- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)სიტყვა ნეტარისა მამისა ჩვენისა ილარიონ ქართველის ხსენების დღესის მაღალი და უკვდავი მოძღვრება, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოიტანა ქვეყნად, კაცობრიობას გააცნეს, შეათვისეს და შეაყვარეს სხვადასხვა რჩეულმა პირებმა სხვადასხვა გზით და ღონისძიებით. ზოგნი, მაგალითად, წმ. მოციქულები და მოწმეები, ავრცელებდნენ ერში ამ დიდებულ მოძღვრებას საჯარო, გაბედული და ცხადი, სიტყვიერი და წერილობითი ქადაგებით; ზოგნი, როგორც, მაგალითად, მღვდელმთავარნი და მღვდლები, უმორჩილებდნენ ერის გულს ქრისტეს მოძღვრებას იმითი, რომ სასოებით და ლმობიერებით ასრულებდნენ ლოცვას, საღმრთო მოქმედებებს და საიდუმლოებს: ზოგთაც, როგორც, მაგალითად, მყუდრო მოღვაწეებს და მეუდაბნოებს, შეჰქონდათ ერის გულში ცხოველი ალი ქრისტეს მოძღვრების სიყვარულისა უმთავრესად თავიანთი სათნო და საღვთო ცხოვრებით, იმითი, რომ პირადად თვითონ ახორციელებდნენ და სინამდვილედ ხდიდნენ ქრისტეს მცნებებს, ქრისტეს მოძღვრების მოთხოვნილებებს, სახარების ყოველ მხარეს და სიტყვას. ამ გზებით გაიცნო პირველად კაცობრიობამ სახარება ქრისტესი, ამ საშუალებებით სწარმოებდა შემდეგშიაც ქრისტეანობის მოფენა ქვეყნად, ამავე საშუალებებს ხმარობს დღესაც წმ. ეკლესია ქრისტეანობის გასამტკიცებლად კაცთა შორის. ძნელი სათქმელია, რომელს უნდა მიეცეს უპირატესობა ამ საშუალებებში, რომელი უფრო მაღალი და მეტი ღირებულებისაა მათ შორის. ქრისტეანობის გავრცელების ისტორია გვარწმუნებს, რომ თვითოეული ამ გზათაგანი შემკობილია ღვთის მადლით და რომელსაც უნდა დაადგეს მორწმუნე, უსათუოდ მიაღწევს საწადელ მიზანს. მაგრამ სახეში მისაღებია შემდეგი გარემოება: სიტყვა, ქადაგება, ახსნა, შეგონება და წიგნი ისე ნამდვილად და ღრმად ვერა სწვდება გულის ძირამდე კაცობრიობის მომეტებულს ნაწილს, ფართო საზოგადოებას, როგორც თვალით დასანახი მაგალითი. სიმრავლე, ფართო საზოგადოება უჯერის უფრო საკუთარი თვალით ნახულს, ვიდრე სხვისაგან ნაქადაგებს, ახსნილს და განმარტებულს. შესაძლოა, მაგალითად, გარეგნულად სულ უბრალო პიროვნებას წარმოადგენდეს კაცი, ე.ი. არც ქადაგებდეს და არც მწერლობდეს, ერს კი სათაყვანებლად, წინამძღვრად და გზის მაჩვენებლად მიაჩნდეს იგი. ეს დამოკიდებულია ამ პიროვნების პირად ცხოვრებაზე. საკმარისია ხალხმა შენიშნოს, რომ ვისმეს პირადი ცხოვრება სარკეა ქრისტეანული სიყვარულისა, ცოცხალი გამოხატულებაა სახარების მოძღვრებისა, რომ ასეთ პიროვნებას მან თავისთავად დაუთმოს გული და გონება და გაჰყვეს მას ყოველგან, რომ ასეთი მაგალითის გავლენით თავისთავად გაღვივდეს საზოგადოების წიაღში ნაპერწკალი ქრისტეს სიყვარულისა და მანამდე მიძინებულმა კაცთა ნება-ყოფლობამ იწყოს მოძრაობა, მიმართული ამ ღვთისნიერი კაცის ყოფაქცევისა და მოქალაქეობის შესაძლო გამეორება-წაბაძვისაკენ. ეს შეურყეველი სინამდვილეა. ამით აიხსნება, რომ უდაბნოებში გადახვეწილი მყუდრო მოღვაწეები, რომლებბაც თავიანთი ცხოვრებისა და შრომის მიზნად დასახული ჰქონდათ შესრულება და გატარება საკუთარ ცხოვრებაში სახარების მოძღვრებისა, იზიდავდნენ მორწმუნეთა გულს და გონებას გაცილებით მეტად, ვიდრე სახელგანთქმულნი მქადაგებლები, მღვდელმთავრები და ეკლესიის გამგენი. ასე იყო ყოველგან და ესევე მეორდებოდა ჩვენშიაც, რადგანაც, ღვთის მადლით, ჩვენც გვყავდნენ სახელოვანი მეუდაბნოენი, ქართველებშიაც იყვნენ ქრისტეს მოძღვრების სამაგალითო გამომხატველნი თავიანთი პირადი ცხოვრებით, ქართველებშიაც იბადებოდნენ მოღვაწენი, რომელთა ანგელოზებრივი მოქალაქეობა აკვირვებდა არა მარტო მათ თანამემამულეებს, არამედ მთელ საქრისტეანოს. ასეთი იყო, სხვათა შორის, ნეტარი მამა ჩვენი ილარიონ ქართველი, რომლის ხსენებასაც ვასრულებთ დღეს. მაგრამ, რა ხსენების შესრულება შეიძლება იქ, სადაც ერს აღარ აქვს ცოდნა, თუ რა დიადობას წარმოადგენდა აღებული დღის წმინდანის პიროვნება ქრისტეს სიყვარულით, ზნეობრივი სიმაღლით, ლმობიერებით, სიბრძნით და სულიერი გამოცდილებით! საღმრთო მსახურების წიგნებში ნეტარი ილარიონი იწოდება ქართველთა „სიქადულად" და ჩვენ კი, სავალალოდ, ვეღარ ვგრძნობთ ამას. ჩვენ აღარაფერს გვეუბნება ამ მამის სახელი, მისი განმაცვიფრებელი ცხოვრება დაგვიმარხავს დავიწყების უფსკრულში და აღარ ვამაყობთ, აღარ ვიქადით ამ სულიერი მშვენებით! დღევანდელი ჩვენი დაკნინება და ზნეობრივი სითახსირე არც ისე მძიმე და გაღრმავებული იქნებოდა, რომ დიდი პატარა კარგად ვიცნობდეთ და ყველას განუშორებლად თვალწინ გვედგას ნეტარი ილარიონის დიდებული ცხოვრების ნათელი სურათი. კახელი დაბადებით და შვილი შეძლებული თავადისა, მეცხრე საუკუნის ბრწყინვალე ვარსკვლავი გონებითა და სულიერი მოღვაწეობით, ღირსი ილარიონი, როგორც მისი ცხოვრების მომთხრობი აღნიშნავს, ექვსი წლისა წყობილობს საღმრთო წერილის სწავლას და ცხრა წლისამ უკვე ზეპირად იცის ახალი აღთქმის დიდი ნაწილი და დაბადების ყოველი ალაგის ახსნა-განმარტება. მართალია, ილარიონი ჯერ სულ ბავშვი და მცირეწლოვანი იყო, მაგრამ, რადგანაც მის მშობლებს აღთქმა ჰქონდათ ღმერთთან მიცემული, რომ თავიანთ შვილს ბერად შეაყენებდნენ, აუშენეს მას სამშობლო სოფელში მონასტერი, რომელშიაც სულ მოკლე დროში შეგროვდა საკმაოდ მოზრდილი კრებული. ილარიონმა თავიდამვე გატაცებული აღფრთოვანებით დაიდგა ბერობის უღელი, სულით და გულით მიეცა ლოცვა-მარხულობის მოღვაწეობას, მთელ დღეებს ანდომებდა ქრისტეზე და სულიერ საკითხებზე ფიქრს, განუწყვეტლად ვარჯიშობდა ღვთის სიტყვის შეთვისებაში და სხვ. ერთი