როგორ ბაძავს ბოროტი ღმერთს?
საზოგადოებაში გამრავლებული ბოროტების კვალდაკვალ, ხშირად გვესმის, რომ უკვე მოახლოვდა ბოლო ჟამი. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია კემულარია
– მამა ანდრია, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ აშკარაა ბოლო ჟამის ნიშნები, თქვენ რას იტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით და, კერძოდ, რა ნიშნებზეა საუბარი?
– ბოლო ჟამი ის თემაა, რომელზეც დღეს ყველაზე მეტს საუბრობენ. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს კარგია. წმიდა მამებიც მოგვიწოდებენ, მოვუყვეთ სხვებს ბოლო ჟამის ნიშნებზე, მაგრამ ამ თემაზე საუბარი საკმაოდ დიდ სულიერ საშიშროებას შეიცავს. წმ. იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადება არის ბოლო წიგნი წმიდა წერილისა, რომელიც მოგვითხრობს კაცობრიობის მიწიერი ისტორიის დასასრულისა და მარადიული ცხოვრების დასაწყისის მოვლენებზე. ის აცოცხლებს ჩვენში სარწმუნოებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვცდილობთ ვიცხოვროთ იმით, რაც წერია წინა წიგნებში – სახარებაში, მოციქულთა ეპისტოლეებში. დღეს კი შეიმჩნევა ძალიან საგანგაშო მდგომარეობა: აპოკალიფსზე საუბრობენ ადამიანები, რომელთაც ძალიან ცოტა რამ თუ გაუკეთებიათ საკუთარი სულის გადასარჩენად. ქვეყნის აღსასრული იქცა თემად, რომელიც ადამიანებს უცნაური, გლობალური და საშინელი მოვლენების აღწერილობით იზიდავს. თან ეს არის ის, რაც უნდა მოხდეს. მომავალზე საუბარი კი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა და უკანასკნელი ჟამის მოვლენებზე აქტიურ მოსაუბრეებს აქვთ ერთგვარი განცდა იმისა, რომ ფლობენ იდუმალ ცოდნას, რომელსაც უზიარებენ სხვას და რომელიც არის ამავდროულად წინასწარმეტყველება. ეს ამპარტავნების ნიშანია და არის სწორედ ის, რის გამოც ვერ გადარჩება ადამიანი. არადა, სასწაულთმაძიებლობის მანკიერი თვისების გამო მრავალი ადამიანი სწორედ ასეთი ცოდნის შეძენისაკენ ილტვის. ამიტომაც არის სავსე რელიგიური ლიტერატურის მაღაზიები აპოკალიფსური ლიტერატურით. დღეს (თუმცა, არა მხოლოდ დღეს) თავი იჩინა საშიშმა ტენდენციამ იმისა, რომ ცალკეულ ეთნოსებსა თუ პოლიტიკურ ერთეულებს მიენიჭოს უეჭველი გადარჩენის პრეროგატივა. ეს ადუნებს ერის სულიერ სიფხიზლეს და ამით ამ იდეის მოქმედება სულიერ ნარკოტიკს უფრო წააგავს, ვიდრე დამაიმედებელ და გამამხნევებელ ეროვნულ იდეას. მას, ვინც ნამდვილად ეძებს ხსნას, ყოველთვის ახსოვს, რომ მისი პირადი შეხვედრა უფალთან მოხდება მაშინ, როცა გავა ამასოფლიდან. ასეთი ადამიანი ცდილობს იცხოვროს ისე, რომ მოიხვეჭოს უმთავრესი სულიერი სათნოება – სიმდაბლე. ასეთი ადამიანები ნაკლებად საუბრობენ ქვეყნის აღსასრულზე, უფრო მეტად კი მათი ფიქრებისა და სიტყვების თემა არის სინანული, ვნებებთან ბრძოლა. განსაკუთრებით კი ასეთი კეთილგონიერი ადამიანისათვის დამახასიათებელია ლოცვისაკენ სწრაფვა, გულმოდგინება ლოცვასა და ეკლესიურობაში. ბოლო ჟამის ნიშნები უფრო და უფრო ძლიერდება. აღსასრულის მოახლოების ერთ–ერთი ნიშანი არის სწორედ ბოლო ჟამზე მომეტებული საუბრები მათ მიერ, ვინც თავად ვერ არიან განწმედილი სულის, ღმრთივგანათლებული გონების მქონენი. სწორედ ამპარტავნების აღზევება არის აღსასრულის მოახლოების ნიშანი. აღსასრულის წინა პერიოდისათვის დამახასიათებელია ტრადიციული ღირებულებების ნგრევა, ცოდვისა და უსჯულოების გავრცელება და მისი დაკანონება ადამიანთა საზოგადოების მიერ, ოჯახის ინსტიტუტის დაკნინება. ვფიქრობთ, ამის მაგალითების მოსაძიებლად შორს არ გვიწევს წასვლა. ბოლო ჟამის ადამიანს ასე ახასიათებს წმიდა მოციქული პავლე: „ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანასკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყვარე, ვეცხლის მოყვარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა–დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყვარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზვავებულ, გულის თქმის მოყვარე უფროს, ვიდრე ღმრთის მოყვარე. აქვნდეს ხატი ღმრთის მსახურებისა და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ". უმთავრესი კი, რომელსაც წმიდა წერილი გვაუწყებს, არის სიყვარულის განელება. „განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა", – ბრძანებს მაცხოვარი.
– საზოგადოებაში ჩნდება აზრი, ბოლო ჟამის შესახებ წმიდა მამებიც საუბრობდნენ, თითქოს ახლოს იყოს ეს დრო, მაგრამ ჯერ კიდევ მოლოდინში ვართ...
– ბოლო ჟამი შეიძლება ეწოდება იმ პერიოდს, რომელიც დაიწყო მაცხოვრის განკაცებისა და ჯვარცმის შემდეგ. მოვიდა ხსნა და აწ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ვისთან ყოფნას ავირჩევთ. ამავე დროს, უფრო და უფრო იხვეწება ბოროტის მზაკვრობა, ძლიერდება ბოროტება დედამიწაზე. ხედავდნენ რა ამას, წმიდა მამები გვაუწყებდნენ, რომ ახლოვდება აღსასრული სოფლისა. თუმცა არც ერთ მათგანს არასდროს უთქვამს თუნდაც მიახლოებითი თარიღი. ისინი მიგვითითებდნენ მოვლენებზე და მართლები იყვნენ იმაში, რომ ნიშნების მომრავლებით ასკვნიდნენ ბოლო ჟამის სიახლოვეს. ეს ნიშნები მეტად მომრავლდა დღეს, თუმცა ვერავინ გაკადნიერდება და იტყვის, რომელ წელს შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი – ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია გვახსოვდეს საკუთარი აღსასრული, რათა მოვემზადოთ საშინელი სამსჯავროსათვის.
– ცნობილია, რომ მეორედ მოსვლამდე მოხდება ანტიქრისტეს გამეფება. ვინ იქნება ანტიქრისტე და რა სახით გაცხადდება იგი კაცობრიობის წინაშე? ადვილად მივხვდებით თუ არა მის სიცრუეს?
– ანტიქრისტე იქნება პიროვნება, რომელიც წუთისოფელს გამოეცხადება როგორც მესია. წარმომავლობით ის იქნება ებრაელი, დანის მოდგმიდან. როგორც წმიდა მამები გვაუწყებენ, კაცობრიობა წინასწარ იქნება შემზადებული მის მისაღებად გაუთავებელი ეთნიკური და რელიგიური ქიშპობებით, ომებით, ცოდვის გავრცელებით, ჭეშმარიტებისგან კაცთა მოდგმის საყოველთაო განდგომით. ანტიქრისტე ადამიანებს ცრუ სასწაულებით მოხიბლავს, რომელთა მიზანი იქნება ეფექტის მოხდენა და ადამიანების დარწმუნება მის ზებუნებრივ წარმომავლობაში. რაკი მის ხელში იქნება ამსოფლის მართვის სადავეები, მას შეეძლება პოლიტიკური მშვიდობის დამყარება. ის გამეფდება 30 წლის ასაკში და იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ რელიგიური ლიდერიც. გამეფდება როგორც მთელი კაცობრიობის მიერ არჩეული მეფე. ეს არჩევანი არ იქნება გაყალბებული, არამედ ადამიანები მას მართლაც შესთხოვენ იყოს მათი მეფე, რათა ჰქონდეთ მშვიდობა. მაგრამ ის ვერ მართავს კაცობრიობას, ვერ მოუტანს მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას. გამეფებისთანავე გამოჩნდება მისი უკეთურება, რადგან, როგორც მაცხოვარი იყო განკაცებული ღმერთი, მსგავსადვე ანტიქრისტე იქნება განკაცებული სატანა. ის ვერ მისცემს ხალხს იმას, რასაც მოელოდნენ, არამედ მოითხოვს მისდამი მორჩილებასა და მონობის ნიშნად საგანგებო ბეჭდითაც აღბეჭდავს მათ. იქნება შიმშილი. ადამიანთა გაბოროტება არნახულ ფორმას მიიღებს. სამწელიწადნახევარს გასტანს ანტიქრისტეს მეფობა, მაგრამ ეს იქნება საოცრად მძიმე პერიოდი, რომლის მსგავსი არ უნახავს წუთისოფელს. იქნება დევნა ქრისტეანეთა. დასასრულს კი უფალი გარდამოავლენს ზეცად ცოცხლად აღტაცებულ წინასწარმეტყველ ელიას. ის ამხელს ანტიქრისტეს და ამით განამტკიცებს მერყეობაში მოსულ მორწმუნეებს. ანტიქრისტე მოკლავს მას, მაგრამ მესამე დღეს აღსდგება. აი, მაშინ იწყება მაცხოვრის მეორედ მოსვლა. ამ მოვლენებზე საკმაოდ უთქვამთ წმიდა მამებს და აწ არ ღირს გამეორება, რათა არ იქცეს ჩვენი სიტყვა მხოლოდ ემოციების აღმძვრელად. უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვიცოდეთ, როგორ შეძლებენ ადამიანები ბოროტის საცდურის ცნობას და საუკუნო სასუფეველისათვის მომზადებას. ვერავინ შეიცნობს ანტიქრისტეში ბოროტს მათ გარდა, ვისაც ექნება ღმრთისაკენ მიმართული გული. ჭეშმარიტი ნათელი გონიერება განწმედილი სულის თვისებაა და არა ლოგიკური აზროვნების უნარი. ჩვენ ვხედავთ, როგორ რჩებიან დაბნეულობაში ლათინები, პროტესტანტები. მათ შორის არიან განსწავლული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეისწავლონ წმიდა წერილი. მაგრამ ვერ წვდებიან ჭეშმარიტებას, რადგან არ ცდილობენ გულის განწმედას მამათა მიერ ნაანდერძევი ღმრთივკურთხეული გზით. მხოლოდ წმიდა გულის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნათელი, ამპარტავნებით შეუბღალავი გონება და მხოლოდ ასეთი გონებით შესძლებს ადამიანი ანტიქრისტესა და მისი ნიშნების ცნობას. მაგრამ რაკი ასეთი ადამიანები ძალიან მცირედ იქნებიან, ძირითადი ნაწილი კაცობრიობისა ვერ შეიცნობს ბოროტს. ამ მდგომარეობამდე ადამიანს თავად მიჰყავს თავი ჭეშმარიტებისადმი ურჩობით. მართალია, ანტიქრისტე ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ დღეს მისი სული იწყებს მეფობას, ანუ მძლავრდება საზოგაოდებაში მის მისაღებად მომამზადებელი ცნობიერება. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო გადის მისი მიღების ექსპერიმენტს, ან რეპეტიციას.
– მამა ანდრია, საინტერესოა, როგორ მოხდება ბიოჩიპებით ადამიანთა დაბეჭდვა? და ახლა რა სტადიაშია ეს პროცესი?
– როცა ე.წ. ჩიპირების პრობლემას ვახსენებთ, უნდა დავფიქრდეთ და კარგად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე. ანტიქრისტეს ბეჭედი ნებაყოფლობითი იქნება. არჩევანის თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც ცოდვა და არც სათნოება. შეუძლებელია ადამიანმა შემთხვევით მიიღოს ანტიქრისტეს ნიშანი. ეს შემთხვევითობა უმეცრების შედეგია, რომელიც თავის მხრივ ცხოვნებისაკენ, ეკლესიურობისაკენ მიმართული ნებელობის არქონიდან გამომდინარეობს. ასე რომ, ამ საკითხში უმეცრება ადამიანის თავისუფალი არჩევანია. იქნება თუ არა სხეულში ჩაკერებული ჩიპი – ანტიქრისტეს ბეჭედი? ამას გვაჩვენებენ ის პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაში ჩაეკერება ადამიანს ჩიპი და ის შედეგი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მის არმიღებას. თუ პირობა იქნება ლოიალური დამოკიდებულება მსოფლიო მმართველისადმი და არმიღების შედეგი – ყიდვა–გაყიდვის შეუძლებელობა, შეგვეძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს უკვე ანტიქრისტეს ბეჭედია. ჯერჯერობით ასე გარკვევით ვერავინ იტყვის. მაშ რა შეიძლება იყოს ჩიპი სხეულში? რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური კონტროლის სისტემაში მონაწილეობა. ეს არცთუ ისე უწყინარი რამ არის. ვის სჭირდება ჩვენი გაკონტროლება, რისთვის, რას მოუტანს მსოფლიოს ეს სისტემა?! კარგს ნამდვილად ვერაფერს. მართალ ადამიანს ნაკლებად აქვს რამე დასამალი, მაგრამ ინფორმაცია მასზე – მისი მართვის აუცილებელი პირობაა. წმიდა მამები ეშმაკს ღმრთის მაიმუნს უწოდებენ. ბოროტი ისე ბაძავს ღმერთს, როგორც მაიმუნი ადამიანს. გლობალური კონტროლის სისტემა არის მცდელობა იმისა, რომ მომავალი მმართველისათვის შეიქმნას, ასე ვთქვათ, ყოვლისმხედველი თვალი, რომელიც შეაძლებინებს ანტიქრისტეს, ჰგავდეს ყოვლისმცოდნე და გულთმხილველ ღმერთს. მის მოსვლამდე კი ამ სისტემის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას აძლევს გარკვეულ წრეებს, დაგეგმონ მასებზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტური ფორმები. ამიტომ ყოვლად მიუღებელია ქრისტიანი ატარებდეს სხეულით გლობალური კონტროლის საშუალებას. დღეს დიდი აჟიოტაჟია ჩიპებთან და პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებით. მაგრამ მრავალი ივიწყებს, რომ ყოველი ჩვენგანი ისედაც გარკვეული ფორმით კონტროლის ქვეშაა.
– საინტერესოა, ვინ გადარჩება და როგორ?
– გადარჩება მორწმუნე, ეკლესიური ადამიანი. არა ეკლესიაში მოსიარულე, არამედ ეკლესიური ცნობიერების მქონე. არა მრავალი სანთლის დამნთებელი, არამედ მონანული. არა თავით თვისით ბრძენი, არამედ წმიდა მამათა კვალზე მავალი. სხვა შემთხვევაში ადამიანი ვერ ცნობს დროს.
– როგორ დალოცავთ საქართველოს?
– თანამედროვეობის ერთ–ერთი უდიდესი მოძღვარი არის მამა პაისი ათონელი. ერთხელ მასთან მისულებთა თხოვეს: „მამაო, გვითხარი რამე ანტიქრისტეზე". „მოდით, ჯერ ქრისტეზე ვისაუბროთ", – იყო პასუხი. ვუსურვებ ქართველ ერს, რომ მეტი იფიქროს და ისაუბროს ქრისტეზე, ჯვარზე, საშინელ სამსჯავროზე, წუთისოფელში პირად მისიაზე. ქრისტე არს ჩვენს შორის! არს და იყოს!