სხვების შეხედულება ჩვენზე – აი, ის სარკე, რომლის წინაშეც თითქმის ყველა გამოუკლებლივ
კეკლუცობს. ადამიანი თავის თავს ისე წარმოაჩენს, როგორადაც ისურვებდა, რომ სხვები
ხედავდნენ. სინამდვილე კი, როგორიცაა ის თავისთავად, არავისთვის არ არის ცნობილი,
საკუთარი თავის ჩათვლით. ხოლო ცხოვრობს და მოქმედებს რომელიღაც გამოგონილი ფიგურა.
ლტოლვა ამ სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი მას საკუთარ თავსაც კი უმსხვერპლებს.
ამით ამახინჯებს თავის ბუნებას – ერთადერთსა და განუმეორობელს, რასაც თითოეული ადამიანური
პიროვნება წარმოადგენს.
სამაგიეროდ, ყოველთვის როგორ გვატყვევებს შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც არ სჭირს
ეს მანკიერება და როგორ გვიყვარს ბავშვები, რომელთა ცნობიერება ჯერაც არ მომწიფებულა,
მათი სრული უბრალოება და უშუალობა.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)
სჯობს ისევ ცოდვა სინანულით, ვიდრე სიმართლე თავდაჯერებით.
წმ. იოანე ოქროპირი
საკუთარ თავზე წარმოდგენა არის ის კედელი, რომელიც ადამიანს აშორებს ღვთისაგან.
წმ. მაკარი დიდი
როგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე
შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც,
როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე.
წმ. ბასილი დიდი
რისთვის განსცხრები და ზვაობ, კაცო? რად განლაღებულხარ და ღრუბელზე მეტად მაღლობ?
გულის-ხმა-ჰყავ ბუნება შენი, რომ მიწა ხარ და ნაცარი და მცირე ხნის შემდეგ მტვრად
იქცევი.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
ამპარტავნება – ეს წყალქვეშა ქვაა, რომელზედაც ხშირად იმტვრეოდნენ ისინიც კი, ვინც
დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ ვნებათა გრიგალებსა და სხვადასხვა განსაცდელებს.
წმ. იოანე ოქროპირი
ამპარტავნება არის ჭკუათხელობის დამამტკიცებელი.
წმ. იოანე ოქროპირი
ყველა ცოდვა საძაგელია ღვთის წინაშე, მაგრამ მათ შორის უსაძაგლესია ამპარტავნება.
წმ. ანტონი დიდი
დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება
ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს. ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და
ზესთამჩინეობა - მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა
დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.
წმ. ეფრემ ასური
ყველაზე მეტად უნდა გვეშინოდეს იმ აზრისა, რომ ჩვენ უკვე ღვთისნიერი ცხოვრებით
ვცხოვრობთ.
წმინდა ბარსანუფი დიდი
საკუთრ თავში ამპარტავნების ამოსაცნობად დაუკვირდი, როგორ გრძნობ თავს, როდესაც
გარშემომყოფნი რაიმეს შენი სურვილის შესაბამისად არ აკეთებენ. თუკი შენ არ გიჩნდება
სურვილი, მოკრძალებით გამოასწორო სხვის მიერ დაშვებული შეცდომა, არამედ უკმაყოფილო
ხარ და მრისხანებ, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ. თუკი შენი
ცხოვრებისეული საქმეების მცირეოდენი წარუმატებლობაც კი მწუხარებას, სიმძიმესა და
სევდას იწვევს, ისე რომ არ გამხიარულებს აზრი, რომ შენს საქმეებს ღვთაებრივი
ჩანაფიქრი წარმართავს, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ. თუ სხვისი, თუნდაც
შენი მტრების, წარუმატებლობა გახარებს, ხოლო შენი ახლობლების წარმატებები
გამწუხრებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ. თუ შეურაცგყოფს მოკრძალებული
შენიშვნები შენს ნაკლოვანებათა შესახებ, ხოლო არარსებული ღირსებების ქება გახარებს
და აღგაფრთოვანებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ.
ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი იაკობი
როცა საყვედურის ან შეურაცხყოფის გამო გიმძიმს, იცოდე, რომ ამას დიდი
საარგებლობა მოაქვს შენთვის. დამცირების საშუალებით მზვაობრობა განიდევნა შენგან.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი
უკეთესია საკუთარი უძლურების და ნაკლოვანებების შეგრძნებით სიმდაბლის მოპოვება,
ვიდრე ყალბი გამოსწორების იმედით ამპარტავნებაში ჩავარდნა.
წმ. ამბროსი ოპტელი
ვის ვემსგავსები, როცა სიამაყის დათრგუნვას მოვიწადინებ? ვგავარ ადამიანს,
რომელიც ცდილობს, თავისი უსუსური ხელებით მთა დაანგრიოს. ყოველ ღონეს ვხმარობ,
მთელს ცოდნას ვიყენებ. ვხედავ, რომ აუსრულებელია ოცნება - მთა მტკიცედ დგას - მე კი
არ ვეპუები. ვხედავ, რომ ამაოდ ვირჯები, დავტირი ჩემს უძლურებას, ვდრტვინავ
აუხდენელი ჩანაფიქრის გამო. სევდა გონს მიბინდავს, სხეულს უდებება იპყრობს,
უსასოობა ღრღნის გულს. „ნეტავ, რას წვალობ, - მეუბნებიან სხვები, - შენი შრომა
არავის სჭირდება". - „სჭირდება, - ცრემლმორეული მივუგებ მე, - სჭირდება, ამაში ხომ
თვით ღმერთი მეხმარება".
მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე
რისთვის ამაყობ მამულით (ამბობს თითქოს იესუ), როდესაც მე გეტყვი, მწირი იყო ამ სოფელში და როდესაც შეგიძლია ისეთი შეიქნე, რომ მთელი ქვეყანა არ იყოს შენი ღირსი.