რამ აბრკოლებდა მისი ცხოვრების მიმდინარობის წესს: ილარიონის მამა შვილის სიყვარულის გამო ყოველდღე მიდიოდა მონასტერში და ერთობოდა შვილთან ბაასში. სამძიმოდ ჰქონდა მიჩნეული ეს გარემოება ილარიონს, მაგრამ ვერა გაებედნა-რა მოსიყვარულე მამისათვის და ამის გამო თხუთმეტი წლის მოღვაწე იძულებული შეიქმნა ფარულად გაშორებოდა თავის მონასტერს, იგი გადაიხვეწა დღესაც უდაბნოდ წოდებულ დავით გარეჯის მონასტერში. გარეჯის მონასტერში ღირსმა ილარიონმა თავი შეაფარა ერთ პატარა გამოქვაბულს და ისეთი სასტიკი მხნეობით დაიწყო მოღვაწეობა, რომ უდაბნოს ცნობილი მოღვაწეებიც კი განცვიფრებაში მოდიოდნენ მისი მოთმინებისაგან. ჩქარა მთელს ქართლსა და კახეთს მოეფინა ახალი მოღვაწის სიწმინდის ხმა. ყოველი მხრიდან იწყეს გარესჯისაკენ დენა ილარიონის სანახავად, მოდიოდნენ ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-და რიგების მისაღებად არა მარტო მდაბიონი და საერო წოდების პირები, სულიერ ცხოვრებაში დიდად დახელოვნებული და მაღალხარისხოვანი კაცებიც. ასეთი იყო, მაგალითად, რუისის ერთი ეპისკოპოსი, რომელმაც, როგორც ილარიონის ცხოვრება მოგვითხრობს, ეღირსა რა ილარიონის სახის ხილვას, შემდეგი სიტყვებით მიმართა მას: „მრავლით ჟამთაგან მინდა ხილვაი შენი, შვილო ილარიონ და ღირს ვიქმენ მე, ცოდვილი ესე, მოღებად წმიდისა ლოცვისა შენისა, და ამისთვის უმეტეს ვჰმადლბ ღმერთსა, რომელმან არა ხვებულ მყო სულიერისაგან სიყვარულისა შენისა". ხსენებულმა მღვდელმთავარმა ძალით აკურთხა ილარიონი მღვდელმონაზვნად და, როდესაც დაბრუნა სამწყსოში, ყველას გააგებინა, რა დიდებული სულიერი საუნჯე იფარებოდა ილარიონის პიროვნებაში. ცხადია, ეს გარემოება მეტად გაადიდებდა წმინდანისაგან ლოცვა-კურთხევის მიღების მსურველთა რიცხვს. ამის შემდეგ ილარიონს თითქმის დრო აღარ რჩებოდა მყუდრო მოღვაწეობისათვის. ამის გამო იგი სტოვებს დავით გარეჯის უდაბნოს და მიემგზავრება იერუსალიმს. წმ. მოგზაურმა კრძალულებითა და სასოებით მოილოცა თაბორი, გოლგოთა, ცხოველმყოფელი საფლავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ბეთლემი, ინახულა მდინარე იორდანე, თაყვანისცა მის მიდამოებში არსებულ მონასტრებს და დაისადგურა დიდი საბას ლავრაში. ჩამოთვლილ ალაგებში ღირსმა ილარიონმა დაჰყო შვიდი წელიწადი და იქაც იმდენად არაჩვეულებრივი იყო მისი მონაზონებრივი მოღვაწეობა. რომ დიდებული მეუდაბნოენიც კი თითით უჩვენებდნენ ყველას ამ საოცარ კაცზე და ერთი-მეორესთან ბაასის მთავარ საგნად გაეხადათ ილარიონის პიროვნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ჩაგონებით ილარიონი ისევ უბრუნდება თავის სამშობლოს. აქ აღფრთოვანებით ეგებება მას დედა, გადასცემს გარდაცვალებული მამისაგან დატოვებულ სიმდიდრეს და სთხოვს შვილს პატრონობას. ილარიონი ასრულებს დედის თხოვნას, აარსებს მისთვის დედათა მონასტერს, უწესებს მას სულერი მოღვაწეობისათვის საკუთარ წესს, უჩენს საცხოვრებლად საკმაო საშუალებას და ასე აბარებს მას ღვთის განგებას, ხოლო თითონ ბინავდება ისევ დავით გარეჯის უდაბნოში და მამისეულ სიმდიდრეს ალევს როგორც ამ წმ. მონასტრის შემკობა-გამშვენებას, ისე მრავალ საქველმოქმედო საქმეებს. ქართლ-კახელებმა ჩქარა შეიტყეს წმ. ილარიონის დაბრუნების ამბავი, ყველანი აღივსნენ საღმრთო სიხარულით და ზღვის ტალღებივით აზვირთდნენ მისგან ლოცვა-კურთხევის მიღების მსურველთა ჯგუფები. დიდმა და პატარამ დაიწყო ნატვრა, რომ ქართველთა მღვდელმთავრად გამხდარიყო წმ. ილარიონი. მორჩილობისა, თავდაბლობისა და მყუდროების მოტრფიალე ღირსი მამა ისე შეშინდა ამ ხმებით, რომ სამუდამოდ დატოვა სამშობლო და გაემგზავრა საბერძნეთს იმ ფიქრით, რომ იქ დარჩებოდა შეუმჩნევლად და იმოღვაწებდა მყუდროებაში. მაგრამ არ გამართლდა ილარიონის მოლოდინი: უცხოეთშიაც ჩქარა გამომჟღავნდა მისი ვინაობა და უფრო მეტად დაუწყეს მას ქება-დიდება. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ილარიონმა და მისმა თანამგზავრმა ორმა ქართველმა ბერმა მიაღწიეს ულუმბოს მთას: იქ ერთ მივარდნილ კუთხეში იპოვეს მიტოვებული პატარა ეკლესია და დაღლილებმა დაისადგურეს მასში. შაბათ დღეს მახლობელი მონასტრიდან მოვიდა აღნიშნულ ეკლესიაში ბერი კანდლების ასანთებად. მოსულს დიდად გაუკვირდა უცხოელების ნახვა, შენიშნა მათი სიღარიბე, იგრძნო გულით მათი უმწეობა და სიჩქარით მოართვა მათ გამხმარი პური და დამბალი ცერცვი. ილარიონმაც იგრძნო უცნობი ბერის გულკეთილობა, შეეხვეწა მას სეფისკვერისა და ზადაშის მოტანას წირვის შესასრულებლად კვირა დღეს. ბერმა ეს თხოვნაც ხალისით შეუსრულა ილარიონს და, როგორც დავალება აქვთ საბერო მორჩილებას, ყველაფერი ეს აცნობა ბერმა თავის წინამძღვარს. უკანასკნელი დიდად გაურისხდა ბერს: ,.ვინ იცის, სადაურები და რა სჯულის მიმდევრებია ის უცხოელები, როგორ გაბედე მათი შეშვება ეკლესიაში და წირვის ნებართგის მიცემა? ეხლავე გააძევე იგინი ჩემი მონასტრის მიდამოებიდანო", მრისხანებით უბრძანა ბერს გულმოსულმა წინამძღვარმა. მაგრამ, ვიდრე ბერი შეასრულებდა წინამძღვრის ბრძანებას, უკანასკნელს გამოეცხადა ძილში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მკაცრი ბრძანებით: „როგორ კადნიერობ, შე უბედურო, იმ უცხოელების გადენას ულუმბოს მთიდან? ისინი მოიყვანა აქ ჩემი ძის მტკიცე სიყვარულმა. უწყოდე, ამ მთაზე მრავალნი იცხოვრებენ მათი ენით მოუბარნი და ვინც მათ არ შეიგუებს, ვინც მათი მტერი და შემავიწროებელი იქნება, ჩემი მტერი და მდევნელი იქნება, რადგანაც მათი ერი ქრისტეს სახელისთვის თავდადებულობის გამო საკუთრად მე ჩამაბარა დასაფარად ძემან ჩემმან უფალმა იესო ქრისტემო". ამ გარემოებამ აუხილა თვალები როგორც ხსენებულ წინამძღვარს, ისე საერთოდ ულუმბოს მთაზე მყოფ მოღვაწეებს ილარიონ ქართველის პიროვნებაზე და ყველამ განცვიფრებით დაუწყო თვალყურის დევნება მისს ანგელოზებრივ მოღვაწეობას. ილარიონის სპეტაკ გულს მაგნიტივით იზიდავდნენ საქრისტეანო სიწმინდენი, ამიტომ ულუმბოდან იგი წავიდა კოსტანტინეპოლს ცხოველმყოფელი ძელის თაყვანისაცემლად და კოსტანტინეპოლიდან გაემგზავრა რომს თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს საფლავის მოსალოცად. დაკმაყოფილებული მით, რომ თაყვანისცა ყველა წმ. ალაგებს და სალოცავებს, ღირსი ილარიონ ქართველი დაბინავდა საბერძნეთის ქალაქ თესალონიკეში, თავის საკუთარ მონასტერში, რომელიც მას აუშენა ნიშნად სულიერი სიყვარულისა და პატივისცემისა თესალონიკეს მთავარმა. ამ მონასტერში აღესრულა ღვთის სათნო ილარიონი 882 წელსა ნოემბრის 19-სა. მაგრამ გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტი დიდებით შემოსა უფალმა ნეტარის სახელი. დღე არ გავიდოდა, რომ ილარიონის საფლავზე სასწაულებრივი კურნება არ მომხდარიყო; სასწაულების მნახველებს და მოწაფეებს გაჰქონდათ ეს ამბავი ერში და ფენდნენ მთელს საბერძნეთს. სხვათა შორის, ამ ამბებით მეტად გაკვირვებული იყო საბერძნეთის მეფე ვასილ მაკედონელი. ბოლოს ხსენებულმა მეფემ მიიღო ვრცელი წერილობითი მოხსენება წმ. ილარიონის საფლავზე მომხდარ საკვირველებათა შესახებ როგორც სალონიკეს მთავრისაგან, ისე მთავარ ეპისკოპოსისაგან. ამ მოხსენებებმა ისე ძლიერად იმოქმედა მეფეზე, რომ მან დაუყოვნებლივ შეკრიბა სამეფოს მმართველობის მთავარი მოხელეები და გაუზიარა მათ მოხსენების შინაარსი, როგორც სახეში მისაღები და დიდად საყურადღებო გარემოება. მოხდა ისე, რომ ამავე დროს, ხსენებულ მეფეს დაბარებული ჰყავდა თავისთან სასახლეში ულუმბოს მთის ყველა წინამძღვარი. როდესაც დაბარებულნი შეგროვდნენ, მეფემ იმათაც აცნობა საკვირველი ამბები ილარიონის შესახებ, რომლებიც მას ყოველდღე მოსდიოდა თესალონიკედან. მსმენელთა შორის იყო ის წინამძღვარიც, რომელიც ფიქრობდა ილარიონის გაძევებას ულუმბოდან და რომელსაც ამის გამო გამოეცხადა დედა ღვთისა. ამ პირმა დაწვრილებით უამბო მეფეს და კრებას ილარიონის საკვირველი ცხოვრება ულუმბოს მთაზე. მეფე, დიდათ გაკვირვებული გაგონილით, შეეკითხა წინამძღვარს, თუ დარჩა ილარიონს ულუმბოზე მოწაფეებიო? დადებითი პასუხის მიღების უმალ, მეფემ გაგზავნა ულუმბოზე ქართველ ბერებთან კაცები და დაიბარა თავისთან. ჩქარა მეფეს წარუდგნენ წმ. ილარიონის მოწაფენი. მეფე სასოებით შეეგება ქართველ ბერებს, მოწიწებით ემთხვია მათ მარჯვენას, სთხოვა, რომ შეევედრებინათ ღვთისადმი როგორც ის პირადად, ისე მისი სამეფო და თვითონ კი მადლობდა უფალს, რომ ღირსი შეიქმნა ასეთი საღმრთო გვამების ხილვისა. ულუმბოდან მოსული მამები მეფემ გაუგზავნა კოსტანტინეპოლის მაშინდელ პატრიარქს წმ. ეგნატეს წერილით: „იხილე კაცნი, ანგელოზთა სწორნი და მიიღე ლოცვა მათი". პატრიარქს დიდად გაუხარდა მამების ხილვა, ძმებსავით მოიკითხა ისინი, გაუმართა მათ ხანგრძლივი ბაასი სასულიერო საგნების თაობაზე ეპისკოპოსთა თანდასწრებით და იცნო რა მათი მაღალი განათლება და სულიერება, მიმართა ეპისკოპოსებს: „ჭეშმარიტად, ესენი არიან სულიერნი საუნჯენი, რომელთა მპარავი არა შეეხების. ამათმან ხილვამან დღეს დიდი მადლი მომანიჭა მე"... ნიშნად უღრმესი სულიერი სიყვარულისა ვასილ მეფემ კოსტანტინეპოლის მახლობლად გაუმართა ქართველ მამებს დიდებული მონასტერი, სავსებით მიენდო მათ ლოცვას და მათ მზრუნველობის ქვეშ დააყენა თავისი ორი ვაჟი ლეონი და ალექსანდრე ასეთი ვედრებით: „ლოცვა ჰყავთ ამათთვის, წმინდანო მამანო, და ასწავეთ წიგნი და ენა თქვენი, რათა იყვნენ ეგე შვილნი ლოცვისა თქვენისანი". მეფე ვასილს განუსაზღვრელი სასოება ჰქონდა წმ. ილარიონზე; იგი დღე და ღამ იმის ფიქრში იყო, რომ როგორმე გადმოესვენებინა ილარიონის წმ. გვამი თესალონიკედან კოსტანტინეპოლში. ხანგრძლივი ლოცვისა და ფიქრის შემდეგ სათნო მეფემ აახლა თესალონიკში წმ. ილარიონის გვამს, როგორც ცოცხალს, ელჩები შემდეგი წერილით: „ვასილი მეფე ცოდვილი, მონა ცათა მეუფისა, გევედრები, წმიდაო მამაო ილარიონ, აღმოვედ ქალაქად სამეუფოდ; დაღაცათუ არა ღირს-ვიქმენ პირის-პირ ხილვად შენდა, გარნა აწ ღირს-მყავ ამბორის-ყოფად წმიდათა ნაწილთა შენთა, და იხაროს ქალაქმან ამან სამეუფომან შემთხვევითა მათითა და მადლი შენი იყავნ ჩვენთანა". მეფეს შეუსრულდა გულითადი სურვილი მხოლოდ იმ სახით, რომ ღირსმა ილარიონმა აირჩია თავის წმინდა გვამის განსასვენებლად ახალი სავანე თავისი მოწაფეებისა კოსტანტინეპოლის მახლობლად. ასე პატივს სცემდნენ ნეტარ ილარიონს და მის მოწაფე ქართველებს არა მარტო ქართველები, არამედ ყველანი, ვინც კი მათ ეცნობოდა; პატივს სცემდნენ არა მარტო დაბალნი და უსწავლელნი, სახელოვანი ერების მეფეებიც და პატრიარქებიც! ბერებს კი არა, განათლებული ერების მეფეებსაც კი ბედნიერებად მიაჩნდათ ამ ღვთის მადლით აღვსილ პირებთან სიახლოვე, მათთან ურთიერთობის დაჭერა, ეროვნულად დაახლოვება, მათი ენის შესწავლა და შეთვისება! სადღაა დღეს ყველაფერი ეს? ვისღა უნდივართ დღეს ჩვენ და ჩვენი ენა? ღირსო მამაო ილარიონ, ჩაგვბერე ჩვენ, შენს უღირს შვილებს, შენი მაღალი სული, რომ შენებრ ვაცოდინოთ ყველას ღირებულობა ქართველობისა და ქართული ენისა! ამინ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1507 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |