მარხვის დაწყებიდან სამი კვირით ადრე
წმიდა მართლმადიდებელი
ეკლესია იწყებს
მორწმუნეთა მზადებას დიდი მარხვისათვის
მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა, ცხოვრების მომცემელო, ცისკარსა ამას მდგომარესა ტაძარსა შინა, რამეთუ ტაძარი ხორცთა ჩემთა ყოვლისა ცოდვისა ქვაბ ქმნილ არს, არამედ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მრავლითა წყალობითა შენითა და შემიწყალე მე.
ცხოვრებისა გზასა შეცთომილმან, ღმრთის-მშობელო, ცოდვითა, და უსჯულოებითა, და გულის წყრომითა დავაბნელე ყოველივე სულისა ჩემისა სიკეთეჲ, და აწ გევედრები: შემწე მეყავ და მიხსენ ყოველთა სიბოროტეთაგან.
მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ ქმნილთა, გულის-ხმა-ვჰყოფ საწყალობელი, და შევსძრწუნდები საშინელისა მის დღისა სამსჯავროსაგან, არამედ სასოებით მინდობილი წყალობისა შენისა, ვითარცა დავით გიღაღადებ: შემიწყალე მე, ღმერთო ჩემო, დიდითა წყალობითა შენითა.
დიდი მარხვა სულიერი მეათედია, რომელიც ყოველმა ადამიანმა ღმერთს უნდა შესწიროს.
ძველი აღთქმით დაწესებულია კანონი, რომლის მიხედვითაც ყოველმა ადამიანმა ყოველწლიურად თავისი წლიური შემოსავლის მეათედი ღმერთს უნდა შესწიროს. ამის მოქმედნი კურთხეულ არიან ღვთისაგან და უფალი ყველაფერში უმართავს ხელს.
წმიდა მამა ამბა დოროთე აღნიშნავს, რომ უფლის 40-დღიანი მარხვის მაგალითით მოციქულების მიერ დაწესებული დიდი მარხვა ჩვენი ერთი წლის ცხოვრების დღეთა ნუსხიდან გამოყოფილი მეათედია. ამქვეყნიური ორომტრიალიდან გამოძალული და ღვთის მსახურებაში ჩვენივე კეთილდღეობისათვის შეწირული მეათედი. დიდ მარხვას ემატება ვნების შვიდეული, რომელიც დადგენილია უფლის ნებაყოფლობით მსხვერპლად შეწირვისა და მის მიერ დათმენილი ტანჯვის მოსახსენებელად.
ვინც დიდი მარხვის გლოვითა და განსაცდელებით აღასვსე მეათედს არ შესწირავს ღმერთს, იგი ვერასოდეს შეიგრძნობს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სიხარულსა და აღტაცებას.
მზადება დიდი მარხვისათვის
დიდი მარხვა თავისი მნიშვნელობით, სიმკაცრით თუ ზეიმურობით გამოირჩევა ყველა სხვა მარხვისაგან. მისი შესრულებით ჩვენ ვემზადებით ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.
ეკლესია თავისი მორწმუნეების სულიერ და ფიზიკურ მომზადებას დიდი მარხვისათვის რამდენიმე კვირით ადრე იწყებს. დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის სამი კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის, ხორცთა აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) - მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა.
ა) კვირა მეზვერისა და ფარისევლისა.
ეს კვირა ხსნილია (ე.ი. ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ ვიცავთ.). შვიდეულის დასაწყისში საკვირაო წირვაზე ეკლესია იხსენებს იგავს სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14, 12-14). თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანისა - მეზვერესი (მეზვერე - გადასახადების ამკრეფი. მეზვერეები, რომლებიც ძირითადად დამპყრობ რომაელებს ემსახურებოდნენ, ებრაელებს განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ), შეიწყალა იგი და სინანულის გამო, დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი (ფარისეველი - ებრაული რელიგიური ელიტის წარმომადგენელი. ფარისევლები გამოირჩეოდნენ იმით, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო), რომელიც ღმრთის კანონებს გარეგნულად კი ასრულებდა, მაგრამ არ ჰქონდა სინანული. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მოგვიწოდებს სინანულისაკენ.
ბ) კვირა უძღები შვილისა
საკვირაო წირვაზე უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებით (ლუკ. 15, 11-32) (როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლანგა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო), ჩვენი სინანული კიდევ უფრო იზრდება.
ჩვენი სუფრაც შედარებით განტვირთულია: ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ; ამასთან ეს ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია. ამიტომ ამ კვირას ხორციელის შვიდეული ეწოდება.
ხორციელის შაბათი - მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და ეკლესიაში იკურთხება საკურთხი.
გ) ყველიერის კვირა. ხსენება საშინელი სამსჯავროსი. ხორცის აკრეფა.
მარხვის დაწყებას წინ უშუალოდ უძღვის ბოლო კვირა - შვიდეული ყველიერისა. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ აიკრიბა სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა.
საკვირაო წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს, იკითხება ნაწყვეტი მათეს სახარებიდან (მათ. 25, 31-46), რომელშიც უფალი გვამცნობს, თუ როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო; გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა.
ეფრემ ასურის ლოცვა
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა*, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (სრულდება დიდი მეტანია, ანუ მუხლმოდრეკით თაყვანისცემა ღვთისა).
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (დიდი მეტანია).
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (დიდი მეტანია).
ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე (ითქმის სამ-გზის, თითო თქმაზე სრულდება თითო მცირე მეტანია, ანუ თავის დახრითა და წელში მოხრით თაყვანისცემა ღვთისა).
ბოლოს ლოცვას მთლიანად ვიტყვით თავიდან და დავასრულებთ დიდი მეტანიით.
ყველიერის ხუთშაბათს ყოველთვის ვდღესასწაულობთ ღირსი მამის შიო მღვიმელის
ხსენებას.
ყველიერის შაბათს არის ხსენება ყოველთა ღირსთა მამათა ღვაწლით გაბრწყინვებულთა.
დ) შენდობის კვირიაკე
დიდი წმიდა მარხვის მოსამზადებელი პერიოდი მთავრდება ეგრეთწოდებული შენდობის, ანუ მიტევების კვირიაკით (კვირა დღით). დილით საკვირაო წირვაზე ეკლესია მოიხსენებს ადამის განდევნას სამოთხიდან, საღამოს კი სრულდება მწუხრის ლოცვა, რომლის დროსაც ტაძრის ყველა ფერადი შესამოსელი უნდა შეიცვალოს შავით.
ამ ლოცვის ბოლოს მრევლის წინ გამოდის უპირატესი მღვდელი და ქადაგების შემდეგ ყველასგან ითხოვს შენდობას, ანუ პატიებას, თავისი ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებების გამო. ამის შემდეგ თითოეული მორწმუნე სათითაოდ მიდის ჯერ მღვდელთან, შემდეგ ეკლესიის სხვა წევრებთან და თვითონაც პატიებას ითხოვს. განსაკუთრებით ამაღელვებელია ეს რიტუალი სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც თვით პატრიარქი მუხლებზე დამდგარი მთელი ერისაგან შენდობას ითხოვს. ამ დღეს, ადგილობრივ ტაძარში ლოცვის ჩატარების შემდეგ, ყველა მოძღვარი ცდილობს თავის მრევლთან ერთად მივიდეს სიონში და პატრიარქისაგან შენდობა მიიღოს. ყოველი ქრისტიანი უნდა ეცადოს, მარხვის დაწყების წინ მიიღოს შენდობა ეკლესიისაგან, მშობლებისაგან, შვილებისაგან, ყველა ახლობელისაგან და განსაკუთრებით იმათგან, ვინც მასზე გულძვირადაა.
ხშირად ადამიანი ფიქრობს, რომ მავანი მასზე უმიზეზოდაა ნაწყენი და ის თვითონ არის დამნაშავე; ან, თუ არ ახსოვს, რომ მოყვასისთვის ეწყენინებინოს, მისთვის პატიების თხოვნა არ არის საჭირო. ეს ასე არ არის. ჯერ ერთი, სახარების სწავლების მიხედვით, კონფლიქტის დროს ორივე მხარე დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, ხედავს ადამიანი ამას თუ ვერა; მეორეც ის, რომ ჩვენ ხშირად ადამიანებს უხეში საქციელით ვაყენებთ ტკივილსა და წყენას და ვერც კი ვხვდებით ამას, მესამეც ის, რომ შეიძლება ადამიანს უშუალოდ არაფერი დავუშავოთ, მაგრამ ჩვენი ყოველი ცუდი საქციელი, ყოველი ცოდვილი ფიქრი ხილულად თუ უხილავად სხვა ადამიანებზე გადადის მით მეტად, რაც უფრო ახლოს არიან ისინი ჩვენთან; და ბოლოს, თუნდაც მოყვასს არაფერს ვუშავებდეთ, მის წინაშე მაინც დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს, რამეთუ არ ვუკეთებთ იმას, რაც გვევალება მის მიმართ. გვევალება კი განუზომლად მეტი იმაზე, რასაც ვასრულებთ: შევიყვაროთ ერთმანეთი ისე, როგორც უფალმა იესო ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ (იოანე 13, 34).
ასეთი სინანულით უნდა იწყებდეს ყოველი ქრისტიანი მარხვას.
შენდობის დღეს წირვაზე იკითხება ნაწყვეტი მათეს სახარებიდან, რომელსაც მთლიანად მოგაწვდით:
„ჰრქუა უფალმან, უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან.
ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.
და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი (არ შეეწირებათ მათ).
ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ.
ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.
ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.
რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი" (მთ. 6, 14-21).
დასასრულ გთავაზობთ თესალონიკელი ეპისკოპოსის წმიდა გრიგოლ პალამას ჰომილიას (საუბარს) მარხვის შესახებ:
ჰომილია (საუბარი) მარხვის შესახებ
(იბეჭდება შემოკლებით)
თვალს უხარია კაშკაშა ნათებით განათებული და გაბრწყინებული მშვიდი ზღვის ხილვა, რომელის სარკე ირეკლავს ზეციურ ნათელს, მაგრამ უფრო სასიხარულოა საუბარი და ხილვა ადამიანებისა, რომელნიც ღვთიური ნათებით იდუმალად გაცისკროვნებულნი მშვიდად შეკრებილან ეკლესიაში ღვთის სადიდებლად.
და რადგან სულიწმიდის მადლმა გვიბოძა ეს სასიხარულო სანახოაბა და თქვენც თანადგომას გვიცხადებთ, ღვთის შეწევნით ვეცდები, სააშკარაოდ ვამხილო ის ხრიკები, რომელთაც მიმართავენ ბოროტი ძალები, რათა გაგვიცუდონ არა მხოლოდ მარხვა, არამედ ლოცვაც.
არსებობს, ძმანო, სხვაგვარი ნაყროვანება და სულიერი ლოთობა, რომელიც ზედმეტი ჭამისაგან, ანდა გადამეტებული სმისაგან კი არ არის, არამედ მრისხანებისა, სიძულვილისა და ღვარძლისაგან მომდინარეობს. მოსე ასე ამბობს მათზე: „გულისწყრომაჲ ვეშაპთა ღვინოჲ მათი და გულისწყრომაჲ ასპიტთა უკურნებელი" (მეორ. 32, 33), ესაია წინასწარმეტყველი კი გვაფრთხილებს: „აჰა, მარხულობთ, რათა იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ ერთმანეთს მუშტები? თქვენ არ მარხულობთ ამ დროს, ვერ მიაღწევს ზეცას თქვენი ხმა" (ეს. 58, 4). შემდეგ კი უკვე თვით უფალი მოგვმართავს ესაიას პირით: „განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე? ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე" (ეს. 58; 5, 1, 15). სწორედ ასეთი სახის სიმთვრალე, სიძულვილით გამოწვეული სიმთვრალე ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ღვთისაგან ჩამოშორების მიზეზი სურს ეშმაკს, რომ ჩაუნერგოს მმარხველებსა და მლოცველებს. იგი ცბიერი დასაბუთებით შთააგონებს მათ გაიხსენონ წყენანი. აწვდის მწარე, გესლიან სიტყვებს და მათი გამოყენებისაკენ უბიძგებს, რათა სიძულვილით მლოცველ ადამიანებად გადააქციოს, რომლებზეც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „ბოროტებას იზრახავს ენაჲ შენი, როგორც გალესილი სამართებელი მქმნელია სიყალბისა" (ფს. 51, 4); შემდეგ კი ევედრება ღმერთს განარიდოს იგი ასეთი ადამიანებისაგან: „განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა, და კაცისა ცრუსაგან მიხსენ მე. რომელთა ჰზრახეს უსჯულოებაჲ გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლასა. აღილესნეს ენაჲ მათი, ვითარცა გველისაჲ, და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა" (ფს. 139, 1-3).
ჩვენ კი, ძმანო, გევედრებით, მარხვისა და ლოცვის წინ შევუნდოთ ერთმანეთს წყენანი და აღვივსოთ სიყვარულით, მეტიც, შევეწიოთ ერთმანეთს სიყვარულსა და სიკეთის თესვაში. ვუსურვოთ ერთმანეთს ყოველივე კარგი, კეთილი ვიფიქროთ და ვაკეთოთ, რათა იყოს ჩვენი მარხვა უბიწო და ღვთისათვის სათნო. სწორედ ასეთ ვედრებას შეისმენს ღმერთი.
ბოროტი სხვა ეშმაკობასაც მიმართავს, რათა გაგვიცუდოს მარხვა და ლოცვა. მას სურს დაგმართოს ის, რაც დაემართა ფარისეველს, რომელმაც იმარხულა კიდევაც, ილოცა კიდევაც, მაგრამ ამაოდ, უნაყოფოდ, რადგან ყოველივეს ამპარტავნებით იქმოდა. თქვენ ხომ იცით, რომ ყოველი ამპარტავანი უწმინდური და მიუღებელია ღვთისათვის, და რომ უზარმაზარ ვალში ვართ ღვთის წინაშე. ჰოდა, როდესაც ვკადნიერდებით და ვბედავთ ამ ვალის თუნდაც სულ მცირე ნაწილის დაბრუნებას, უნდა ვიმარხულოთ და ვილოცოთ შემუსვრილი გულითა და სიმდაბლით. უგულებელვყოთ, თითქოს არც არსებობდა ყოველივე, რაც უკვე გამოვიარეთ, და მთელის ძალ-ღონით ვისწრაფოთ წინ, რათა იყოს ჩვენი მარხვა სპეტაკი და ღვთისათვის სათნო. ტაძარში კი ყურადღებითა და თავშეკავებით უნდა ვიყოთ.
გარდა ამისა, ეშმაკი გვიბიძგებს, რათა ვილოცოთ და ვიმარხულოთ სხვათა დასანახავად. ამიტომ გვასწავლის უფალი სახარებაში: „როდესაც ლოცულობ, ნუ ემსგავსები თვალთმაქცთ, რომელთავ უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს ოთახში, მოიხურე კარი და ილოცე მამა ზეციერის მიმართ ფარულად, და მამამან შენმან, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად" (მთ. 6, 5-6).
ამას იმიტომ კი არ გვეუბნება, რომ უარი ვთქვათ ერთობლივ ლოცვაზე ეკლესიაში, მაშინ ასე არ იტყოდა დავით წინასწარმეტყველი: „ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა" (ფს. 67, 25).
აქ მთავარი ისაა, გავიგოთ, რას გვასწავლის უფალი თავის შეგონებაში ფარული ლოცვის შესახებ: ლოცვა, რომელიც აღევლინება განმარტოებით, სახლში, თუნდაც საწოლშიც კი, განგვაწყობს საეკლესიო ლოცვისადმი; ისევე, როგორც გონებაში აღვლენილი ლოცვა იწვევს ბაგეზე სიტყვიერ ლოცვას.
