- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)სიტყვა წმ. მოწამე აბოს ხსენების დღესსახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. მოგილოცავთ, ჩემო ძვირფასო მსმენელებო და სულიერო შვილებო, ახალ წელს. გულს მოდგინედ ვევედრები წელთა და ჟამთა მეუფეს დაგასწროთ მრავალს ახალ-წელს სიმრთელით და ყოველი სიკეთით აღვსილნი. ახალ წლის დამდეგი ყოველთვის გულს გვიტკბობს, გრძნობა-იმედებს გვიღვიძებს და სიამოვნებით გვამოძრავებს. თვითოეული ჩვენგანი ცდილობს, რაც შეიძლება, გახარებული შეეგებოს ამ დღეს: ახალი წლის გამო ერთი იმოსება ახალი ტანისამოსით, მეორეს დაუმზადებია შვილების სასიამოვნოდ ნაირ-ნაირი საჩუქრები, მესამეს სუფრა აუყვავებია სასმელ-საჭმელებით, მეოთხე სიხარულით ელის საყვარელ სტუმრებს და ასე ყველას რაღაცა გაუხარია, ყველას სიამოვნებისა და კმაყოფილების შუქი აფენია სახეზე. არაფერს საძრახისს და დასაგმობს არ წარმოადგენს ეს ჩვეულება. ღმერთმა გააჩინა ადამიანი ბედნიერება-სიხარულისთვის და არა ვაება-ტირილისათვის. შემოქმედმა თავისი მადლიანი კალთა დააბერტყა ქვეყანას და ეს ქვეყანა ჩააბარა თავის ხატსა და მსგავსებას - ადამიანს, ცხადია, იმ მიზნით, რომ უკანასკნელმა გაიხაროს, ისიამოვნოს და ბედნიერად სცნოს თავისი თავი. ეს ნამდვილად ასე იქნება, თუ ცხოვრებაში არ დავივიწყეთ ჩვენი შემოქმედი და ზეციერი მამა ღმერთი, თუ ჩვენი ცხოვრება განხორციელება იქნა მისი მცნებებისა, თუ მოვიშორეთ ერთმანეთის მტრობა, შეუბრალებლობა, სიმკაცრე, ავხორცობა, ავსულობა, ავმუცლობა, ავკაცობა, უგუნურება და უვიცობა. უტყუარი ჭეზმარიტებაა, რომ მარტოდ-მარტო სარწმუნოება და სარწმუნოებაზე დამყარებულ-აშენებული ზნეობა აძლევს ადამიანს ღირსებას, ფასს და მიმზიდველობას, მარტოდ-მარტო მორწმუნე და ზნე-მაღალ ადამიანს აქვს საშუალება იმოქმედოს შეუცდომლად და შესძინოს ნამდვილი ბედნიერება თავის თავს, საზოგადოებას და სამშობლოს. იყო დრო, როცა წრფელი, მხურვალე, შეუდრეკელი სარწმუნოება და უმწიკვლო, წუნდაუდებელი ზნეობა ქართველი კაცის ნიშანდობლივ თვისებას შეადგენდნენ და ამის გამო ქართველი ყოველგან ანთებული ლამპარივით ბრწყინავდა, ყველას სასიქადულოდ მიაჩნდა მასთან დაახლოება და თავისთავად იზიდავდა გარეშეებს ისე, როგორც ზაფხულის ცხრა-თვალი მზე მცენარე მზეჭვრიტას. ამის საბუთს გვაძლევს დღევანდელი წმინდანის, - დიდი მოწამე აბოს, - ხსენება. აბო ჩამომავლობით არაბი იყო. მას არავითარი კავშირი, არავითარი დამოკიდებულება, არავითარი ნაცნობობა და ნათესაობა არა ჰქონდა რა საქართველოსთან და ქართველებთან. შესაძლოა, მას არც კი გაეგონა ქართველის სახელი. მაგრამ აბოს სამშობლო ქალაქ ბაღდადში უცბად გაჩნდა ქართლის გამგე ნერსე. უნდა ვიცოდეთ, როძ აბოს დროს ქართლი ეჭირათ მაჰმადიანებს; იგინი უწყალოდ სდევნიდნენ ქრისტეანობას. რასაკვირველია, ვერ შეურიგდებოდნენ იმ გარემოებას, რომ ქართლის გამგებელი მტკიცე ქრისტეანი იყო. დაუყოვნებლივ დაასმინეს ხალიფთან და ხალიფმაც დაიბარა იგი თავისთან ბაღდადში. მოსვლისთანავე ნერსე დამწყვდეულ იქნა საპყრობილეში. აბო თვალს ადევნებდა ნერსეს ცხოვრებასა და ყოფა-ქცევას. იგი მოხიბლული შეიქნა ამ უცხო ტყვის სარწმუნოებრივი სიმტკიცით, ანგელოზებრივი სიმშვიდით, უზომო სასოებითა და კეთილობით. საღვთო განგებამ აკმარა ნერსეს ტანჯვა და ტყვეობა, მისი მაწამებელი ხალიფი მოკვდა და ახალმა ნება დართო ნერსეს სამშობლოში დაბრუნებისა. ამ გარემოებამ ცხადი გახადა ნერსეს გავლენა აბოზე. აბომ იგრძნო, რომ მისი ცხოვრება ბაღდადში უნერსეოდ აუტანელი იქნებოდა, ამიტომ მან გადასწყვიტა შელეოდა ყველაფერს - მშობლებსაც, ნათესავებსაც, სამშობლოს სიყვარულსაც და მხურვალედ სთხოვა ნერსეს: ნუ დამტოვებ სიბნელეში, წამიყვანე შენს სამშობლოში და მიყოლიე შენს მსახურთა რიცხვშიო. რასაკვირველია, კეთილმა ნერსემ მიიღო აბოს თხოვნა. აბომ ქართლში მოსვლის უმალ ხელი მიჰყო ქართული ენის შესწავლას და, როგორც მოწყურებული ირემი წმინდა წყაროს, ისე დაეწაფა ძველისა და ახალი აღთქმის საღმრთო წერილის წიგნების კითხვას. ჯერ ისევ მოუნათლავს აბოს კაცი ვერ უსწრებდა თბილისში წირვა-ლოცვაზე მისვლას და არაფერს არ სტოვებდა სახარება-სამოციქულოდან გაგონებულს, რომ არ გამოეკითხა, არ გამოეწვლილა და არ შეეგნო მისი აზრი. ბოროტი მაჰმადიანები არა სცხრებოდნენ. მათ ხელახლა დაუწყეს დევნა მორწმუნე ნერსეს. ნერსე იძულებული შეიქნა სამშობლოდან გაქცეულიყო თავის მოუშორებელ მეგობარ აბოსთან ერთად. მათ თავი შეაფარეს ხაზარეთში, სადაც აბომ მიიღო წმ. საიდუმლო ნათლისღებისა, და ბოლოს - აფხაზეთში. აქ, აფხაზეთში, მაღალი ქრისტეანული ცხოვრებისათვის დიდად შეიყვარეს აბო. სხვათა შორის ბედნიერებად სთვლიდნენ აბოსთან ყოფნას და მისი ბრძნული ბაასის სმენას აფხაზეთის კათალიკოსი და მთავარი. როდესაც დევნილ ნერსეს ნებართვა მოუვიდა თბილისში დაბრუნებისა, აფხაზთა მთავარი შეეხვეწა აბოს: დარჩი ჩემთან, ნუ წაჰყვები ნერსეს თბილისში, თორემ იქ გაბატონებული მაჰმადიანები კეთილს არ დაგაყრიანო. აბომ უპასუხა ღვთის მოყვარე მთავარს: რა სიკეთეა ჩემთვის აქ დარჩენა, სადაც არც შიში და არც სიკვდილი არ მომელის ქრისტესთვის; გამიშვი აქედან, რომ ცხადად დაინახონ ქრისტეს მოძულეებმა ჩემი მტკიცე ჭრისტეანთბა და ამითი შევასრულო სახარების ბრძანება: „არავინ აღანთის სანთელი და შესდგის ქვეშე ხვიმირისა, არამედ ზედა სასანთლესა დასდგიან, რათა ნათობდეს ყოველთა..." აბო ხალისით გაემგზავრა თბილისს, მაგრამ სულ მალე გამართლდა აფხაზთა მთავრის შიში. გონებადახშულ მაჰმადიანებს ეკლად ეძგერათ გულში აბოს ქრისტეანობა. მათ დააბეზღეს წმინდა თავიანთ უფროსთან. უფროსმა ყოველი ზომები მიიღო, რომ აბოს უარი ეთქვა ქრისტეანობაზე, მრავალი ტანჯვა მიაყენა მას, ბევრნაირად აწამა იგი, მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ ქრისტეს სიყვარულის გამო აბო სულ არაფრად აგდებს წამებასო, თავი მოჰკვეთა მას და, ქრისტეანებს რომ თავიანთი ჩვეულებისამებრ პატივი არ ეცათ მისი გვამისათვის, ნავთით დააწვევინა იგი და ნაცარი და ძვლები წმინდანისა გადააყრევინა ქართველთა იორდანეში - მდინარე მტკვარში. სახსოვრად ამ დიდებული მოწამისა დღეს თბილისს არა მოეპოება რა, გარდა სულ მცირე საჯვარესი, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მეტეხის ციხის დაბლა კლდეში! ბევრს, ძალიან ბევრს რამეს ეუბნება წმ. აბოს ცხოვრება ჩვენს გონებას. რამდენ ქრისტეანს შევიძენდით და რამდენად განვადიდებდით ჩვენს ერს, ყველას რომ ნერსეს სარწმუნოება და მაღალი ზნეობა მოგვცა. თუ ნერსემ მოინადირა სულ უცხო და უცნობი კაცის გული, როგორ გაგვიმაგრდებოდნენ ჩვენ ქართველი მაჰმადიანები, რომლებიც ჩვენივე მოდგმისა, ჩვენივე სისხლისა და ხორცისანი არიან. ურწმუნოება, ჩვენი უზნეო, დასაგმობი ცხოვრება, - აი, რა აბრკოლებთ ჩვენთან შემოერთებაში აჭარა-ქობულეთელებს, ახალციხელ-ჯავახელებს, ინგილოებს და სხვებს. სამშობლო უნდა წარმოდგენილი გვქონდეს ადამიანის მთელ სხეულად. ხომ საბრალისი და უგვანო რამ იქნება კაცის სხეული, მას რომ ჩამოსჭრათ ფეხები, მუხლები, თეძოები, ხელები, მკლავები და მხრები! სწორეთ ასეთ სავალალო მდგომარეობაშია დღეს ჩვენი სამშობლო, თავის ფართო კალთებს მოწყვეტილ-მოკვეთილი. ურწმუნოება გვიკარგავს ჩვენ დღევანდელი ჩვენი რაოდენობის ნახევარს და ამითი ხელიდან მიგვდის მიწა-წყალი, ნიადაგი, ტერიტორია. ამითი სუსტდება, ქრება და ისპობა ჩვენი ენა, დნება, ილევა და საბოლოოდ ნადგურდება ჩვენი თავისებურობა, სასურველი გავლენა სხვებზე და საკუთარი ღირსების შეგნება. გინდათ ქვეყანაზე არსებობა და ღირსეულად ცხოვრება, - გახდით ყველანი მტკიცე მიმდევარნი ქრისტეს მაღალი მოძღვრებისაო, - გვეუბნება დღევანდელი დღე და ნეტარება იმას, ვინც ამ ახალწლის დასაწყისში კანონად დაიდგენს ღვთისნიერობის კვალზე დადგომას! ამინ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1329 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |