წმიდა მოციქული მატათა (დაახ. +63)
9 (22) აგვისტო
წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ქალაქ ბეთლემში. ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო წმიდა წერილისა და საღმრთო სჯულის შესწავლა იერუსალიმში, წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით. მისგან ისწავლა მატათამ კეთილმსახური ცხოვრება: ყოველთვის ღვთის სათნოდ ჰგიებდა და ზედმიწევნით აღასრულებდა საღმრთო მცნებებს, მკაცრად ადგა იმ გზას, რომელიც ღმერთმა მოუნიშნა თავის მართალ მორწმუნეებს...
და აი, დადგა ის დღეც, როცა ამქვეყნად მოსულმა უფალმა იესო ქრისტემ, 30 წლის შემდეგ თავისი შობიდან, თავი გამოუცხადა ამ ქვეყანას და საზოგადო მსახურება იწყო ადამიანთა ხსნისათვის: ჯერ იოანესგან მოინათლა მდინარე იორდანეში, შემდეგ შემოიკრიბა მოწაფეები და ცათა სასუფევლის მოახლოების ქადაგება იწყო, ამასთან აურაცხელ სასწაულებსა და ნიშებს აღასრულებდა.
სხვებთან ერთად წმიდა მატათაც ისმენდა ქრისტეს სწავლებას და ხედავდა მის სასწაულებს, იგიც უზომო სიყვარულით აღივსო უფლისადმი: მიატოვა ქვეყნიური საზრუნავი და მორწმუნე ერთან და სხვა მოწაფეებთან ერთად მაცხოვარს შეუდგა, და სტკბებოდა ხორციელ-ქმნილი ღმერთის პირისახის ჭვრეტით და მისი მოძღვრების მოსმენის გამოუთქმელი სიხარულით.
უფალმა, ვისთვისაც გაცხადებულია ადამიანის გულის ყველაზე ფარული მოძრაობანიც კი, მატათა თავის მოწაფეთა შორის აირჩია, და რაკი ხედავდა მის მგზნებარე გულმოდგინებასა და სულის სიწმიდეს, სამოციქულო მსახურებისათვის განამზადა. თავიდან წმიდა მატათა უფლის 70 წმიდა მოციქულის რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელთაც, 12 მოციქულისაგან განსხვავებით, მცირე მოციქულთ უწოდებენ. მათ შესახებ სახარებაში ნათქვამია: „და ამისა შემდგომად გამოიჩინა უფალმან სხვანი სამოცდაათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისვლად" (ლუკა 10, 1). ხოლო უფლის ჯვარზე ვნების, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდგომ წმიდა მატათა 12 მოციქულთა შორის იქნა შერაცხული უფლის განმცემის - იუდა ისკარიოტელის ნაცვლად. 12 მოციქულთაგან ამ უკანასკნელის განგდების შემდეგ უფლის მოწაფეთა ამ დასმა დაკარგა თავისი სისრულე, რადგან იუდას ნაცვლად არავინ ყოფილა არჩეული და მოციქულნიც ათერთმეტნი დარჩნენ. ამიტომ მოციქულთა თავმა - წმიდა პეტრემ შემდეგი სიტყვით მიმართა პირველ ქრისტიანთა კრებულს: საღმრთო წერილის წინასწარმეტყველება უფლის განმცემელ იუდასთვის უნდა აღსრულებულიყო; ხოლო ჩვენს - 12 მოციქულთა დასში - უსათუოდ უნდა იყოს არჩეული იუდას ნაცვლად ერთი ღისრეული კაცი, ვინც ყოველთვის მოციქულთა გვერდით იყო მაშინ, როდესაც უფალი ჩვენს შორის იმყოფებოდაო. „და დაადინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქვა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათა, და ილოცეს და თქვეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა მისვლად ადგილსა თვისსა, და მისცეს წილნი მათნი. და გამოუხდა წილი მატათას და თანა აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა" (საქმე მოციქ. 1, 23-26), როგორც მეთორმეტე მოციქული. ეს არჩევანი მალე თვით უფლის მიერ იქნა სასწაულებრივად დამტკიცებული სულიწმიდის მოვლინებით მოციქულებზე, 50-ე დღეს აღდგომიდან, რამეთუ ღმერთის სული ცეცხლოვანი ენების სახით, სხვა მოციქულებთან ერთად, წმიდა მატათასაც დაადგრა და მასაც ანიჭებდა საღმრთო მადლს.
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად, რომელ ქვეყანაში ექადაგა სახარება. მატათას წილად იუდეა ჰხვდა, სადაც ის იღვწოდა კიდევ შემდგომში ღვთის სიტყვის ქადაგებით: მოვლიდა ქალაქებსა და დაბა-სოფლებს და ყველგან ახარებდა იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის ხსნას. თუმცა გარდა იუდეველებისა, წმიდა მატათა წარმართთა შორისაც ქადაგებდა ქრისტეს რწმენას. საეკლესიო გადმოცემით, იგი მეორე ეთიოპის მცხოვრებთ უქადაგებდა ღვთის სიტყვას და მრავალი სატანჯველი დაითმინა იქაურ წარმართთაგან (აქ იგულისხმება პონტოს ეთიოპია, ანუ კოლხეთი): მას ჰგვემდნენ კიდეც, მიწაზეც დაათრევდნენ და ბოძზეც ჰკიდებდნენ და ბასრი რკინებით უფლეთდნენ სხეულს, ცეცხლითაც უწვავდნენ ხორცს და სხვა მრავალ სატანჯველსაც სწევდნენ. მაგრამ უფლის მიერ განმტკიცებული წმიდა მოციქული მხნედ და სიხარულით იტანდა ამ განსაცდელთ. სხვა გადმოცემის თანახმად კი, წმიდა მატათა მაკედონიაშიც ქადაგებდა სახარებას, სადაც უკეთურმა წარმართმა ბერძნებმა თვალისჩინის წამრთმევი საწამლავი დაალევინეს გამოსაცდელად - აბა, ერთი ვნახოთ, რა ძალა აქვს შენ მოძღვრებასა და შენს მიერ ქადაგებულ ღმერთს, ვნახოთ როგორც დაგეხმარება იგიო; რამეთუ ეს საწამლავი ძალზე ძლიერმოქმედი იყო და ვინც კი მას დალევდა, ყველა უსათუოდ ბრმავდებოდა. მაგრამ წმიდა მატათამ ქრისტეს სახელი ახსენა და სრულიად უვნებელი დარჩა. მეტიც, მან ხელდასხმითა და უფლის სახელის მოწოდებით, სასწაულებრივად განკურნა ამ საწამლავით დაბრმავებული ადამიანები, - მათი რიცხვი კი 250-ს აღემატებოდა. ამის გამო განძვინებული ეშმაკი, რომლისთვისაც აუტანელი იყო მისი ბოროტი ძალის ასეთი განქარვება, ყრმის სახით გამოეცხადა წარმართებს და მატათას მოკვლა უბრძანა - ეს კაცი „ღმერთების" (ანუ ეშმაკების) თაყვანისცემას სპობსო. მაგრამ როცა წარმართებმა წმიდა მოციქულის შეპყრობა განიზრახეს, ვერაფრით მოახერხეს ეს და სამი დღის განმავლობაში ამაოდ დაეძებდნენ, მატათა კი საკუთარი ნებით მივიდა თავის მდევნელ წარმართებთან და ჩაბარდა. მათაც შეჰკრეს იგი და საპრყობილეში ჩააგდეს, სადაც პირველ ღამეს განუწყვეტლივ ბოროტი სულები ეცხადებოდნენ სხვადასხვა სახით და განძვინებულ კბილებს უღრჭიალებდნენ. მეორე ღამეს კი უდიდეს ნათელში თვით უფალი გამოეცხადა, განამხნევა, საკრველთაგან გაათავისუფლა, საპყრობილის კარიც გაუღო და სამშვიდობოს გამოიყვანა. და როცა დღე დადგა, წმიდა მოციქული კვლავ ხალხს წარუდგა და კიდევ უფრო მეტი სიმხნევით უქადაგებდა ქრისტეს რწმენას. ზოგიერთ გულგანძვინებულ წარმართს, რაკი არ სჯეროდათ მისი ქადაგებისა და საშინლად ურისხდებოდნენ წმიდა მოციქულს კერპების მხილებისათვის, მისი ადგილზევე მოკვლა მოუნდა, მაგრამ ანაზდად მიწა განიხვნა და შთანთქა ავისმდომელნი.
შემდგომში ქრისტეს ეს მოციქული კვლავ თავის წილხვედრ იუდეას დაუბრუნდა და ისრაელის ძეთაგან მრავალი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე; დღემუდამ უქადაგებდა მათ ღვთის სიტყვას და ნიშებითა და სასწაულებით განაძლიერებდა თავის ხარებას: ქრისტეს სახელის მოწოდებით უბრუნებდა უსინათლოებს - თვალისჩინს, ყრუთ - სმენას, მომაკვდავთ - სიცოცხლეს; აღადგენდა დავრდომილთ, განკურნავდა კოჭლებს, განწმენდდა კეთროვნებს და განასხამდა ბოროტ სულებს. წმიდა კაცად ხმობდა რა მოსეს და მოუწოდებდა რა ისრაელიანთ ღმერთის მიერ მოცემული სჯულის აღასრულებას, წმიდა მატათა, იმავდროულად, ყველას იესო ქრისტეს რწმენაში დამოძღვრავდა, რომლისთვისაც თვით მოსე აუწყებდა მათ ნიშებისა და წინა-სახეთა ჩვენებით და რომელსაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი წინასწარ მიუთხრობდნენ, რამეთუ იესო ქრისტე მამა ღმერთის მიერ ამქვეყნად კაცთა ხსნისათვის მოვლინებული ძე ღმერთია, ხორციელქმნილი და განკაცებული ყოვლადწმიდა მარადის ქალწულ მარიამისაგანო. ამასთან, ყველა ამ წინასწარმეტყველებას მომავალ მესიაზე წმიდა მატათა უკვე აღსრულებულად განუმარტავდა იუდეველებს, რამეთუ ეს აღთქმული მესია - ცხებული მხსნელი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე არისო.
იმ დროს იუდეველთა პირველმღვდელმთავარი ანანია იყო - ქრისტეს მოძულე მისი სახელის მგმობი; იგი სასტიკად სდევნიდა პირველ ქრისტიანებს იერუსალიმში; სწორედ მან უბრძანა იუდეველებს იერუსალიმის ტაძრის სახურავიდან გადმოეგდოთ წმიდა მოციქული იაკობი - ხორციელად უფლის ძმა, რომელიც ქრისტიანთა პირველი ეპისკოპოსი იყო იერუსალიმში. და აი, როცა წმიდა მატათა გალილეის სინაგოგებში ქადაგებდა ქრისტეს - ღვთის ძეს, ურწმუნოებითა და გაბოროტებით დაბრმავებულმა იუდეველებმა შეიპყრეს იგი და იერუსალიმს ჩაიყვანეს ზემოხსენებულ პირველმღვდელმთავართან. ამ უკანასკნელმა სინედრიონი მოიწვია და მის სამსჯავროს წარუდგინა წმიდა მოციქული, თან კი შემდეგი მზაკვრული სიტყვებით მიმართა ამ ბოროტ საკრებულოს:
- მთელმა სამყარომაც და ამ პატიოსანმა საკრებულომაც უწყის, თუ რა კიცხევა დაიტეხა ჩვენმა ერმა, და ეს ჩვენი მიზეზით კი არ მოხდა, არამედ ზოგიერთთა - ჩვენგანვე გამოსულთა გარდაქცეულებით, და ასევე რომაელ განმგებელთა გაუმაძღარნი ანგარებით, რომელთა გამო ჩვენი ერი დიდად იტანჯებოდა; ხსენებაც კი არ მინდა ახალ მწვალებლობათა ამ შემომღებთა, რომელთაც ესოდენ მრავალი ადამიანი შეაცდინეს; თქვენ იცით, მათგან რამდენი დახოცეს რომაელთა მეომრებმა; ასე დაიღუპნენ მაცთურნიც და ცთუნებულნიც, რომელთაც შეარცხვინეს ჩვენი ტომი: მწვალებლობათა ამგვარივე შემომღებნი იყვნენ იუდა გალილეველიც და თევდა მოგვიც. მათი დაღუპვით სრულიად აღმოიფხვრა მათი ხსენებაც. მაგრამ ამ მწვალებელთა შორის ყველაზე ძლიერ ერესიარქად იესო ნაზარეველი წარმოსდგა: იგი საკუთარ თავს ღმერთის ძედ და ღმერთად ხმობდა, მრავალთ განაკვირვებდა თავისი ჯადოქრული ნიშებითა და სასწაულებით, თავისკენ იზიდავდა იუდეველთა გულებს და ქადაგებდა საღმრთო სჯულის გაუქმებას. ამისთვის სამართლიანად იქნა განსჯილი ჩვენი სჯულის თანახმად, რაომელსაც ჰგმობდა. რა უნდა ვთქვათ ამის გამო? განა ჩვენ არ ვუწყით, რომ სჯული თვით ღმერთმა მისცა მოსეს? რომ არ სჯულს ზედმიწევნით აღასრულებდნენ პატრიარქები და წინასწარმეტყველი ელია, რომელიც ცეცხლოვანი ეტლით იქნა ზე-აღტაცებული სამოთხედ? ვის არ სმენია, რომ ელისე წინასწარმეტყველის ძვლებზე დასვენებული მკვდარი უმალ განცოცხლდა? და ახლაც, ჩვენს დროში რამდენი სასწაული აღუსრულებიათ ღვთის სათნომყოფელებს - მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაკადნიერებულა იმ საქმედ, რაზეც იესო გაკადნიერდა, - საკუთარი თავისთვის ღმერთის პატივის მინიჭებად და ახალი სჯულის შემოღებად! ღვთის მიერ შთაგონებული წინასწარმეტყველები თავმდაბლობით აღვსილნი ლაპრაკობდნენ, ის კი (იესო) ამპარტავნებით ამბობდა თავის საკუთარ გამონაგონს და ისეთ უგუნურებამდე მივიდა, რომ პირველმღვდელმთავართ და მმართველთ ყვედრებით კიცხავდა, ხოლო მწიგნობრებსა და ფარისევლებს პირმოთნეებს უწოდებდა! განა ამის მსგავსი რამ ჩაუდენია რომელიმე ჩვენს წინასწარმეტყველს?! და თავისი ამპარტავნების გამო იგიც შესაფერის აღსასრულს ეწია, როცა საკადრისი საზღაური მიიღო თავის საქმეთათვის. ოჰ, ნეტავ მისი ხსოვნაც მასთან ერთად დაღუპულიყო და განქარვებულიყო! და ნეტავ მისი სწავლაც მასთან ერთად მომკვდარიყო და აღარავის განეცოცხლებინა! განსაკუთრებით სამწუხარო კი ის არის, რომ ღვთის ტაძარი, წმიდა ქალაქი და ჩვენი მამების სჯული კვლავაც რომაელთა მონობაშია, და არავინ ჩანს არც თანამლმობი, და არც მხსნელი ამ მონობიდან. ჩვენ უსამართლოდ დაგვათრევენ რომაელთა სამსჯავროებზე, ჩვენ კი ვითმენთ! ჩვენ გვაცთუნებენ, ჩვენ კი მდუმარე თანხმობას ვაძლევთ! გვძარცვავენ და ყოველივეს გვართმევენ, ჩვენ კი ხმასაც არ ვიღებთ! და რაც ყველაზე მეტადაა სავალალო, - გალილეველნი რომაელთა ხელთ მიგვცემენ ჩვენ, როცა უსირცხვილოდ გვადანაშაულებენ ჩვენცა და ჩვენს ერს იესოს მოკვლაში, რომელიც თითქოს უდანაშაულო იყო!... ჯობს ეს მცირერიცხოვანი გალილეველნი წარწყმდენ, ვიდრე ის, რომ ეს წმიდა ადგილი და მთელი ერი წარიხოცოს რომაელთა ხელით. ორი ბოროტებისაგან ჯერ არს ავირჩიოთ ნაკლები ბოროტება - უფრო მოსათმენი და ასატანი. აი, ესეც, დღეს ჩვენს წინაშე რომ დგას, იესოს ერთ-ერთი მოწაფეა და სავსებით იმსახურებს სიკვდილს! მაგრამ, დაე, მანამდე თვითონვე განსაჯოს, - ჩვენ არ წავართმევთ მას დროს დაფიქრებისათვის, რამეთუ მისი დაღუპვა კი არა, გამოსწორება გვწადია, - და ამ ორიდან ერთ-ერთი აირჩიოს: ან სჯულს მისდიოს და დაემრჩილოს, რომელიც ღმერთმა მოსეს მეშვეობით მოგვცა, და ამგვარად შეინარჩუნოს სიცოცხლე, ანდა ქრისტიანად იწოდებოდეს კვლავაც და მოკვდეს ამისთვის!..
მღვდელმთავრის ამ სიტყვების პასუხად მატათამ ხელები ზეაღაპყრო და თქვა:
- ძმანო და კაცნო ისრაიტელნო! მე არ მსურს ბევრი ვილაპარაკო იმ ბრალდებაზე, რომელიც მე წამომიყენეთ, - ჩემთვის ქრისტიანად წოდება დანაშაული კი არა, დიდებაა! რამეთუ თვით უფალი გვეუბნება თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ უკანაკნელთა მათ დღეთა შინა „აჰა, მმონებელნი ჩემნი იხარებდენ მხიარულებით, ხოლო თქვენ ჰღაღადებდეთ ტკივილისათვის გულისა თქვენისა და შემუსრვისაგან სულისა ჰვაებდეთ, რამეთუ დაუტევეთ სახლი თქვენი სამაძღროდ რჩეულთა ჩემთა, ხოლო თქვენ მოგსრავს უფალი, ხოლო მმონებელთა ჩემთა ეწოდოს სახელი ახალი, რომელი იკურთხოს ქვეყანასა ზედა" (ესაია 65, 14-16).
ამაზე პირველმღვდელმთავარი ასე შეეპასუხა წმიდა მატათას:
- განა დანაშაული არ არის არაფრად აგდებდე წმიდა სჯულს, პატივს არ მიაგებდე შემოქმედ ღმერთს და ცარიელ, უსაგნო მონათხრობს ისმენდე ჯადოქრობაზე?!
- თუკი მომისმენთ, - მიუგო მატათამ. - მე აგიხსნით, რომ ჩვენს მიერ ქადაგებული მოძღვრება უსაგნო გამონაგონი და ჯადოქრობა კი არ არის, არამედ - თვით ჭეშმარიტებაა, ძველთაგანვე დამოწმებული-დადასტურებული საღმრთო სჯულით!
და როცა პირველმღვდელმთავარმა ამის ნება დართო, წმიდა მატათამ ბაგენი განახვნა და იესო ქრისტეს შესახებ ძველი აღთქმის წინა-სახეთა და წინასწარმეტყველებათა ახსნა-განმარტება დაიწყო: თუ როგორ მისცა ღმერთმა ჩვენს წინაპრებსა და მამამთავრებს - აბრაჰამს, ისააკსა და იაკობს აღთქმა მათი თესლისაგან აღედგინა ისეთი კაცი, რომლის მიერაც იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყნიერებისა, რის შესახებაც წმიდა დავითიც ლაპარაკობს თავის ფსალმუნში, მეფე და წინასწარმეტყველი: „იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა - საყდარი მისი! მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანი, და ყოველნი თესლები ჰნატრიდეს მას" (ფსალმ. 71, 17); თუ როგორ წარმოადგენდა ქრისტეს ხორციელ-ქმნას ყოვლადწმიდა ქალწულისაგან მაყვალი შეუწველი, რომელიც მოსეს ეჩვენა (გამოსვლ. 3, 2); თუ როგორ წინასწარმეტყველებდა იესოს შობას ქალწულისაგან ესაია: „აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვას და უწოდონ სახელი მიერი ემანუილ, ანუ ჩვენთან არს ღმერთი" (ესაია 7, 14). იმაზედაც ეუბნებოდა წმიდა მატათა იუდეველებს, რომ მოსემაც სავსებით ცხადად წინასწარ მიუთხრა ისრაიტელთ ქრისტეს შესახებ, როცა ამბობდა: „წინასწარმეტყველი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ" (II სჯული 18, 15); რომ მანვე წინასწარ მიანიშნა მაცხოვრის ნებაყოფლობით ვნებაზე, როცა სპილენძის გველი გამოაკიდებინა ძელზე, რის შესახებაც ესაია წინასწარმეტყველსაც უთქვამს: „...ვითარცა ცხოვარი კლვად მიმართ მიიყვანა და ვითარცა კრავი წინაშე მრისსველისა თვისისა უხმოი, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა", და „...განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა და ცოდვათა მათთათვის მიეცა" (ესაია 53, 7, 12); რომ იონა წინასწარმეტყველიც, რომელიც სამი დღე იყო დანთქმული ვეშაპის სტომაქში და შემდეგ უვნებელი გამოვიდა მისგან, წინა-სახე იყო უფალ იესო ქრისტეს საფლავად სამდღიანი დებისა და შემდგომ მკვდრეთით აღდგომისა.
ძველი აღთქმის წიგნებიდან ამ ვრცელმა ახსნა-განმარტებამ, რითაც საცნაური ხდებოდა, რომ მათში საუბარი იყო სწორედ იესო ქრისტეზე, დიდად განარისხა პირველმღვდელმთავარი ანანია, ისე, რომ მან თავი ვეღარ შეიკავა და რისხვით შესძახა წმიდა მატათას:
- როგორ ბედავ სჯულის ხელყოფას?! განა არ უწყი საღმრთო წერილის სიტყვები, რომ „უკუეთუ აღ-ვინმე-დგეს შენ შორის წინასწარმეტყველი, ანუ ჩვენების მხილველი, და აჩვენოს რაიმე სასწაული საცთურებისა თქვენ შორის და თქვს: მოვედით და მივიდეთ ჩვენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქვენ არა იცოდეთ, და თქვას: ვმსახურებდეთ მას, - ნუ ისმენთ სიტყუათა მის წინასწარმეტყველისათა..., რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქვენ უფალი ღმერთი თქვენი... და წინასწარმეტყველი იგი, გინა ჩვენების მხილველი იგი სიკვდილით მოკუედინ!"-ო?!
წმიდა მატათამ მიუგო:
ის, ვის შესახებაც მე ვლაპარაკობ, მხოლოდ წინასწამეტყველი კი არ არის, არამედ ყოველთა წინასწარმეტყველთა უფალიცაა, რამეთუ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, ძე ღვთისა, რაზეც ცხადად მეტყველებენ და მოწმობენ მის მიერ აღსრულებული დიდ-დიდი სასწაულები. ამიტომაც მწამს იგი და იმედი მაქვს შეურყეველი დავრჩები მისი ყოვლადწმიდა სახელის აღიარებაში!
- დრო რომ მოგცენ დაფიქრებისათვის და გონს მოსასვლელად, - ჰკითხა მღვდელმთავარმა ანანიამ. - თუ მოინანიებ შენს შეცოდებას?
- ნუ იყოფინ, რომ მე ჭეშმარიტებას განვუდგე! - მტკიცედ მიუგო წმიდა მოციქულმა. - რამეთუ ღვთის მადლით უკვე შემიძენია ჭეშმარიტება და არაფრისთვის არ დავთმობ მას! მე მთელი გულით მწამს და განცხადებულად ვაღიარებ, რომ თქვენს მიერ უარყოფილი და სიკდილად მიცემული იესო ნაზარეველი არის ძე ღმრთისა, ერთარსი და თანად საუკუნო მამისა, მე კი მონა ვარ მისი!..
მაშინ პირველმღვდელმთავარმა ყურნი დაიცო თითებით და კბილთაღრჭენით იწყო ყვირილი:
- ჰგმობს ესე! გმობს ღმერთს! დაე, მოისმინოს სჯული!
უმალვე გადაშალეს სჯულის წიგნი და ხმამაღლა, ყველას გასაგონად წაიკითხეს ის ადგილი, სადაც ნათქვამია:
„კაცმან, რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაი მოიღო მან; რომელმან სახელ-სდვას (დაგმოს) სახელსა უფლისასა, აგრეთცე სიკვდილით მოკუედინ, ქვითა განტვინენ იგი ყოველმან კრებულმან" (ლევიტ. 24, 15-17)! დაე, ნუ დაინდობს მას თვალი თქვენი, და ამით წარხოცავთ ბოროტებას ისრაელის საქმეთაგან!
ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ მღვდელმთავარმა ანანიამ წმიდა მოციქულ მატათას მიმართა და უთხრა:
- შენი სიტყვები შენს წინააღმდეგ მოწმოებენ! სისხლმა შენმა გიზღვიოს თავი შენი!
და ქვით განტვინვა - ჩაქოლვა მიუსაჯა წმიდა მატათას, რომელიც დაუყოვნებლივ წაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად. როცა ბელთლასკილად წოდებულ ადგილას მივიდნენ, რაც ებრაულად „ჩაქოლილთა სახლს" ნიშნავს, წმიდა მატათამ ასე უთხრა იქ მყოფ იუდეველებს:
- ორგულნო და პირმოთნენო! სამართლიანად უთქვამს თქვენი მსგავსი ადამიანების შესახებ წმიდა დავით წინასწარმეტყველს: მოინადირონ სული მართლისაი და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენო.
ქრისტეს მოციქულის ამ სიტყვების შემდეგ, ორმა მოწმემ იუდეველთაგან, - როგორც ამას სჯული მოითხოვდა, - ხელები დასდვეს მას თავზე და მოწმობდნენ, რომ მატთამ დაგმო ღმერთი, სჯული და მოსე; მათვე ესროლეს წმიდა მოციქულს პირველი ქვები, ამასთან, მატათამ სთხოვა თავის მკვლელთ, ეს ორი პირველი ქვა ჩემს სხეულთან ერთად დაკრძალეთო, როგორც მოწმენი და დამადასტურებელნი ჩემი ვნებისა ქრისტესთვისო. შემდეგ სხვებმაც იწყეს მისი ჩაქოლვა და სეტყვასავით წამოსული ქვების ქვეშ წმიდა მოციქულმა ხელნი ზე-აღაპყრო და ასე მიაბარა უფალს თავისი ნეტარი სული. უსჯულო იუდეველებმა კი ამ სატანჯველს აბუჩად აგდებაც მიუმატეს: მოწამის უკვე აღსრულების შემდეგ, რომაელთა საამებლად, მათ მახვილით მოჰკვეთეს თავი მატათას, რაც რომაულ ჩვეულებას შეესაბამებოდა - თითქოსდა ქრისტეს ეს წმიდა მოციქული კეისრის მოწინააღმდეგე ყოფილიყოს!...
აი, ასე მოწამეობრივად დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება და კეთილი მოღვაწეობა უფლის ამ წმიდა მოციქულმა - მატათამ (ეს მოხდა დაახ. 63 წელს). ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი, წმიდა მატათა ჯვარცმით აღესრულა. თუმცა ეს ორი ცნობა შეიძლება არც ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, რადგან იუდეველები ბოძებზე მიკრულთ ჩაქოლავდნენ ხოლმე, და მატათაც, შესაძლოა, ჯვარზე გააკრეს და ასე ჩაქოლეს.
წმიდა ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობით კი მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), იქვე გარდაიცვალა და დღემდე ბათუმის მახლობლად ასარის (გონიოს) ციხე-სიმაგრეშია დაკრძალული. ამიტომ წმ. მოციქული მატათა გამოსახულია საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე წმ. ანდრია პირველწოდებულთან ერთად.
„უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება", თბილისი, 2004 წ.