მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 20
სტუმარი: 20
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 20
სტუმარი: 20
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ადამიანის მოწოდებისათვის
მოძღვრება წმ. ნინოს დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარია


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარია

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ამბობს: დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. მართლაც დიდია უფალი და მიუწვდომელი ადამიანის გონებისა და გულისათვის და საკვირველია მისი საქმენი, მაგრამ ყველაზე საკვირველი მის ქმნილებათაგან ადამიანია; საკვირველია იგი თავისი სიწმინდით, თავისი სიკეთითა და ბოროტებით. გაოცებას იწვევს, საიდან ისადგურებს ამდენი ბოროტება ადამიანში, რომელიც ღვთის ხატებას წარმოადგენს. მაგრამ ეს ფაქტიც იმაზე მეტყველბს, რომ ადამიანისათვის მიუწვდომელი რჩება როგორც თვით უფალი, ისე საქმენიც მისი. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ ვიცით, - ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნებისყოფა უბოძა კეთილისა და ბოროტების ასარჩევად. ერთხელ კიდევ გავიხსენოთ, რას გვეუბნება ღმერთი ძველ აღთქმაში: აჰა, წარმოიდგინე შენ სიცოცხლე და სიკვდილი და აირჩიე სიცოცხლე, ე.ი. უფალი არა მხოლოდ თავისუფალი არჩევნის ნებას, არამედ რჩევასაც გვაძლევს, რომელი ვარჩიოთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ უმეტეს შემთხვევაში სიკვდილს ვირჩევთ, რადგანაც იგი უფრო ადვილი და იოლია.

როგორც სახარებაში ვკითხულობთ, სასუფეველი ღვთისა იძულებით მოიპოვება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასუფეველი თავისით არ მოდის. ადამიანმა თავისი თავი უნდა აიძულოს, რომ ბოროტების ნაცვლად, სიკეთე აკეთოს, ილოცოს, იმარხულოს და შეიყვაროს არა მხოლოდ ის, ვისაც იგი უყვარს, არამედ ისიც, ვისაც სძულს. ამგვარი იძულებისათვის კი ადამიანს ძალას მხოლოდ მტკიცე ქრისტიანული რწმენა აძლევს, რომელიც დაეჭვებასა და ყოყმანს სრულიად გამორიცხავს.

როცა ადამიანი უფალს სთხოვს, მაგრამ ამ დროს მისი გონება ეჭვითაა შეპყრობილი, რომ სათხოვარი შეიძლება არ აუსრულდეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რწმენას სიმტკიცე აკლია. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თუკი მისი სათხოვარი უფლისათვის მისაღები და სათნოა და მას სრული რწმენით ითხოვს, აუცილებლად აუსრულდება. დღეს წირვაზე წაკითხული სახარებაც სწორედ რწმენის სიმტკიცისაკენ მოგვიწოდებს. ქრისტეს, რომელიც ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა, განსაკუთრნავად ვინმე განრღვეული მიუყვანეს, მაგრამ ხალხის სიმრავლისა გამო, შიგ შეყვანა ვერ მოახერხეს. საბედნიეროდ, იმდენად დიდი იყო რწმენა, რომ სახლს სახურავი ახადეს და სნეული სარეცელთან ერთად ჩაუშვეს უფლის წინაშე. უფალმა ავადმყოფი მაშინვე კი არ განკურნა, არამედ უთხრა, რომ ცოდვები მიეტევებოდა. სინამდვილეში კი ეს ერთი და იგივე იყო, მაცხოვარმა, უპირველეს ყოვლისა, ცოდვების მიტევებით მისი გული განკურნა. იქ მდგომმა ადამიანებმა ვერ გაიგეს რა მოხდა და გაიფიქრეს: ვინ არის ეს, ცოდვებს რომ მიუტევებს, რადგანაც ცოდვების მიტევების უფლება მხოლოდ ღმერთს აქვსო. გულთამხილავმა უფალმა მათი ფიქრები გამოიცნო და იკითხა: რა უფრო ადვილი იყო, იმის თქმა, რომ მიგეტევოს შენ ცოდვანი შენნი, თუ - განიკურნე, აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა. ამ კითხვის დასმით უფალმა იქ მყოფთ მიანიშნა, რომ მათ წინაშე ძე ღვთისა იდგა, რომელსაც ცოდვათა მიტევებაც ხელეწიფებოდა; და როცა სული განკურნა, მერე განკურნა სხეული მისი, რადგანაც ხორციელი სენი ხშირად ცოდვების შედეგს წარმოადგენს. როგორც აქედან ჩანს, სასწაული დიდი და მტკიცე სარწმუნოების ჯილდო აღმოჩნდა. სწორედ იგია ერთადერთი ძალა, რომელსაც ყოველი ადამიანის გადარჩენა შეუძლია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სარწმუნოება, როგორც იაკობ მოციქული ამბობს, მკვდარია საქმეთა გარეშე. უცოდველი და შეუმცდარი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არსებობს, მაგრამ საცოდავია ის, ვინც ცოდვას სჩადის და სიკეთედ მიიჩნევს და ვინც ბოროტებას ქრისტიანობის ნიღბით ემსახურება.

მე მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოგიყვანოთ დიდი და თავდადებული სარწმუნოებისა. დღეს არის ხსენება ორმოცთა სებასტიელთა მოწამეთა. ეს ორმოცი მხედარი წარმოშობით კაპადოკიელები იყვნენ და IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მიუხედავად რომის იმპერიაში 313 წელს გამოცემული ედიქტისა, რომლითაც ქრისტიანებს ნება ეძლეოდათ თავიანთი სარწმუნოების თავისუფლად აღიარებისა, ქრისტეს თაყვანისმცემელთა დევნა კარგა ხანს მაინც არ შეწყვეტილა. ასე რომ, ამ ორმოც ქრისტიან მხედარს იმპერატორის წარმომადგენელმა კერპებისათვის მსხვერპლშეწირვით სამშობლოს ერთგულების დამტკიცება მოსთხოვა, რაზედაც ერთ-ერთმა მათგანმა, კირიონმა, უპასუხა, რომ ხელმწიფის ერთგულებაზე მაღლა ისინი ქრისტეს ერთგულებას აყენებდნენ. კირიონმა თანამოძმეთა გასამხნევებლად 90-ე ფსალმუნის კითხვა დაიწყო, იგი კითხულობდა, ხოლო დანარჩენები იმეორებდნენ. როცა იმპერატორის წარმომადგენელი მიხვდა, რომ ამ მხედრებთან ვერას გახდებოდა, ბრძანა ისინი მთელი ღამით ჩაეყენებინათ გაყინულ ტბაში, რომელიც ქალაქ სებასტიასთან მდებარეობდა. იქვე მახლობლად აბანო იყო და რათა ეცდუნებინათ, მხედრებს ქრისტეს უარყოფის საფასურად გაყინული ტბიდან იქ გადაყვანა შესთავაზეს. ორმოციდან მხოლოდ ერთმა გამოიჩინა სულმოკლეობა და ამოვიდა, მაგრამ სამაგიეროდ ტბაში ჩავიდა მხედარი, რომელიც მოწამეებს დარაჯობდა და რომელმაც იხილა, რომ მათთვის ზეციდან ორმოცი გვირგვინი ჩამოეშვა. მეორმოცე გვირგვინი მან დაიდგა ნებაყოფლობით წამების საზღაურად.

ქრისტესათვის წამებულს ორმოც სებასტიელ მხედარს ძველთაგანვე განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ საქართველოში. შეიძლება ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ისინი ისევე როგორც წმიდა ნინო, წმიდა გიორგი და წმიდა ბასილი დიდი წარმოშობით კაპადოკიელები იყვნენ, ხოლო კაპადოკიელებს არა მხოლოდ ქართული ტრადიცია, არამედ ბიზანტიური ისტორიოგრაფიაც მესხებთან აიგივებდა.

ღმერთმა ინებოს და ორმოცი მოწამის ლოცვითა და მადლით განამტკიცოს ჩვენში ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება, რათა თითოეული ჩვენგანი მოყვასის სიყვარულის, თავმდაბლობისა და მიმტევებლობის მაგალითად იქცეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ მიმტევებლობა ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია ქრისტიანისა. თუ თავს ქრისტიანს უწოდებ, პატიება უნდა შეძლო, თუ პატიება ვერ შეძელი და მტერი ვერ შეიყვარე, ილოცე მაინც მისთვის, რათა უფალმა ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს და ამ სიკეთის საფასურს უფალი შენვე ათმაგად დაგიბრუნებს.

ღმერთმა დაგლოცოთ და სულიერად გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ!

სიონი, 22 მარტი, 1992 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 4.6/5
ნანახია: 1471 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0