ასე რომ, ვისაც სურს ილოცოს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმყოფება ტაძარში, მაგრამ არ იჩენს ლოცვის სურვილს სახლში, გზაში, შეკრების დროს, იგი ვერც ღვთის ტაძარში ილოცებს ჭეშმარიტად.
„როდესაც მარხულობთ, - გვასწავლის ქრისტე, - ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ამინ გეტყვით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, რაჟამს იმარხვიდე, იცხე ზეთითა თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რათა არა ეჩვენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად (მთ. 6, 16-18). ამ სიტყვებით უფალმა წინასწარ გვაცნობა ჩვენ მომავალი სამსჯავროს განაჩენი და დადგენილება, რათა უკეთესი ხვედრი ამოვირჩიოთ. რადგან მათ, ვინც პატივმოყვარეობის გამო და არა ღვთის გულისათვის ცხოვრობს პატიოსნად, იგი ასეთი სიტყვებით მიმართავს: „თქვენ უკვე მიიღეთ თქვენი საზღაური". ხოლო მათ, ვინც მთელს თავის საქმიანობას მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს უძღვნის, იგი ეუბნება, რომ მიაგებს ცხადად, ანუ მიაგებს კურთხევასა და მემკვიდრეობას, სიხარულსა და ნეტარებას, წმიდასა და მარადიულს.
უფალს სურს, რომ ყველას შეხვდეს ეს ხვედრი და ამიტომაც წინდაწინ გვამცნობს თავის მიუკერძოებელსა და უცვლელ მცნებას. ამით იგი გვიჩვენებს, რომ ღვთის შვილებად მხოლოდ ის ადამიანები შეირაცხებიან, რომლებმაც უარჰყვეს ამქვეყნიური დიდება.
თუ გვინდა სწორად დავიცვათ მარხვა, თავს ზეთი უნდა ვიცხოთ, ე.ი. გონება უფრო ლმობიერად ვაქციოთ, ხოლო სახე, ანუ წარმოსახვა განვიბანოთ სამარცხვინო და ბილწ ვნებათაგან, მრისხანებისა და ყოველი უკეთურებისაგან. ასეთი მარხვა მარტო ბოროტ ვნებებს კი არა, თვით მის წარმომქმნელებს - დემონებსაც კი უკუაქცევს და განდევნის, მმარხველებს - ნათელ ანგელოზთა რიგში აყენებს, ანგელოზებს კი მათ დამცველებად და შემწეებად აქცევს.
ბოროტ სულებს სხვაგვარი მარხვა ახასიათებთ, მათ სჩვევიათ უჭმელობა მრისხანებითა და სიძულვილით, ამპარტავნება და ურჩობა ღვთის წინააღმდეგ. ჰოდა, როდესაც ჩვენ სიკეთეს ვემსახურებით, მათ წინააღმდეგ ვილაშქრებთ.
უშიშრად უნდა ჩავებათ ამ უხილავ ბრძოლაში და მოვიგერიოთ ეშმაკის ცეცხლოვანი ისრები. ღვთის ურყევი რწმენით მოვიპოვოთ გამარჯვება, რათა ვიხაროთ ანგელოზებთან ერთად იესო ქრისტეში, რომელსაც ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა დაუსაბამოით მამით მისით და ყოვლად სახიერითა და ცხოველსმყოფელით სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
„მახარებელი" № 6
ჭულევის მონასტერი, 2001 წ.
მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი „წესი
ქრისტიანის ცხოვრებისა"
თბილისი, 1998 წ.
* მიმოწვლილვა - 1) ცუდად გამოძიება (სულხან-საბა)
2) მოწყინება - როდესაც კაცს მოსწყინდება თავისი თავი, ანუ რომელიმე კეთილი საქმე: ლოცვაზე დგომა, მარხვის შენახვა, ნიადაგ შრომა და მუშაობა (წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი)