადამიანისა დედამიწაზე, ხვედრი, რომელსაც ვერავინ გაექცევა. ჩვენ გვაშინებს ის, როგორც საშინელი და დაუნდობელი მტერი, ჩვენ მწარედ დავტირით მის მიერ მოტაცებულთ და მაინც ისე ვცხოვრობთ, თითქოს უცხო იყოს იგი ჩვენთვის, თითქოს მუდმივად უნდა ვიყოთ ქვეყნად. დავიარებით სასაფლაოზე, ვალამაზებთ ახლობელთა საფლავებს და მაინც არ გვინდა იმის დაჯერება, რომ ადრე თუ გვიან სამარე ჩვენთვისაც გაითხრება. სამარევ ჩემო, რატომ გივიწყებ მე შენ? შენ ხომ დაბადებიდან მელი და მეც მალე გავხდები შენი ბინადარი. რატომ მავიწყდები შენ, რატომ მიჭირავს თავი ისე, თითქოს შენ მხოლოდ სხვათა სამკვიდრებელი ხარ და არა ჩემი? ცოდვამ წამართვა და იგივე ცოდვა მართმევს დღესაც სინამდვილის ცნობის ნიჭს. იგი მტაცებს და მავიწყებს მე ხსოვნას საკუთარი სიკვდილისას. ცოდვის დატევებითა და ქრისტე მაცხოვრის მცნებათა აღსრულებით თუ შევძლებ გულისა და გონების განწმენდას და საკუთარი მოკვდავობის გახსენებას. მხოლოდ ქვეყნიურისათვის გულისა და გონების მოკვდინებით შევძლებთ ფიქრსა და განსჯას საიდუმლოებით მოცულ სიკვდილზე, რომელსაც დროებით სამყოფელიდან გადავყავართ მარადისობაში. ამაოებას განშორებული გული და გონება ადამიანისა ისწრაფვის მარადისობისაკენ. ქრისტეს ერთგულნი მონანი დაუცხრომელად მიიჩქარიან უფლის წინაშე წარსადგომად, თუმცა იმათაც აძრწუნებს ჟამი იგი საშინელი სიკვდილისა და ღმერთთან შეყრისა, წარმოიდგენენ რა დიდებულებას ღვთისას და მდაბალ და ცოდვილ მდგომარეობას საკუთარი სულისას. მათთვის სიკვდილი ერთგვარი გმირობაცაა, ქვეყნიური ტყვეობიდან თავის გამოსახსნელად. საყვარელნო, თუ ჩვენ არა გვაქვს სურვილი ქრისტესთვის კვდომისა საკუთარი მოკვდავი სხეულის სიყვარულის გამო, ნუ დავივიწყებთ მაინც სიკვდილს ჩვენსას, გავიხსენოთ იგი ხშირად, როგორც მწარე მკურნალი ჩვენი სულისა. საღმრთო წერილიც ხომ იგივეს ბრძანებს: „გაიხსენე ბოლო შენი და აღარ შესცოდო უკუნისამდეო". წამოდექი შენი სარეცელიდან, როგორც მკვდრეთით აღმდგარი საფლავიდან. ჩაწექი ლოგინში ისე, როგორც კუბოში. ძილი შენი სიკვდილს უნდა გახსენებდეს შენსას, სიბნელე ღამისა კი - უკუნეთს სამარისას, რომელსაც თუ შეცვლის ნათელი ქრისტეს აღდგომისა, მასთან ჩვენი განახლებისა. ნაზი და პატარა ღრუბლებით იფარება ნათელი მზისა, ასევე ამაო ქვეყნიური საქმეებით, გატაცებებითა და გართობებით უჩინო ხდება ჩვენი სულისათვის დიდებულება მარადისობისა. ამაოდ ანათებს მზე მოწმენდილი ციდან უსინათლოთათვის, მარადისობაც შეუმჩნეველი რჩება ქვეყნიურ ამაოებაში ჩაფლული კაცის გულისა და გონებისათვის. „სიკვდილი ცოდვილისა ბოროტ არს" (ფს. 33), ბრძანებს მეფსალმუნე დავითი. იგი მოდის იმ დროს, როცა მას საერთოდ არ ელიან. მოაკითხავს ადამიანს, იგი კი ჯერაც არ განმზადებულა არც მისთვის, არც მარადისობისათვის. არა თუ განმზადებულა, ხშირად წარმოდგენაც კი არა აქვს მასზე. და სიკვდილიც იტაცებს ცოდვილ კაცს პირისაგან მიწისა და გადაისვრის მარადისობის საუკუნო ბნელეთში. გინდა გახსოვდეს სიკვდილი შენი? დაიცავი ზომიერება ქვეყნიური ცხოვრებისას. ეცადე, რომ აუცილებელი საგნები და ნივთები არ იქცენენ საგნებად ფუფუნებისა. დაეწაფე ღვთის სიტყვას, იგი გაგახსენებს შენს ბოლოს, ეს კი მოგგვრის სინანულის ცრემლებსა და სურვილს ცოდვილი ცხოვრების დატევებისას და გამოსწორებისას. კაცთაგან, ძმანო, ვინ დარჩენილა დედამიწაზე ცოცხალი? - არავინ. ჩვენც იმ გზით წავალთ, რომლითაც ვიდოდნენ ჩვენი წინაპრები, მამა-პაპანი. სხეული ჩვენი მოთავსდება ცივ სამარეში, სული კი დედამიწაზე ცოცხლად დარჩენილთათვის დაიფარება მიუწვდომელი საიდუმლოებით. ჩვენც დაგვიტირებენ ახლობელნი და მეგობარნი, მაგრამ მალე გადაგვივიწყებენ ისინიც. ასე დაუტირებიათ და მიუვიწყებიათ ასი ათასობით ადამიანი. ისინი ახსოვს და არ დავიწყებია მხოლოდ ყოვლისმცოდნე და ყოვლადმოწყალე ღმერთს. დაიბადება თუ არა კაცი ქვეყნად, სიკვდილი მაშინვე აღნიშნავს მას თავისი ბეჭდით. „შენ ჩემი ხარ" - ეუბნება იგი ახლადდაბადებულს და მაშინვე სჭედს მისთვის მახვილს, რომლითაც უნდა განგმიროს იგი. ადამიანი ყოველ წუთს შეიძლება გახდეს ამ მახვილის მსხვერპლი. ბევრჯერ ავირიდებთ მას, მაგრამ ადრე თუ გვიან ვიგმირებით იმით. ცივი ღიმილით დასცქერის სიკვდილი ადამიანის ქვეყნიურ ცხოვრებას. მშენებელი აშენებს დიდებულ სასახლეს, მეცნიერი ჭეშმარიტებას გულდასმით იკვლევს, საქმოსანი არიგებს ათასნაირ საქმეს და აი, უცებ მოდის მოულოდნელი და ულმობელი სიკვდილი და ყოველგვარი ქვეყნიური საზრუნავი, დიდება და პატივი ხდება უსარგებლო და გამოუყენებელი. მხოლოდ ერთი, ქრისტეს ერთგული მონისათვის ხდება კეთილმაუწყებელი სიკვდილი - დათრგუნვილი და ძლეული ქრისტე მაცხოვრის მიერ. ხშირად ზეციური მაცნე ადრევე აუწყებს ჭეშმარიტების მსახურთ მარადისობაში გადასვლასა და ნეტარ მდგომარეობას იქ. ლოცვითა და მარხვით განწმენდილნი და სიკვდილისათვის მომზადებულნი იღებენ სიკვდილს მშვიდად და უდრტვინველად და ეძლევიან მას, როგორც ნეტარ ძილს. უხილავს ვინმეს მართალი კაცის სხეული სულის მიერ დატოვებული? მასთან მიახლებას არ ახლავს შიში და ზარი. მისი დაკრძალვისას სევდას სდევს რაღაც უხილავი სიხარულიც. სახის ნაკვთებს, სულის ამოსვლისას რომ გაიყინენ, რაღაც უცნაური ნათელი ადგას - ნათელი ზეცის უწმინდეს არსებებთა შეხვედრით გამოწვეული. ჰოი სიკვდილო! გამახსენე თავი შენი ხშირად, რათა განვეშორო ცოდვილ ცხოვრებას. დამაყენე ქრისტეს გზაზე, მარადიულ ნეტარებას რომ გვპირდება. გამახსენე თავი შენი სიკვდილო, რომ განვეშორო სამარცხვინო დიდებასა და გემოთმოყვარებას, რომ ძვირფასი კაზმულობა შევიცვალო უბრალო სამოსით, ნუგბარი საჭმელი განვაზავო სინანულის მწარე ცრემლით, რომ ცოცხლად დავიტირო თავი ჩემი მოკვდავად დაბადებული. ასე რომ, დაიტირე თავი შენი ძმაო და განიცადე საშინელებანი თან რომ ახლავს სიკვდილს. გაეცი ქვეყნიური მონაგები შენი და შეიძინე საუნჯე ზეციური - უხრწნელი და უპარველი. იგლოვე და იღვაწე შენი სულის გადარჩენისათვის. ვის, ვის შეუძლია ისეთი სიყვარულით და მონდომებით მოგიხსენიოს შენ გარდაცვალების შემდგომ, როგორც თვითონ შეგიძლია ეს სიცოცხლეში? ნუ მიანდობ შენი სულის ცხონების საქმეს სხვას, გახსოვდეს, რომ შენზე უკეთ ვერ შეასრულებს მას ვერავინ. ამისათვის საყვარელნო მამანო და ძმანო, გლოცავთ და გევედრებით მარადის ვიხსენებდეთ სიკვდილს ჩვენსას, ვიგლოვდეთ და ვინანდეთ შეცოდებათა ჩვენთა, რომ განწმენდილნი და განათლებულნი ღირსნი გავხდეთ საუკუნო სიხარულის მოპოვებისა, რომელსაც მართალთ უმზადებს უფალი ღმერთი, რომლისა არს დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 1983 წ. სამთავრო | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1391 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |