ბიბლია "წიგნთა წიგნი”
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"ადამიანმა რომ შეიცნოს საკუთარი თავი, ამისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის შესწავლას. ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოადგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული. გვიჩვენებს მის დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არც ამცირებს პიროვნებას, არამედ წარმოგვიდგენს მას ისეთს, როგორადაც ხედავს ადამიანს მისი შემოქმედი ღმერთი ყოვლის მხილველი.
ბიბლია ხსნის ჩვენი სულის უფაქიზეს შრეებს, თვალნათლივ გვიჩვენებს შედეგს ცოდვისა და ბოროტებისა, შედეგს სიყვარულისა და სიკეთისა, გვიჩვენებს მარადიულ და წარმავალ ღირებულებებს.
ვინც დაკვირვებით კითხულობს წმიდა წერილს და სარწმუნოებით ცხოვრობს, მან იცის, რომ მარადიულისათვის უცხოა სიხარბე, იქ არ არის განყოფა ჩემსა და შენს შორის. ის ხედავს, როგორ შორდება ყოველივე საუკეთესო, კეთილშობილური ხარბ, თავისთავისმოყვარე სულს, რომელიც მარტოდმარტო იწვის დაუკმაყოფილებელი ეგოიზმის ცეცხლში. ეს ჯოჯოხეთური წვა არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. ბოლოსდაბოლოს იფერფლება თვითონ ადამიანი, მისი სინდისი და სამარადისოდ იღუპება სული მისი.
ასეთი ადამიანები ვიწრო ინტერესებით ცხოვრობენ. მათთვის უცხოა ამაღლებული გრძნობები. ჭეშმარიტად, დიადი აღმოჩენების სიხარული არასოდეს ეძლევა მათ, ვინც ცდილობს იგი თავისი ინტერესებისა და კეთილდღეობისთვის გამოიყენოს. და პირუკუ, ის, ვინც ივიწყებს თავისას და სხვებზე ზრუნავს, ზრუნავს მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა, ავადმყოფთა, ობოლთა და საერთოდ გაჭირვებულთათვის, სანაცვლოდ იღებს ისეთ სიხარულს და ღვთის ისეთ წყალობას, რომელსაც ვერ შეედრება ვერანაირი მიწიერი კეთილდღეობა”.
ბიბლია ბერძნულად წიგნებს ნიშნავს. იგი არის იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების "საღვთო” წიგნების კრებული. შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან. ქრისტიანობა ცნობს ბიბლიის ორივე ნაწილს, იუდაიზმი კი მხოლოდ ძველ აღთქმას.
ბიბლია იწერებოდა 1600 წლის მანძილზე, წერდა 60 თაობა, წერდა 40-ზე მეტი ავტორი, სხვადასხვა სოციალური ფენიდან: მეფე, გლეხი, ფილოსოფოსი, მეთევზე, პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი და ა.შ. მათ შორის:
პეტრე – მეთევზე;
ამოსი – მწყემსი;
ისუ ნავესი – მხედართმთავარი;
ნეემია – მწდე (მეღვინე);
დანიელი – პრემიერ-მინისტრი;
ლუკა – მკურნალი;
სოლომონი – ექიმი;
მათე – მეზვერე;
პავლე – რაბინი.
ბიბლია იწერებოდა სხვადასხვა ადგილას:
მოსე წერდა უდაბნოში;
იერემია – საპყრობილეში;
დანიელი – კლდის ქიმზე და სასახლეში;
პავლე – ციხეში;
ლუკა – მოგზაურობისას;
იოანე – კუნძულ პატმოსზე;
სხვები – ომის დროს.
იწერებოდა სხვადასხვა განწყობილებით: ხან უზომო სიხარულით, ხანაც მწუხარების ჟამს.
იწერებოდა სამ ენაზე: ებრაულად, არამეულად, ბერძნულად.
ბიბლიის თემატიკა ასეულობით საკითხს მოიცავს, რომელიც კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ყველა საკითხი ერთმანეთთან თანხმობაშია, რადგან მთლიანად, შესაქმიდან აპოკალიფსამდე, მოიცავს ერთ ისტორიას: ღმერთის მიერ ადამიანის გამოხსნას.
გაისლერი და ნისკი ბიბლიის ერთიანობის იდეას ასე აყალიბებენ: "შესაქმის "დაკარგული სამოთხე” აპოკალიფსში "დაბრუნებულ სამოთხედ” იქცევა. შესაქმეში ცხოვრების ხისკენ მიმავალი კარები იხურება, აპოკალიფსში კი მარადიულად ღიაა”.
ძველი აღთქმა
ძველი აღთქმის (39 წიგნი) დიდი ნაწილი დაწერილია ძველ ებრაულ ენაზე. მხოლოდ ზოგიერთ, შედარებით გვიანდელ წიგნში (ეზრასი და დანიელისა), გვხვდება მცირე ჩანართი არამეულ ენაზე. ძველი აღთქმა შედგენილობის მხრივ მეტად სხვადასხვაგვაროვანი კრებულია; შეიცავს ისტორიულ დოკუმენტებს, ხალხური მითებისა და ლეგენდების ჩანაწერებს, სხვადასხვა ეპოქისა და სოციალურ ფენათა მსოფლმხედველობის ამსახველ იურიდიულ დოკუმენტებს, განსხვავებულ რელიგიურ კულტებთან დაკავშირებული რიტუალების ამსახველ ტექსტებს, რელიგიისა და ლირიკული პოეზიის ნიმუშებს. ამ ნაირგვარი მასალის შეკრება, რედაქცია და კანონიზაცია მჭიდროდ უკავშირდება ძველ ებრაული მონოთეისტური რელიგიური კონცეფციის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. საბოლოო სახე ებრაულმა ძველმა აღთქმამ საკმაოდ გვიან მიიღო. მისი კანონიზაცია დაიწყო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ – ძვ. წ. V საუკუნისა და დამთავრდა დაახლოებით ახ. წ. II საუკუნეში.
მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის რედაქტორები ტექსტის გაერთიანებისას ცდილან მთლიანად მოეშალათ პირვანდელი სხვაობანი, წიგნს მაინც ახასიათებს შინაარსობრივი, ენობრივ-სტილისტური და ჟანრობრივი სიჭრელე. ძველ აღთქმას ებრაულად ერთიანი სათაური არა აქვს, იგი სამ ნაწილად იყოფა. პირველს ეწოდება კანონი, ებრაულად "თორა”, მის შედგენას ტრადიცია მოსეს მიაწერს, შედგება ხუთი წიგნისაგან – დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე სჯული. მეორე ნაწილია წინასწარმეტყველნი. მასში შედის წიგნები – ისუ ნავესი, მსაჯულთა, სამოელის პირველი და მეორე წიგნი (ქართულად მეფეთა პირველი და მეორე), მეფეთა პირველი და მეორე (ქართულად მეფეთა მესამე და მეოთხე) წიგნი, ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა და 12 მცირე წინასწარმეტყველისა – ოსიასი, იოელისა, ამოსისა, ობადიასი, იონასი, მიქეასი, ნაუმისა, ამბაკუმისა, სოფონიასუ, ანგეასი, ზაქარიასი და მალაქიასი. მესამე ნაწილში, რომელსაც ებრაულად დაწერილები ეწოდება, შედის ფსალმუნნი, სოლომონის იგავები, იობის წიგნი, ქებათა ქება, იერემიას გოდება, ეკლესიასტე და წიგნები ესთერისა, დანიელისა, ეზრასი, ნეემიასი და ნეშტთა (პირველი და მეორე). ქრონოლოგიური ზღვარი ძველი აღთქმის ცალკეულ ნაწილებს შორის მეტად დიდია.
ახალი აღთქმა
ქრისტიანებმა 27 წიგნი დაამტეს, რომელსაც ახალი აღთქმა ჰქვია. იგი ბერძნულად დაიწერა და შეიცავს ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებას, რომელიც თავმოყრილია ოთხ სახარებაში, ბერძნულად "ევანგელე”. მას მოსდევს "საქმე მოციქულთა” და მოციქულ პავლესა და სხვათა წერილები (ეპისტოლეები), რომლებიც მოგვითხრობენ პირველი ეკლესიის ისტორიას.
ქართულად ბიბლია პირველად, ქრისტიანობის გავრცელებიდან მალევე, IV–V საუკუნეებში ითარგმნა. ამ პერიოდის მთარგმნელთა ვინაობა უცნობია, რადგან ისინი სახელის მოუხსენებლად იღვწოდნენ.